"ვეცადე, ბოლომდე მომეთმინა, თუმცა მუდმივად გამაყუჩებლებით ასპარეზობა ძალიან რთულია"

AutoSharing Option
იტალია ტანვარჯიშის ფედერაციის დაარსებიდან 150 წლისთავს ზეიმობს, მარკეს რეგიონში კი ქალაქი პეზარო მსოფლიო ჩემპიონატის ქარცეცხლში გაეხვა. სამი დღით ქალაქი ულამაზესი ტანმოვარჯიშეებით გაივსო. მსოფლიოს საუკეთესოთა შორის საქართველოდან ორი წარმომადგენელი გვყავდა წარგზავნილი - ნათელა ბოლატაევა და სალომე ფაჟავა.

სამწუხაროდ, ნათელა მეორე დღეს გამოეთიშა ასპარეზობას. მის მიერ შესრულებული ლენტი და გურზი ფინალურ ეტაპზე ვერ მოხვდა. სავალალო შეცდომებმა მას 40 საუკეთესოთა შორის მოხვედრის შანსი წაართვა.

სალომე კი მეორე დღის შედეგებით მე-13 ადგილზე გავიდა და ფინალურ დასკვნით ეტაპზე Californian Dreams-ის მუსიკაზე გურზებით იასპარეზა, ხოლო აბრაგული
ცეკვით კიდევ ერთხელ აიყოლა ვიტრიფრიგოს დარბაზში შეკრებილნი. სალომე და ქართული მუსიკა ხალიჩაზე საოცარ სილამაზეს ასხივებენ. გულშემატკივარიც მას ყოველთვის ემოციებით ხვდება.

რედ: ინტერვიუ მანამდე ჩაიწერა, სანამ გავრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ფაჟავას შესაძლოა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბაფთებით გამოსვლაში ბრინჯაოს მედალი გადაეცეს.

- როგორ შეაფასებდი ტურნირს?
- საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგან ტერფზე ტრავმა მაქვს. ტკივილით ასპარეზობამ შესაძლებლობა არ მომცა, მაქსიმალურად დავხარჯულიყავი. ვეცადე, ბოლომდე მომეთმინა, თუმცა მუდმივად გამაყუჩებლებით ასპარეზობა ძალიან რთულია. სამწუხაროდ, საკვალიფიკაციო უკეთესი ქულებით ჩავატარე, ვიდრე ფინალური ეტაპი.

- ტურნირის მეორე დღეს გურზებით გამოსვლისას ტკივილები გქონდა...
- დიახ, მაშინაც მაწუხებდა ტკივილები. სამწუხაროდ, გურზებით ვერ ვიყავი მოწოდების სიმაღლეზე. არაა საპატიო მიზეზი ტკივილი. შემდეგისთვის მეტი უნდა მოვინდომო. მეორე ვარჯიში ლენტით აბრაგულ მუსიკაზე მოვამზადეთ. დიდი ხანი ვეძებდით შესაბამის ქართულ მუსიკას. ბოლო წლები ჩემი სავიზიტო ბარათი იყო რაჭული მუსიკა, რომლითაც მაყურებელი ყოველთვის აღფრთოვანებული რჩებოდა. თუმცა დრო იყო რაღაც ახალი შემომეტანა. შესაბამისად, გადაწყდა აბრაგული. მსაჯებსაც კი ძალიან მოსწონთ ეს ვარჯიში.

- პეზაროდან პირდაპირ ტურნირზე მიემგზავრები. ტკივილებით ამ დატვირთვას გაუძლებ?
- ფიზიკურად ვერ ვახერხებ დასვენებას, რაც ცუდია. ახლაც კი ტურნირზე მივემგზავრებით. ვცდილობ, მალე ჩავდგე ფორმაში. ბულგარეთში იმავე პროგრამით წარვდგები და ვეცდები, უკეთ წარმოვაჩინო თავი. თუ მოხდა ისე, რომ ძალები ვერ აღვიდგინე, ალბათ, ტურნირს გამოვტოვებ, რაც სამწუხარო იქნება.

- კმაყოფილი ხარ შედეგით?
- მეტი შეიძლებოდა, ტკივილები რომ არა...

- გულშემატკივარს კვლავ ქართული ფოლკლორით ხიბლავ...
- გვინდოდა, პაუზა გაგვეკეთებინა, თუმცა მსაჯებიც და დარბაზიც ჩემგან ქართულ მუსიკას ელიან. მათ ეს სიამოვნებთ.

- როგორ ფიქრობ, შეძლებ ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვებას?
- აუცილებელია, სათანადო მკურნალობა მივიღო, რომ სწრაფად მოხდეს ძალების აღდგენა და შესაბამისად, საოლიმპიადე ლიცენზიისთვის ყველაფერს გავაკეთებ.

სალომე ხარატიშვილი პეზაროდან, სპეციალურად Sportall.ge-სთვის

მკითხველის კომენტარები / 2 /
ძალიან საყვარელი გოგოა სალომე, როგორი ნიჭიერია. გული მწყდება, რომ ტრავმები და არცთუ სახარბიელო პირობები ასე უშლის ხელს და ბევრჯერ ძალიან მცირე აკლდება ხოლმე მედლამდე.. მინდა, რომ დაუფასდეს ამდენი შრომა, სათანადო ტიტულებით.
fofo
17:16 12-04-2019
0
დასაფასებელია ეს გოგო. ტრამვებმა გააწამეს მაგრამ ძალიან ბრძოლისუნარიანია. წარმატებას ვუსურვებ წინა საოლიმპიდო ციკლში და ოლიმპიადაზეც.
გიორგი
13:16 09-04-2019
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული