ბაკურიანის მსოფლიო თასის ეტაპებისთვის რეგისტრაცია დასრულებულია

AutoSharing Option
რამდენიმე დღე რჩება მსოფლიო თასის ეტაპამდე, რომელიც ბაკურიანში, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით ტარდება.

26, 27 და 28 თებერვალს სკი-ქროსის, ხოლო 3,4 და 5 მარტს - სნოუბორდ ქროსის მსოფლიო თასის ეტაპები გაიმართება.

ორივე ღონისძიებისთვის სპორტსმენების რეგისტრაცია დასრულებულია. წელს ბაკურიანს 134 უცხოელი სპორტსმენი ეწვევა 15 ქვეყნიდან (იაპონია, აშშ, ბრიტანეთი, ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია, ჩეხეთი, გერმანია, კანადა, ჰოლანდია, შვეიცარია, სამხრეთი კორეა, ავსტრია, ავსტრალია, არგენტინა).

წლევანდელი შეჯიბრება განსაკუთრებული იქნება, რადგან ისტორიაში პირველად და თანაც საქართველოში, სკი კროსის შერეული ნაკრების გუნდური დაშვება ჩატარდება. სკი-ქროსის შერეული ნაკრების
შეჯიბრებაში თითო გუნდიდან 1 გოგო და 1 ბიჭი იქნება ტრასაზე.

Sportall.Ge

არანაკლებ სანახაობრივია სნოუბორდ კროსის შეჯიბრება, სადაც ასევე 4 სპორტსმენი ერთდროულად აიღებს სტარტს და ფინიშის ხაზის უმოკლეს დროში გადაკვეთას შეეცდება.

თვეზე მეტია, ბაკურიანში, სათხილამურო ფედერაციის წარმომადგენლების და მთის კურორტების განვითარების კომპანიის ჩართულობით, მოსამზადებელი სამუშაოები - ტრასების გაწმენდა და ხელოვნური გათოვლიანება მიმდინარეობს. ბაკურიანში უკვე იმყოფებიან უცხოელი სპორტსმენები და FIS-ის დელეგატები. მათი მეთვალყურეობით ხდება ტრასის ფინალური ინსპექტირება.

"უკვე მეორეჯერ ვარ საქართველოში. მიხარია აქ დაბრუნება. ძირითადი სამუშაოები დასრულებულია. ყველა მოტივირებულია, ტრასები კარგ მდგომარეობაშია. სიხარულით ველოდებით ბაკურიანში 2021 წლის მსოფლიო თასის ეტაპების დაწყებას", - პასკალ პერიე, FIS-ის ტექნიკური დელეგატი.

Sportall.Ge

წლევანდელ მნიშვნელოვან და სანახაობრივ ღონისძიებებზე გულშემატკივრები და ამ სპორტის მოყვარულები დასწრებას ვერ შეძლებენ. ყველა ღონისძიება FIS-ის მიერ შემუშავებული COVID-19 პროტოკოლის, წესებისა და რეგულაციების მკაცრი დაცვით ჩატარდება.

ყოველი დღის შეჯიბრების პირდაპირი ტრანსლირება მოხდება "ევროსპორტის", "ევრონიუს ჯორჯიის" და "სილქ უნივერსალის" მეშვეობით.

საქართველოს სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი კომპანია "სილქნეტია".

R
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული