ზაზა ნადირაძე - კაცი, რომელმაც წყლისგან ვერცხლი გამოადნო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსგავსი რამ ქართული ნიჩბოსნობის ისტორიას არ ახსოვს: 26 აგვისტოს, ჩეხურ რაჩიცეში, ნიჩბოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატში მცხეთელმა ზაზა ნადირაძემ, რომელსაც 2 სექტემბერს 24 წელი უსრულდება, ერთადგილიანი კანოეთი ფინალურ ასპარეზობაში მეორე ადგილი დაიკავა.

გადამწყვეტ პაექრობაში ცხრა უძლიერესი სპორტსმენი - ესპანელი ალონსო ბენავიდესი, ყაზახი ტიმურ ხაიდაროვი, უნგრელი ჯონათან ჰაიდუ, რუსი ალექსეი კოროვაშკოვი, ირანელი ადელ მოჯალალიმოჩადამი, ქართველი ზაზა ნადირაძე, ბელორუსი არტსიომ კოზირი, ლიტველი ჰენრიკას ჟუსტაუტასი და პოლონელი მარეკ მიხალ ლუბნიევსკი ეცილებოდა ერთმანეთს საპრიზო ადგილებს.

ქართველი კანოისტი თავიდან დაწინაურდა, მაგრამ ნახევარი დისტანციის შემდეგ გვერდით ბილიკზე მდგომმა
მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონმა და ევროპის ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლის მფლობელმა არტსიომ კოზირმა გაუსწრო. სლავმა ფინიშის ხაზიც პირველმა გადაკვეთა (38,161 წამი). ვერცხლის მედალი ზაზა ნადირაძეს (38,439) ერგო, რომელსაც ზედ ფინიშზე ნავი ამოუყირავდა. მესამე ადგილზე ადელ მოჯალალიმოჩადამი (38,605) გავიდა. ფინალის მონაწილეთა შორის ყველაზე ტიტულოვანი ალექსეი კოროვაშკოვი (38,644) მეოთხე ადგილით დაკმაყოფილდა.

ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ზაზა ნადირაძემ არაერთი წარმატებით გაახარა სპორტის ქართველი გულშემატკივარი: საერთაშორისო სარბიელზე პირველად 2011 წელს გამოჩნდა და უფროსებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატში დებიუტი მე-14 ადგილით აღნიშნა. იმავე წელიწადს ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის ევროპის სალიცენზიო ტურნირზე მე-8 იყო, თუმცა უსაგზუროდ დარჩა.

მცხეთელი სპორტსმენისთვის განსაკუთრებით იღბლიანი 2014 წელი აღმოჩნდა: ერთადგილიანი კანოეთი გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე მე-10 ადგილზე გავიდა და ბაქოს პირველი ევროპული თამაშების ლიცენზია მოიპოვა. იმ შეჯიბრებიდან ორი კვირის თავზე უნგრულ სეგედში 23-წლამდელთა მსოფლიოს პირველობაზე ბრინჯაოს მედალი ხვდა, რაც დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ნიჩბოსნობაში ოფიციალური შეჯიბრებებიდან პირველი ჯილდო იყო...

ამ სამწლიან შუალედში ბევრი პრობლემა შეხვდა. განსაკუთრებით გულდასაწყვეტი ის იყო, რომ პერსპექტიულ სპორტსმენს მცხეთის მუნიციპალიტეტის გარდა, ყურადღებას, ფაქტობრივად, არავინ აქცევდა. უნივერსიტეტში სწავლის ქირა რომ დაეფარა, მშენებლობაზე მუშაობდა და საღამოობით დაღლილ-დაქანცული მიდიოდა ვარჯიშზე. 23-წლამდელთა მსოფლიოს პირველობის შემდეგ სეოკ-მა სტიპენდია დაუნიშნა და სხვებმაც მეტი ყურადღება მიაქციეს. შედეგმაც არ დააყოვნა: გერმანულ დუისბურგში 2016 წლის 18-19 მაისს ნიჩბოსანთა ევროპის ბოლო სალიცენზიო ტურნირში მან 200 მეტრზე ერთადგილიანი კანოეთი კონტინენტის სხვადასხვა ქვეყნის 14 წარმომადგენელთან პაექრობაში რიოს ოლიმპიადის საგზური დაიმსახურა.

მცხეთელი კანოისტი მესამე ქართველი ნიჩბოსანია ვიქტორ კრატასიუკისა (1972 წლის მიუნხენის ოლიმპიადაზე ორადგილიანი ბაიდარათი ბელორუს ნიკოლაი გორბაჩოვთან ერთად ჩემპიონობა მოიპოვა) და მცხეთელი გიორგი ნასყიდაშვილის (მიუნხენში ნიჩბოსნურ სლალომში 31-ე იყო) შემდეგ, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებში იასპარეზა და მეხუთე ადგილი დაიკავა, რითაც მსოფლიოს შეახსენა, რომ ნიჩბოსნობა საქართველოშიც ცოცხლობს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ერთადგილიანი კაიაკით (ბაიდარა) ფოთელი ავერი მატკავა 1965 წლის ევროპის ჩემპიონატის პრიზიორია.

2016 წელს გერმანულ დუისბურგშივე კანოესა და კაიაკში მსოფლიოს თასის ეტაპზე ზაზა ნადირაძეს ერთადგილიანი კანოეთი (39.073) ბრინჯაოს მედალი ერგო. შარშანვე 23-წლამდელთა ევროპის პირველობაზე მან მესამე ადგილი დაიკავა. წლეულს მსოფლიოს თასის მეორე ეტაპზე მეორე იყო, პლოვდივში კი ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. და აი, სეზონი რაჩიცეში მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედლით დააგვირგვინა...

ჩეხეთში ორი დუშელი გოგონაც გამოდიოდა. უკვე ვწერდით, რომ 500 მეტრზე ორადგილიანი კანოეთი მარიამ ქერდიკაშვილმა და ნატო ჩხუტიაშვილმა დისკვალიფიკაცია მიიღეს.

ქერდიკაშვილმა ერთადგილიანი კანოეთიც იასპარეზა 200 მეტრზე. საკვალიფიკაციო გაცურვისას მან თავის ჯგუფში 50.812 წამით მეშვიდე ადგილი დაიკავა და ნახევარფინალში გამოსვლის უფლება მოიპოვა. იქაც ჯგუფში 51.227 წამით მე-7 იყო და ფინალებში ვერ მოხვდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული