სუპერმენიც კი რაღაც მომენტში დანებებას იწყებს - კონორ მაკგრეგორის მწვრთნელი წარსულზე, ფულსა და მომავალზე

AutoSharing Option
კონორ მაკგრეგორის კარიერა პირდაპირ კავშირშია SBG დარბაზის მთავარ მწვრთნელთან, ჯონ კავანასთან.

ჯონი ირლანდიელს 2008 წლიდან, მისი პირველი ბრძოლიდან ხელმძღვანელობს. მან გაიხსენა მაკგრეგორის კარიერაში მისი პირველი დამარცხება, რომელიც ლიტველ არტემ სიტენკოვთან განიცადა.

"ქალაქში პატარა შეჯიბრებებს ვატარებდი და ბიჭებს გასაყიდად ბილეთებს ვაძლევდი. კონორს უამრავი ბილეთი ჰქონდა და ტურნირზე ყველა მისი მეგობარი მოვიდა. ის ამომავალი ვარსკვლავი იყო, მაგრამ ლიტველმა ბიჭმა ის გაანადგურა. უკვე ვთქვი, რომ სპორტსმენებს ბრძოლის დროს ტკივილის განცდა არ აშინებთ, მაგრამ მათ სძულთ სირცხვილის გრძნობა, კონორისთვის კი ეს სირცხვილი იყო. ის
დიდხანს აღარ მინახავს და კონორის დარბაზში დაბრუნებით დაინტერესებული არ ვიყავი. ბევრი მებრძოლი იყო, რომლებიც ნელ-ნელა კრეფდნენ ძალებს.

მე კი დროს მათ დევნაში არ ვხარჯავ, ვინც დარბაზში არ არის; თუ შენ დარბაზში არ ხარ, მე შენზე არ ვფიქრობ. თუ დარბაზში ხარ, მე შენ მთელ ჩემს ძალისხმევას მოგცემ. ამიტომ მისთვის არ დამირეკავს. დედამისი ნერვიულობდა. ეს, ალბათ, პირველი შემთხვევა იყო, როცა ერთ-ერთი მშობელი დამიკავშირდა. მაშინ ვიფიქრე: "იქნებ აქ უფრო დიდ როლს ვთამაშობ, ვიდრე უბრალოდ ხელებით და ფეხებით დარტყმაა. იქნებ ცოტა უფრო მეტს ვაკეთებ მათთვის, ვიდრე მეგონა".

Sportall.Ge

ვფიქრობ, მაშინ მივხვდი, რომ ბევრი დარბაზში იმავე მიზეზით მოვიდა, რითიც მე. საქმე ბრძოლაში არ არის, ისინი ბავშვობის პრობლემებთან გამკლავებას ცდილობენ. მე ამ ქარიზმატულ სპორტსმენს შევეჩვიე, მაგრამ ის ჯანმრთელად არ გამოიყურებოდა. ამიტომ ჩვენ ვისაუბრეთ: "შენ ხომ არ გინდა, ის 40 წლის კაცი იყო, რომელიც ბარში ლუდით ხელში ამბობს, რომ მას ეს შეეძლო ან უნდა გაეკეთებინა?! შენ გაქვს პოტენციალი. გამოიყენე ის. გააკეთე ეს. ნუ იფიქრებ დარბაზის ფულზე, დაივიწყე. ჩემთვის სულერთია" - ჰყვებოდა კავანა independent.ie-თან ინტერვიუში ორი წლის წინ.

ცოტა ხნის წინ კი ჯონ კავანამ კვლავ ისაუბრა ММА-ს პრობლემებზე ირლანდიაში, იხსენებს კონორის ბრძოლას ფლოიდ მეივეზერთან, ასახელებს მის დამოკიდებულებას სპორტსმენის გამომწვევ ქცევებზე, ასევე განმარტავს, თუ რატომ შეიძლება შეწყვიტოს მაკგრეგორის წვრთნა.

რატომ არის ირლანდიაში შერეულ ორთაბრძოლებში ყველაფერი ცუდად
"ცოტა ხნის წინ ბაჰრეინში მსოფლიო ჩემპიონატზე ვიმყოფებოდით და 51 ქვეყნიდან მეორე ადგილი დავიკავეთ. მხოლოდ რუსებს ჩამოვრჩით, რომელთა სპონსორიც მთავრობა გახლავთ და 65 ათასი მებრძოლი ჰყავთ. ირლანდიაში კი ალბათ 100 მებრძოლიც ვერ შეგროვდება.

თითოეულმა სპორტსმენმა კი ბაჰრეინში გაფრენისთვის ბილეთები თავად შეიძინა. ძალიან ამაყი ვარ იმით, რომ მეორე ადგილი გვერგო. 13 მებრძოლი გავგზავნეთ, მოვიგეთ 3 ოქროს, 2 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი. თუმცა ჩვენს ქვეყანაში ММА დღემდე არ არის აღიარებული, როგორც სპორტის სახეობა. ირლანდიის სპორტული ასოციაცია ყველა სახის ერთი-ერთზე ჭიდაობას ირლანდიის საბრძოლო ხელოვნების კომიტეტში (IMAC) შესვლისკენ უბიძგებს. IMAC-ს კი სძულს ММА და ამ სპორტს, ფაქტობრივად, კრძალავს. ვფიქრობ, მათ თავში კვლავ 90-იანი წლების შერეული ორთაბრძოლის სახეობა აქვთ, სადაც კონკრეტულად არაფერი რეგულირდებოდა. და ეს სამართლიანია, მაგრამ მას შემდეგ დიდი განვითარება მოხდა, თუმცა ამის აღიარება არ სურთ".

როცა გაიგო, რომ კონორი მეივეზერთან იბრძოლებდა
"ედი ალვარესის წინააღმდეგ ბრძოლამდე თითქმის 10 წელი გავიდა, რაც კონორთან მუშაობა დავიწყე. ის ახლახან გახდა ჩემპიონი და ბანკში ტელეფონის ნომრის მსგავსი ანგარიში ჰქონდა.

მისი დის ქორწილზე მას ვუთხარი: "უბრალოდ, დარჩენილი ცხოვრებით ისიამოვნე". ვკითხე, რა აიძულებდა, რომ დილით ადრე სავარჯიშოდ ამდგარიყო? რა არის მიზანი? კონორმა გაიცინა. ჩემი სიტყვები სერიოზულად არ მიიღო. ისვენებდა თუ არა გარკვეული დროით? ალბათ, კი.

Sportall.Ge

შემდეგ პრესაში მეივეზერთან შესაძლო ბრძოლის შესახებ ინფორმაცია ვნახე და მას შეტყობინება გავუგზავნე: "იყო თუ არა ამაში სიმართლის ნატამალი?" მან კი მიპასუხა: "დიახ, ამას სულ უფრო მეტად ვუახლოვდებით". შემდეგ კი ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. ჩემი პირველი ფიქრი იყო: "ღმერთო! როგორი გამოცდილებაა! რომელ მწვრთნელს არ სურს, მისი მებრძოლი მეივეზერის წინააღმდეგ ბრძოლაში იხილოს? პროფესიონალური კრივის სახლი. როგორი მოგზაურობა გველის".

მაკგრეგორის თავდაჯერებულობაზე
"დიახ, წარმატებაში ეჭვი ნამდვილად არ გვეპარებოდა. რა საჭიროა ტყუილი? კონორი 10 წლით ახალგაზრდა იყო. ის მისი პროფესიული კარიერის საუკეთესო წლის შემდეგ გამოდიოდა. მაგრამ ყველაზე მეტად კონორის თავდაჯერებულობა მაოცებს. მასზე ბევრი საუბრობს, ამბობენ, რომ "ის საშინელ გავლენას ახდენს ბავშვებზე" და ა.შ. მაგრამ მას აქვს თვისება, რომლის დანახვასაც ბავშვში ისურვებდით. და ერთ-ერთი მათგანი არის საკუთარი თავის რწმენა. არ ვიცი, მას ეს საიდან აქვს. შემიძლია გითხრათ, რომ ეს ის არ არის, რასაც უბრალოდ კამერის წინ აკეთებს".

ბრძოლა ფლოიდის წინააღმდეგ
"ზუსტად მახსოვს მეორე რაუნდი. როცა ისინი ჩვენი კუთხის სიახლოვეს იყვნენ, თავში რაღაც არარეალური ხდებოდა. მე გავიფიქრე: "ეს ფლოიდ მეივეზერია! კონორი მეივეზერთან ჩხუბობს". მაგრამ ამ ფიქრს მალევე დავანებე თავი და სამუშაოს დავუბრუნდი. საწყისი რაუნდები შთამბეჭდავი იყო, მაგრამ მეოთხე რაუნდის შემდეგ კონორმა ჩამორჩენა დაიწყო და მათ გამოცდილებაში აშკარა სხვაობა უკვე კიდევ უფრო ნათელი გახდა".

altსუპერბრძოლა: მეივეზერმა მაკრეგორი დაამარცხა და რეკორდი დაამყარა [VIDEO]


კავანა ავტობუსის ეპიზოდს იხსენებს
"ჩვენ მთელი ეს სიუჟეტი ვიცით. მოდი, დასაწყისს დავუბრუნდეთ. კონორი და არტიომი მეგობრები არიან. კონორი სახლში იყო, როცა დაინახა, როგორ მოუჭირეს არტიომს კისერში ხელი და სახეში გაარტყეს. მან იფიქრა, რომ მის გვერდით უნდა ყოფილიყო, მაგრამ კონკრეტული გეგმა არ ჰქონდა. კონორს ვიცნობ. ის არაფერს გეგმავს. ის იქ კარგი განზრახვით წავიდა, შედეგად კი ღამე ციხეში გაატარა და სპორტს ცუდი სახელი გაუთქვა. ამისათვის ის იურიდიულად და მატერიალურად დასაჯეს. იცი, ირლანდიელი მებრძოლი მყავს - გუნარ ნელსონი. ინტერვიუში ორ სიტყვასაც არ იტყვის. ხანდახან ვხუმრობთ, რომ მისი სახის გამომეტყველება არასდროს შეცვლილა. ის UFC-ში კონორზე უფრო დიდხანს იმყოფებოდა, მაგრამ დიდი ჰონორარების მიღება მაინც ვერ შეძლო. ის და კონორი - დღე და ღამეა. ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ 7 ან 8 წლის წინ კონორს ვეტყოდი: "თუ ღმერთი გწამს, გუნარივით მოიქეცი. იყავი თავაზიანი, მშვიდი, გამოიჩინე პატივისცემა". ამიტომ, თუ იმ დასკვნამდე მივალთ, რომ პროფესიონალური სპორტის მიზანი ფულის გამომუშავებაა, მაშინ კონორის ხერხი საუკეთესოა".

altკონორ მაკგრეგორი გადაირია - ირლანდიელმა ავტობუსი დალეწა და ახლა დაკავებულია [VIDEO]


ჯონი მაკგრეგორს აკრიტიკებს
"დიახ, არის არასასიამოვნო მომენტებიც. რასიზმი ან მსგავსი რამ. იცით, ზოგიერთი რამ, რასაც ის ამბობს, ბავშვურია. არ შემიძლია ეს სერიოზულად მივიღო. მაგ: ჰაბიბის მამის შესახებ გამოთქმული აზრი - ეს ხომ სისულელეა. მის შემდეგ ჰაბიბის მამამ თქვა, რომ ყველაფერი უკან დარჩა, ჰაბიბმა კი ამ ბრძოლაზე უფრო მეტი ფული გამოიმუშავა, ვიდრე ოდესმე. ეს ბიზნესის ის მხარეა, როგორიც არის".

ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა კონორს უწოდა "მყრალი ენის მქონე მაწანწალა, რომელიც დარბის და არეულობას იწვევს"
"დიახ, მართალია. კონორმა ამით უნდა იცხოვროს. ვესაუბრე თუ არა მას ამაზე? ის ხომ 12 წლის არ არის. ვფიქრობ, თვითონაც ყველაფერი იცის. მაგრამ თავს დამნაშავედ არ გრძნობს. ვინმეს აღზრდა - ეს მშობლების მოვალეობაა. მათ უნდა მიუთითონ, რა არის ცუდი და რა კარგი. კონორს გასაოცარი თვისებები აქვს - საქმის ერთგულება, საკუთარი თავის რწმენა, შრომისმოყვარეობა და ინტელექტი. მან შექმნა ეს ინდუსტრია. ММА-ში ამდენი ფული არავის გამოუმუშავებია. იგივეა ფედერერი ჩოგბურთში. მას შეუძლია თაგვივით ჩუმი იყოს, არ ჰქონდეს მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალიზმი, არასდროს მისცეს ინტერვიუ და სპონსორების წყალობით მაინც გამოიმუშავებს ათობით მილიონ დოლარს ყოველწლიურად. ММА-ში კი ასე შეუძლებელია.

