სალომეს აბრაგული მსოფლიოს თასზე - ფაჟავას მედლამდე ცოტა დააკლდა [VIDEO]

AutoSharing Option
5-7 აპრილს იტალიურ პეზაროში მხატვრულ ტანვარჯიშში მსოფლიოს თასის ეტაპი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა სალომე ფაჟავამ და ნათელა ბოლატაევამ მიიღეს.

სამწუხაროდ, ლენტით შეჯიბრში ფაჟავას ბრინჯაოს მედლამდე სულ რაღაც 0.05 ქულა დააკლდა და მე-4 ადგილი დაიკავა.

ხოლო მთლიანი მონაგარის მიხედვით, ჯამში მეშვიდე ადგილი ერგო.

რაც შეეხება ნათელა ბოლატაევას, მან 40-ე ადგილი დაიკავა.

აღსანიშნავია, რომ პეზაროში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე საერთაშორისო დონის არბიტრმა, ქართველმა ელისო ბეგოშვილმა იმსაჯა.

რიტმული პეზარო
მარკეს რეგიონში პეზარო ერთი პატარა, თუმცა კულტურული ღონისძიებებით დატვირთული ქალაქია. ქალაქი, რომელიც ცნობილია ყველაზე მეტი საველოსიპედო
ბილიკებით, მუსიკალური საღამოებით და როგორც ცნობილი იტალიელი კომპოზიტორის, ჯაკომო როსინის მშობლიურ ქალაქად.

იუნესკომ პეზაროს მუსიკისა და ხელოვნებისადმი განსაკუთრებული სიყვარული დაუფასა და კულტურულ მემკვიდრეობათა ნუსხაშიც მოახვედრა. საზღვაო დანიშნულების გარდა, ქალაქი, თავის მხრივ, სპორტული სანახაობებითაც ანებივრებს ადგილობრივ მოსახლეობას. "ვირტიფრიგო არანე" ნამდვილად დამსახურებულად შეგვიძლია მოვნათლოთ შესანიშნავ სპორტულ დარბაზად, რომელიც აგერ, უკვე 11 წელია, რაც ღირსეულად მასპინძლობს საუკეთესოთა შორის მსოფლიო ჩემპიონატს მხატვრულ ტანვარჯიშში.

150 წელი
იტალიის ტანვარჯიშის ფედერაცია წელს მეტად ღირსშესანიშნავ თარიღს აღნიშნავს, დაარსებიდან 150 წელს. დიახ, იტალიელთა სასიხარულოდ, მათი ეროვნული ნაკრები, რომელსაც მეტსახელად პეპლები შეარქვეს, მართლაც რომ ღირსეულად ასპარეზობს.

შარშანდელი მსოფლიო ჩემპიონები გუნდურ ასპარეზობაში წელსაც ძლიერთა შორის საუკეთესონო აღმოჩნდნენ და ხუთი ბურთით შეჯიბრში პირველი (25.400) ადგილიც მოიპოვეს.

მეორე ადგილი რუსეთის ნაკრებმა (25.300) და მესამე იაპონიამ (24.950) გადაინაწილეს.

სამი რგოლი, ორი გურზით შეჯიბრში კი ბულგარეთის ნაკრებმა იმარჯვა და პირველი ადგილი დაიკავა (25.750), მეორე-მესამეზე კი უკრაინა 25.100 ქულით და ისრაელი 24.450 ქულით გადანაწილდნენ.

გუნდურ საერთო ჩათვლაში კი კვლავ ბულგარეთმა იყოჩაღა და მათი მთლიანი მონაგარი 49.350 ქულა ოქროს მედალს იმსახურებს. შემდეგ მოდის იაპონია - 48. 850, ხოლო მესამე ადგილზე - ისრაელის ნაკრები 48.700 ქულით.

ერთი ნაბიჯი მესამე ადგილამდე
სალომე ფაჟავამ უკრაინაში გამართულ ტურნირში შესანიშნავი შედეგი აჩვენა და ოქროს მედლით დაუბრუნდა სამშობლოს. მოტივაცია მაღალი იყო. ფაჟავას ადგილობრივი გულშემატკივარი უკვე ძალიან კარგად იცნობს და მის ქართულ რიტმებს ყოველთვის ოვაციებით ხვდებიან. პეზაროში ის პოპულარული ტანმოვარჯიშეა.

სამდღიანი ტურნირის დასკვნითი, ფინალური დღე კი ჩვენი თანამოქალაქე სალომე ფაჟავასთვისაც მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ის ფინალურ ეტაპზე მეცამეტე ადგილიდან ჩაერთო.

40 მონაწილეში ვერ მოხვდა კიდევ ერთი ჩვენი წარმომადგენელი ნათელა ბოლატაევა, რომელმაც ჩვენდა სამწუხაროდ, მხოლოდ 40-ე ადგილის და 15.950 ქულის მოპოვება შეძლო. ნათელამ საკმაოდ დამაჯერებლად იასპარეზა C ჯგუფში, თუმცა ფინალურ ეტაპზე მაინც ვერ მოხვდა იმ მცირედი ხარვეზების გამო, რომელთაც მას უმნიშვნელოვანესი ქულები დააკარგვინეს.

რაც შეეხება სალომეს, მან გურზებით Californian Dreamers-ის მუსიკაზე შეასრულა და რომ არა ფეხის ტკივილები, ალბათ, ჟიურისგან კიდევ მეტ ქულას დაიმსახურებდა - 18.950.


ლენტი კი თავისი საფირმო ქართული მუსიკის ფონზე შეასრულა. ამჯერად აბრაგული მუსიკა გამოიყენა. დარბაზი კი მის ყოველ გამოსვლას მხურვალე ტაშით ხვდება - 18.750. სალომეს მთლიანი მონაგარი ჯამში მეშვიდე ადგილი და 37.700 ქულა აღმოჩნდა.

ქართულმა გამოსვლამ ამჯერად მხოლოდ 18.750 ქულის მოგროვება და მეოთხე ადგილი დაიმსახურა. რომ არა მისი ტკივილები, მას შეეძლო მედალიც კი მოეპოვებინა.


ინდივიდუალთა სამეულები
სამ დღეზე გადანაწილებული ტურნირი, თავის მხრივ, საინტერესო აღმოჩნდა. რუსეთის სახელით მოასპარეზე დები ავერინები ამჯერადაც პირველობას არავის უთმობენ. რგოლით ასპარეზობაში არინა (22.500) და დინა (22.400) ავერინებმა პირველი და მეორე ადგილები გაიყვეს, ხოლო მესამე ადგილი კი ბელორუს კაწიარინა ჰალკინას ხვდა (21.200).

ბურთით გამოსვლაც პირველი ადგილის მომტანი აღმოჩნდა არინა ავერინასთვის (22.400). მეორე ბულგარეთის წარმომადგენელი ბორიანა კალეინია (21.700). მესამე ადგილს დასჯერდა დინა ავერინა (21.700).

გურზით კი დინა ავერინა პირველ ადგილს იკავებს (22.400). იტალიელი აგიურგუკულეზე ალექსანდრა (20.950) მეორე ადგილს სჯერდება, ხოლო ბელორუსი ჰარნასკო ალინა (20.600) კვარცხლბეკზე მესამეა. ლენტით ასპარეზობაში კვლავ რუსეთი ლიდერობს. დინა ავერინა (20.600) პირველია, კატრინ ტასევა ბულგარეთიდან (19.00) - მეორე, ხოლო ბელორუსი ალინა ჰარნასკო (18.800) კვლავ მესამეა.

მსაჯები და შეცდომები
მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზატორებმა დაკისრებულ მოვალეობას შესანიშნავად გაართვეს თავი. სამდღიანი შეჯიბრის ყოველი დღე ხარვეზების გარეშე წარიმართა, თუმცა გულშემატკივრებმა უკმაყოფილება გამოთქვეს დინა ავერინას მიერ დაშვებულ უხეშ შეცდომაზე.

ლენტით შესრულებული ნომრის პირველ საწყის წუთებში დინას ლენტი გაესკვნა, რასაც მისთვის ქულების დაკარგვა უნდა გამოეწვია, თუმცა გულშემატკივარი აღაშფოთა იმ ფაქტმა, რომ დინამ არა მარტო მაღალი ქულა - 20.600 მიიღო, არამედ ამ კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონიც კი გახდა.

ერთ-ერთი გულშემატკივარი დანანებით აღნიშნავდა სალომეს მიერ მიღწეულ შედეგს და რომ სულ რაღაც 0,05 ქულა მას ლენტით აბრაგულ ცეკვაზე შესრულებული ნომრით მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალს მოუტანდა.

ყველაფერი კი წინაა. მას აქვს პოტენციალი, მას აქვს შესანიშნავი ქარიზმა, დარბაზის მხარდაჭერა და შედეგიც აუცილებლად მოვა. ამისათვის კი საჭიროა, სალომეს მაქსიმალურად შეეწყოს ხელი.

სალომე ხარატიშვილი პეზაროდან, სპეციალურად Sportall.ge-სთვის
მკითხველის კომენტარები / 3 /
ეს გოგო ისეთ სილამაზეს ჰქმნის,ჩემთვის ჩემპიონიცაა და ვაჟკაციც.
სოსო
10:02 09-04-2019
0
ყოჩაღ სალომე. საუცხოო გამოსვლაა. მგონი ბოლოს ლენტი უნდა დაგეჭირა, თუ ვცდები? ალბათ მაგიტომ დაგაკლეს ქულები.სხვა ყველაფერი უშეცდომოდ იყო ჩემი აზრით.
emigranti
04:13 09-04-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული