სხვა

კრივი

ჩამსვეს ძალით, შენ წადიო - რუსეთში გამართულ ბრძოლაში აფხაზმა მოკრივემ ქართველი დაამარცხა

AutoSharing Option
რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში ბრძოლა გაიმართა, სადაც ერთმანეთს აფხაზი და ქართველი მოკრივეები დაუპირისპირდნენ.

იგორ ადლეიბამ საქართველოს სახელით მოასპარეზე მიხეილ ავაკიანი დაამარცხა.

აფხაზური მხარე აღნიშნულ გამარჯვებას ძალიან გახარებული შეხვდა და გულშემატკივარს ეს ამბავი სოციალური ქსელის მეშვეობით აცნობა.

Sportall.Ge

თავად ადლეიბამ კი ბრძოლის შემდეგ განაცხადა:

"თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ახლა სახლში წასვლა და დასვენება მინდა. ძალიან ბევრი პოზიტიური ემოცია მივიღე. ამ ბრძოლისთვის თვე-ნახევარი ვემზადებოდი.

შემიძლია ბრძოლა ნებისმიერ რაუნდში დავასრულო, ამჯერად კი გეგმა ბოლო რაუნდამდე გამარჯვების მოპოვება იყო".

საინტერესოა, რომ საქართველოს სახელით არა ავაკიანი, არამედ
მერაბ თურქაძე უნდა გამოსულიყო, თუმცა მას ვიზის პრობლემა შეექმნა და ბრძოლაზე სხვა მოკრივე გაემგზავრა.

ამის შესახებ ავაკიანის კომენტარს ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს.

"მე ვცხოვრობ საქართველოში. ორმაგი მოქალაქეობა მაქვს. საქართველოს სახელით გამოვდიოდი. თურქაძის ვიზა არ ესწრებოდა და მე ჩამსვეს ძალით, შენ წადიო. მითხრეს ისიც, რომ წონაში უნდა დამეკლო. დავიკელი. სხვა რა გზა მქონდა. ფიზიკური დატვირთვა მქონდა დიდი. ცოტა შარდმდენი წამლებიც დავლიე", - თქვა მიხეილ ავაკიანმა და დასძინა, რომ ერთ დღეში ექვსი კილოგრამის დაკლება შეძლო.

ავაკიანმა ასევე აღნიშნა, რომ სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთისგან შორს არის. ის საქართველოშია დაბადებული და ამ ქვეყნისთვის გამოსვლა საამაყოა.

რაც შეეხება შეჯიბრის ამ სახეობას, ის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კერძო ინიციატივას წარმოადგენს და პროფესიული კრივის (სამოყვარულო კრივი) მიმართულებაა, რომელსაც არ აღიარებს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან არსებული სპორტული ორგანიზაციების აღიარებისა და დაფინანსების საბჭო, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, ასევე, არც კრივის საერთაშორისო ფედერაცია და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი.