დიდი ფეხბურთელების 5 ავტობიოგრაფიული წიგნი, რომლებიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ

AutoSharing Option
დიდი ფეხბურთელები კარიერის დასასრულისკენ ცდილობენ, საკუთარი კარიერის, ცხოვრებისა და გამოცდილების შესახებ გულშემატკივარს მოუყვნენ, გაუზიარონ საკუთარი ცოდნა, შეგრძნებები, ემოციები.

ამის საუკეთესო საშუალება კი ავტობიოგრაფიული წიგნის დაწერაა, სადაც თავად მთავარი მოქმედი პირი გვიყვება მისი ცხოვრების შესახებ.

გთავაზობთ ხუთ ავტობიოგრაფიულ წიგნს, რომლებიც ყველასთვის ცნობილმა და საყვარელმა ფეხბურთელებმა დაწერეს და მალევე ბესტსელერად იქცა.


ანდრეს ინიესტა - "შემოქმედი"

ანდრეს ინიესტა იმ იშვიათ ფეხბურთელთა შორისაა, ვინც ყველა გულშემატკივარს უყვარს, განურჩევლად იმისა, თუ რომელ კლუბს გულშემატკივრობს. ესპანელი ლეგენდის მიმართ უარყოფით ემოციებს თვით მადრიდის "რეალის" გულშემატკივრებშიც კი ვერ
ნახავთ.

ანდრეს ინიესტა საკუთარ წიგნშიც სწორედ ისეთივე უბრალოა, როგორიც მოედანსა და მის გარეთ. წიგნში, რომელიც "ბარსელონას" ყოფილმა კაპიტანმა 2016 წელს დაბეჭდა, ბევრ საკითხზეა საუბარი. მათ შორის, სერიოზულ შემოთავაზებებზე, რომლებზეც ანდრესმა უარი თქვა. ის არასდროს ყოფილა ფეხბურთელი, რომელიც მხოლოდ ფულზე ფიქრობს.

წიგნში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია დანი ხარკეს ტრაგედიას. ის 2009 წელს 26 წლის ასაკში გულის შეტევით დაიღუპა. ხარკე ანდრეს ინიესტას უახლოესი მეგობარი იყო. სწორედ მას მიუძღვნა გოლი, რომელიც 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჰოლანდიის ნაკრებს გაუტანა და ქვეყანას მსოფლიო ჩემპიონობა მოუტანა.

ანდრეს ინიესტას "შემოქმედის" შეძენა ამ ბმულზე შეგიძლიათ.

Sportall.Ge

დევიდ ბექჰემი - "ჩემი მხრიდან"


ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა ფეხბურთელმა, ჯარიმების უბადლო შემსრულებელმა და "გალაქტიკოს" ერთ-ერთმა ლიდერმა წიგნი "ჩემი მხრიდან" 2010 წელს გამოსცა.

ავტობიოგრაფიულ წიგნში საუბარი ბექჰემის ცხოვრებას შეეხება, ბავშვობიდან 2004 წლამდე. ინგლისელი ფეხბურთელი გულახდილად საუბრობს არა მარტო კარიერის შესახებ, არამედ პირად ცხოვრებაზეც, რომელიც მის საფეხბურთო ცხოვრებაზე არანაკლებ აქტუალურად განიხილებოდა.

წიგნში გაიგებთ მისი ოჯახის, მის გარშემო აგორებული სკანდალების, სირთულეებისა და გამართლებების შესახებ. ეს ის წიგნია, რომლის წაკითხვაც ნამდვილად ღირს.

დევიდ ბექჰემის "ჩემი მხრიდან" შეძენა ამ ბმულზე შეგიძლიათ.


Sportall.Ge


ზლატან იბრაჰიმოვიჩი - "მე ვარ ზლატანი"


მოთამაშე, რომელიც თანამედროვე ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ინდივიდუალისტია. ზლატან იბრაჰიმოვიჩი ერთ-ერთი ყველაზე ექსტრავაგანტური ადამიანია, როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთაც.

წიგნში, რომელიც მან 2014 წელს გამოსცა, ბევრ თემაზეა საუბარი. მათ შორის, მძიმე ბავშვობაზე, რომელიც შვედმა ფეხბურთელმა გამოიარა და იმ ბრძოლასა და თავდადებაზე, რომლის წყალობითაც ის სიღარიბიდან კაშკაშა ვარსკვლავობამდე მივიდა.

