მსოფლიოს ჩემპიონი 4 წონით კატეგორიაში და თანამედროვე კრივის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი მოკრივე საულ ალვარესი მზადაა სექტემბერში, ცარიელი ტრიბუნების ფონზე გამართოს ბრძოლა. ამ ინფორმაციას ალვარესის წარმომადგენელი კომპანია Golden Boy Promotions-ის დირექტორი ერიკ გომესი ავრცელებს.
"დიახ, ახლა კანელო მოლაპარაკებებისთვის მზადაა. სექტემბერში ის ბრძოლას გამართავს, მაყურებლის დასწრება აკრძალული იქნება. ჩვენ ახლა დეტალებს განვიხილავთ, მაგრამ ის თანახმაა." - ციტირებს გომესს The 3 Knockdown Rule.
მოწინააღმდეგე ჯერჯერობით უცნობია. 2 მაისს კანელო ბილი ჯო სონდერსს უნდა შეხვედროდა, მაგრამ კორონავირუსის პანდემიამ გეგმები ჩაშალა. გეგმის მიხედვით კი, სექტემბერში
გენადი გოლოვკინთან მესამე ბრძოლა უნდა გაემართა. გენადის წარმომადგენლები ალვარესთან მესამე შეხვედრაზე უარზე არიან, რამდენადაც მას აუცილებელი პრეტენდენტი ჰყავს.
დაპირისპირების უმაყურებლოდ გამართვა სერიოზულ ფინანსურ ზარალთანაა დაკავშირებული. მაგალითად, გოლოვკინთან მეორე ბრძოლის დროს მხოლოდ ბილეთებისგან შემოსავალი 23 მილიონ დოლარზე მეტი იყო.
"ეს არ იქნება მარტივი, თუმცა საულს ესმის სიტუაცია და მზადაა მაინც იჩხუბოს. ზოგიერთი მებრძოლი კი უარზეა და ვითარების დარეგულირებას ელოდება." - დაამატა გომესმა.