სხვა

ჭადრაკი

ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: სამი მეოთხედფინალშია, ჯობავა ტაიბრეიკს ითამაშებს

AutoSharing Option
13 სექტემბერს, მოჭადრაკე ვაჟთა მსოფლიოს თასის გათამაშების მე-4 წრის მეორე ტურის რვა შეხვედრიდან მხოლოდ ორი აღმოჩნდა შედეგიანი, ექვსი პარტია კი ყაიმით დასრულდა.

ბაადურ ჯობავამ ვესლი სოსთან (აშშ) ვერც განმეორებით პაექრობაში მიაღწია უპირატესობას და მეტოქეები 54-ე სვლაზე დაზავდნენ. მათ შორის უძლიერესი დღეს ტაიბრეიკმა უნდა დაასახელოს: ჯერ ორ 25-წუთიან პარტიას (ყოველ სვლაზე 10-10 წამის დამატებით) ითამაშებენ, შემდეგ, თუ საჭირო გახდა - 10-10-წუთიანსა (ყოველ სვლაზე 10-10 წამი) და ხუთ-ხუთწუთიან (3-3 წამის დამატებით) პარტიებში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

ყველაფერ ამას არმაგედონი (მოსაგებად თეთრებს ხუთი, შავებს ოთხი
წუთი ეძლევათ, ყაიმის შემთხვევაში გამარჯვება შავებს მიეკუთვნება) მოჰყვება.

გუშინ ასევე ქულა გაიყვეს და ანგარიში თანაბარია ბუ სიანჭი (ჩინეთი)-პიოტრ სვიდლერის (რუსეთი), მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი)-ალექსანდრ გრიშჩუკის (რუსეთი), რიჩარდ რაპორტი (უნგრეთი)-ევგენი ნაიერის (რუსეთი) შეხვედრებში. მეორე კლასიკურ პარტიაში მაქსიმ როდშტეინმა (ისრაელი) შავებით ვლადიმირ ფედოსეევს (რუსეთი) აჯობა და წონასწორობა აღადგინა.

ორი პარტიის შემდეგ მეხუთე წრეში, ანუ მეოთხედფინალში გავიდნენ: ვასილი ივანჩუკი (უკრაინა), ლევონ არონიანი (სომხეთი) და დინ ლიჟენი (ჩინეთი), რომლებმაც ერთნაირი ანგარიშით - 1.5:.5 აჯობეს, შესაბამისად, ანიშ გირის (ჰოლანდია), დანიილ დობოვსა (რუსეთი) და ვან ჩაოს (ჩინეთი).

ხუთი მეოთხედფინალისტის ვინაობა დღეს ტაიბრეიკების შემდეგ გახდება ცნობილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"