სხვა

კრივი

მოკრივე წარმოდგენისთვის? - ენტონი ჯოშუას მეტოქე ცნობილია

AutoSharing Option
დღეს, 30 აპრილს ცნობილი გახდა, რომ სუპერჩემპიონ ენტონი ჯოშუას ბრძოლა "მედისონ სქვეარ გარდენში" არ გაუქმდება და პირველ ივნისს მისი მოწინააღმდეგე ამერიკელი ენდი რუის-უმცროსი იქნება. ასე რომ, ჯარელ მილერის შემცვლელი ედი ჰირნმა ბოლოს და ბოლოს იპოვა.

29 წლის კალიფორნიელმა რუისმა ერთხელ უკვე იჩხუბა ჩემპიონობისთვის, მაგრამ ავსტრალიელ ჯოზეფ პარკერთან დამარცხდა. პარკერი კი ჯოშუამ საჩემპიონო გზაზე დაამარცხა.

ბრიტანელმა პრომოუტერმა (ედი ჰირნი) განაცხადა, რომ რუისის არჩევის მიზეზი ის გახლდათ, რომ ამერიკელი ყველაფერს გააკეთებს ტიტულის მოსაპოვებლად.

"ის თქვენ გაგართობთ, ამისთვის ყველაფერს გაიღებს. ეს თუ ნიშნავს
სენსაციური ნოკაუტით წაგებას, ამასაც გააკეთებს" - უთხრა ჰირნმა Fighthype.com-ს.

"მე არ შევარჩევდი ისეთ მებრძოლს, რომელიც არ იქნებოდა საკმარისად კარგი. მე შევარჩიე ისეთი ბიჭი, რომელიც ჩემი აზრით, ყველაფერს გააკეთებს, რათა გახდეს ჩემპიონი სუპერმძიმე კატეგორიაში", - განაცხადა ბრიტანელმა პრომოუტერმა.

რაც მთავარია, რუისი პირობებს დათანხმდა და მხოლოდ უმნიშვნელო დეტალებიღა დარჩა დასაზუსტებელი.

რუისმა 20 აპრილს გერმანელი ალექსანდრ დიმიტრენკო დაამარცხა. ის 8 კილოთი უფრო მძიმეა, ვიდრე ჯოშუას წინა მეტოქე პოვეტკინი.

ამერიკელს ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა ზემოხსენებულ პარკერთან ჰქონდა, რომელშიც ქულებით წააგო. რუისთან გამარჯვებიდან 15 თვეში ჯოშუამ სწორედ პარკერს წაართვა WBA-ს, IBF-ის და WBO-ს ჩემპიონის ტიტული.

აღნიშნულ შეთანხმებას მძიმეწონოსანი მოკრივე დილიან უაითი გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს წარმოდგენის გადასარჩენად გააკეთეს და ჯოშუასთვის რუისი პრობლემა არ იქნება.

ჯოშუასთვის ეს იქნება პირველი ბრძოლა 9-თვიანი უქმობის შემდეგ და თავისი რეკორდის გაგრძელებას ეცდება. ბრიტანელს 22 გამარჯვება აქვს და ჯერ მარცხი არ განუცდია. დიდი ალბათობით, არც ამ ბრძოლას წააგებს.

ასევე დაგაინტერესებთ