სხვა

საინტერესო ამბები

მას შეეძლო კალათბურთი ეთამაშა, მაგრამ უჩვეულო სპორტი აირჩია, "მტაცებელი" გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
ბრაიან პრინსს შეეძლო კალათბურთი ეთამაშა, ამისთვის სიმაღლეც ხელს უწყობდა (207 სმ), მაგრამ მან თავისი სიმაღლისათვის უჩვეულო სპორტი აირჩია - პარკური.

სულ რამდენიმე წელიწადში ბრაიანმა თვალსაჩინო წარმატებებს მიაღწია და 2012 წელს ცნობილ პარკურისტებზე შექმნილი ვიდეოსერიების ერთ-ერთი გმირი გახდა. აბა, ვინ წარმოიდგენდა, რომ უკვე 2016 წელს იგი ეპიზოდურ როლს შეასრულებდა ფილმ Cell-ში და ზომბის როლს - "მოსიარულე მკვდრებში".

კი, ზომბები "მოსიარულე მკვდრებში" ძალიან ბევრია, მაგრამ ბრაიან პრინსი ერთი იმათგანი გახდა, ვინც ბუნებრივი მონაცემებითა და საუკეთესო ფიზიკური მომზადებით ჰოლივუდში თავისი ნიშა იპოვა.

იმავე
2016 წელს მსოფლიოს ყველაზე მაღალმა პარკურისტმა "პირველ შურისმაძიებელში" ითამაშა, ხოლო 2018 წელს ამერიკელმა, შეიძლება ითქვას, პირდაპირ გარღვევა მოახდინა: ჯერ "შავ პანტერაში" ჯაბარის ტომის ბელადის დუბლიორი გახდა, სულ ახლახან კი კინოში ჯერჯერობით თავისი ყველაზე მნიშვნელოვანი როლი შეასრულა - ლეგენდარული "მტაცებლის" კოსტიუმში გამოწყობილი, უცხოპლანეტელი გადამთიელის სახით.

ფილმი, შეიძლება ითქვას, საშუალო დონის გამოვიდა, მაგრამ ეს სულაც არ ბღალავს მსახიობის დამსახურებას, რომელმაც შეძლო და ორგანულად განასახიერა ბოროტ ადამიანთა ხელში ტყვედ ჩავარდნილი უცხოპლანეტელი ჰუმანოიდი.

ფილმის ფანები, ალბათ, შენიშნავდნენ ცვლილებებს "მტაცებელში": თუ წინა წლების ორიგინალურ ფილმებში - არნოლდ შვარცენეგერის მონაწილეობით - უცხოპლანეტელი მძიმეწონიანი და შედარებით ნაკლებად მოძრავი იყო (მხოლოდ ხეებზე თუ დაძვრებოდა), 2018 წლის მტაცებელი უკვე საკმაოდ მკვირცხლია.

Sportall.Ge

"ჩემი მთავარი ამოცანა იყო ის, რომ მტაცებელი მძიმეწონიანი დარჩენილიყო, მაგრამ იმავდროულად, მოძრავი და საშიში ყოფილიყო. დაახლოებით ისეთი, როგორიც ლომი ან დათვია", - ამბობდა ბრაიან პრინსი ერთ-ერთ ინტერვიუში.

მსახიობის თქმით, "მტაცებლის" გადაღების მომზადების პროცესში იგი დიდ დროს ატარებდა God of War-ის თამაშში და თვალს ადევნებდა სპარტელი მეომრის, კრატოსის მოძრაობის დინამიკას. სწორედ ამ გმირის მოძრაობები გაიმეორა ბრაიანმა ჰუმანოიდი მონადირის კოსტიუმში.

მიუხედავად თავს დატეხილი დიდებისა, ბრაიან პირსი თავის საყვარელ საქმეს არ ღალატობს - აქტიურად არის დაკავებული პარკურით და პერიოდულად აშშ-ის სხვადასხვა ქალაქის მოსახლეობას "შოკში აგდებს", როცა ვარჯიშების დროს მათ თავს ზემოთ "დაფრინავს".

სპეციალურად "მტაცებლის" როლის შესასრულებლად სპორტსმენი აქტიურად ვარჯიშობდა ჰიდროკოსტიუმში, რათა მონსტრის ლატექსისაგან დამზადებულ "ტყავს" შეჩვეოდა. ბრაიანის თქმით, კოსტიუმის შიგნით ტემპერატურა ხშირად 45-50 გრადუსს აღწევდა. ამიტომაც მომზადება მას ძალიან გამოადგა.

"პარკურის დროს არასდროს მქონია წონისა და სახსრების პრობლემა. ამიტომაც გადაღებების წინ დიეტაზეც არ ვყოფილვარ", - აღნიშნა სპორტსმენმა.

სრულიად შესაძლებელია, რომ ბრგე კასკადიორი, რომელიც დიდ ეკრანზე თავისი გატაცების გამო მოხვდა, ჰოლივუდის ფანტასტიკური ფილმების ხშირი სტუმარი გახდეს და უახლოეს მომავალში ბრაიან პირსს სუპერგმირის ან მთავარი ავკაცის, ბოროტმოქმედის კოსტიუმში ვიხილავთ.

Sportall.Ge