ზლატანი ჰყვება იმაზე, თუ როგორ იპარავდა ველოსიპედებს მალმიოში; ჰყვება მშობლებზე, რომელთაგანაც ერთი ბოსნიელი მუსლიმი იყო, მეორე კი - ხორვატი კათოლიკე. წიგნში სხვადასხვა მწვრთნელთან ურთიერთობაზე, მათ შორის, პეპ გვარდიოლასთან გახმაურებულ კონფლიქტზეც არის საუბარი.

38 წლის ვეტერან ფორვარდს დიდი წარდგენა არ სჭირდება. ის ამ ასაკშიც ჯერ კიდევ ახერხებს ფეხბურთის გულშემატკივრების გაოცებას.

ზლატან იბრაჰიმოვიჩის "მე ვარ ზლატანის" შეძენა ამ ბმულზე შეგიძლიათ.

Sportall.Ge

ლუის სუარესი - "ზღვარს მიღმა"

თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი, რომელიც განსაკუთრებულად მშვიდი ქცევებით არ გამოირჩევა, საკუთარ ავტობიოგრაფიულ წიგნში უამრავ თემაზე საუბრობს.

წიგნში "ზღვარს მიღმა" ურუგვაელი ფორვარდი საუბრობს პატრიკ ევრასთან დაკავშირებულ ინციდენტზე, რომლის დროსაც მან ფრანგ მცველს რასისტული სიტყვით მიმართა. სუარესი ამბობს, რომ ევრასთვის ბოდიშის მოხდას არასდროს აპირებს.

ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებში 31 წლის ფეხბურთელი მისი მავნე ჩვევის შესახებაც საუბრობს, რომლის გამოც მას რამდენჯერმე შეექმნა სერიოზული პრობლემა.

"კრიმინალზე უარესად მომექცნენ. ვიცი, კბენა ბევრ ადამიანს არ მოსწონს, მაგრამ ეს უსაფრთხოა. ვინმეს თუ დაარტყამ, უცებ ივიწყებენ და არანაირ ცირკს არ მართავენ" - ვკითხულობთ წიგნში.

ლუის სუარესის "ზღვარს მიღმა" შეძენა ამ ბმულზე შეგიძლიათ.

Sportall.Ge


ანდრეა პირლო - "ვაზროვნებ, მაშასადამე, ვთამაშობ"

ანდრეა პირლო ანდრეს ინიესტას, გარდა იმისა, რომ ორივე ულამაზეს ფეხბურთს თამაშობს, იმითიც ჰგავს, რომ მის მიმართ სიმპათია ყველა გუნდის გულშემატკივარს გააჩნია.

წიგნში ანდრეა პირლო მისი ცხოვრების შესახებ, "ინტერში", "მილანსა" და "იუვენტუსში" თამაშზე, ინგლისის ნაკრებში გატანილ "პანენკასა" და სხვა თემებზე საუბრობს.

"მე იმ გუნდს ვეკუთვნი, რომელიც ყველასია. ეს შეგრძნება ხშირად სექსზე უკეთესია: უფრო დიდხანს გრძელდება და თუ რაღაც არ გამოდის, მხოლოდ შენი ბრალი არ არის. ეროვნული ნაკრები რაღაც ძალიან დიდია. ამის მაგალითად კასანო გამოდგება. როგორც თვითონ ამბობს, ცხოვრებაში შვიდასი ქალი ჰყავდა; ერთ დღესაც მწვრთნელმა ნაკრებში აღარ გამოიძახა. შეიძლება უნაკრებოდ, სექსით ბედნიერი იყოს? მე ვერ ვიქნებოდი. რადგან ის, მეორე, ბიოლოგიურ კანად გადაქცეული, ცისფერი მაისური, სულ სხვა განცდებს გჩუქნის. სამყაროს სხვაგვარს ხედავ." - ვკითხულობთ ავტობიოგრაფიულ წიგნში.

ანდრეა პირლოს "ვაზროვნებ, მაშასადამე, ვთამაშობ" შეძენა ამ ბმულზე შეგიძლიათ.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
"მე, პელე!"
წაიკითხეთ, ისიამოვნებთ და არ ინანებთ.
3 3
05 ნოემბერი 2018 15:22
0

სიახლეები პოპულარული