2024 წლის ოლიმპიადაზე რუსი და ბელორუსი სპორტსმენების შესაძლო დაშვების შესახებ მოსაზრება პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, პაველ იაბლონსკიმ დააფიქსირა.
"ჩემი პირადი აზრია, რომ თუ 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე რუსეთიდან და ბელორუსიდან წარმოდგენილი სპორტსმენები მონაწილეობას მიიღებენ, მაშინ ჩვენ უბრალოდ ბოიკოტი უნდა გამოვაცხადოთ ამ თამაშებზე და ოლიმპიადაზე მონაწილეობა არ მივიღოთ", - თქვა იაბლონსკიმ RMF FM რადიოსადგურის ეთერში.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) რუსი და ბელარუსი სპორტსმენები 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე დაუშვა, თუმცა მხოლოდ დამოუკიდებელ ოლიმპიელთა რანგში.
ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, რუს და
ბელარუს სპორტსმენებს ექნებათ უფლება, მონაწილეობა მიიღონ ოლიმპიადაზე, თუ ისინი არ წარმოადგენენ თავიანთ ქვეყანას ან მათ ქვეყანასთან დაკავშირებულ ორგანიზაციას. თუმცა ის სპორტსმენები, რომლებიც აქტიურად უჭერენ მხარს რუსეთის უკრაინაში შეჭრას, ღონისძიებაზე არ დაიშვებიან. კომიტეტმა რუსეთისა და ბელარუსის სახელმწიფოებიდან სპორტსმენების დაშვებას "ოლიმპიური მოძრაობის გამაერთიანებელი მისია" უწოდა და დასძინა, რომ IOC-ი კვლავ განაგრძობს უკრაინელი ათლეტების მხარდაჭერას.