ვფიქრობ, კონორს მომავალში უხერხული საუბრები ელის, რადგან მისი ყველა გამოსვლის ნახვა YouTube-ზეა შესაძლებელი. დარწმუნებული ვარ, რომ როცა მის ვაჟს 15 ან 16 წელი შეუსრულდება, ის იტყვის: "მამა, ეს რა იყო?" კონორი თუ შეიცვლება? არ ვიცი..."

რატომ არ გაუთავდება კონორს ფული არასდროს?
"ეს ის არის, რასაც ვერასდროს ნახავთ. ახლა მას საკუთარი ვისკი აქვს. ფულს ჩხუბით გამოიმუშავებს. უცნაურად ჟღერს, მაგრამ ის ბევრ ფულს არ ხარჯავს. ყველაფერს, რასაც ატარებს, სპონსორებისგან იღებს. არ მიირთმევს რესტორნებში, რადგან კერძებს მისი მეუღლე უმზადებს. საკმაოდ მოკრძალებულ სახლში ცხოვრობს. არ თამაშობს აზარტულ თამაშებს".

Sportall.Ge

ჰაბიბთან ბრძოლაზე
"ეს იყო დიდი იმედგაცრუება. დარწმუნებულები ვიყავით, რომ ის გაიმარჯვებდა, რადგან კონორი მსგავს მოწინააღმდეგეებს შეხვედრია. მაგრამ ჰაბიბი უკეთესი იყო. მან გაიმარჯვა. ეს სპორტია. აქ ხდება გამარჯვებაც და დამარცხებაც".

altხაბიბმა კონორი მოგუდა, შემდეგ კი მის გუნდელებს დაერია [VIDEO]

altდაწყევლილი დარტყმა მარჯვნიდან - მაკგრეგორმა ხაბიბთან ბრძოლა დეტალურად განიხილა


ცხოვრება ჰაბიბის შემდეგ
"რევანში ჰაბიბთან? გულწრფელად? არ ვიცი. ორი მარცხის შემდეგ მას უმძიმს. მაგრამ ის 30 წლისაა, ორი შვილი ჰყავს, აქვს საკუთარი ბიზნესი, რასაც უფრო მეტი ფული მოაქვს, ვიდრე ოდესმე. მის მდგომარეობაში ადგებოდით დილით იმისთვის, რომ ვინმეს სახეში გაარტყათ? ასე არ მგონია. მაგრამ ამ ფრაზის შემდეგ ის ხვალ აუცილებლად დამირეკავს და მეტყვის: "ეს რატომ თქვი? მე მარტში ვიბრძოლებ". ამიტომ არ ვიცი. მან კვლავ უნდა დამარწმუნოს იმაში, რომ რომელიმე ბრძოლისთვის მოვამზადო. მიყვარს ყველა ჩვენი მოგზაურობა, მაგრამ მყარი არგუმენტი მჭირდება. იქნებ დიაზთან ბრძოლა. იქნებ ჰაბიბთან რევანში. მაგრამ, თუ კონორი მოწინააღმდეგედ უბრალო ბიჭს აირჩევს, მაშინ მე ვეტყვი: "ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ".

კონორს ოჯახი ჰყავს და არ მინდა, რომ ზედმეტი დარტყმები მიიღოს. ჰაბიბთან ბრძოლისას მან ისეთი დარტყმა გამოტოვა, რაც მანამდე არასდროს გამოუტოვებია. სუპერმენიც კი რაღაც მომენტში დანებებას იწყებს".

altკონორ მაკგრეგორმა ოქტაგონში დაბრუნების თარიღი დაასახელა

ავტორი: ანა ვერძაძე

მკითხველის კომენტარები / 2 /
თავში ავარდნილი ინდაურია.
გიგა
10:13 14-12-2018
0
"ძილეცია" კონორი და არა მებრძოლი
ბუბა
18:53 13-12-2018
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული