სხვა

ჭადრაკი

ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: ფინალისტებს ტაიბრეიკი გამოავლენს

AutoSharing Option
თბილისში დასასრულს უახლოვდება მოჭადრაკე ვაჟთა მსოფლიოს თასის გათამაშება (საპრიზო ფონდი მილიონ 600 ათასი დოლარი, საიდანაც გამარჯვებული 120.000 დოლარს მიიღებს). სხვადასხვა ქვეყნის 128 წარმომადგენლიდან შეჯიბრებას მხოლოდ ოთხი დიდოსტატი შემორჩა. დღეს კი ფინალისტების ვინაობას შევიტყობთ.

უკვე გაუწყეთ, რომ ნახევარფინალური პაექრობების პირველ ტურში ლევონ არონიანი (სომხეთი) და მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი) დაზავდნენ. ასევე ყაიმზე შეთანხმდნენ ვესლი სო (აშშ) და დინ ლიჟენი (ჩინეთი).

გუშინ, განმეორებითი პარტიისას სომეხ და ფრანგ მოჭადრაკეებს თავი დიდად არ შეუწუხებიათ - რომ ნახეს, წარმატების შანსი არავის ჰქონდა, მე-19 სვლაზე საზავო ხელშეკრულებას
მოაწერეს ხელი. სამაგიეროდ, დინ ლიჟენი და ვესლი სო იბრძოდნენ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე - 58-ე სვლაზე მაშინღა დაშორდნენ ერთმანეთს, როცა დაფაზე მარტო მეფეები დარჩათ.

დღეს ტაიბრეიკები გაიმართება. მეტოქეები ჯერ 25-წუთიან პარტიებს ითამაშებენ, თითოეულ სვლაზე 10-10 წამის დამატებით.

გასამარჯვებლად ეს თუ არ იქნება საკმარისი, მერე 10-10-წუთიან (10-10 წამის დამატებით ყოველ სვლაზე) პარტიებში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. შესაძლოა, 5-5-წუთიანი ბლიცებიც გახდეს საჭირო და... "არმაგედონიც", როცა მოსაგებად თეთრებს ხუთი, შავებს კი 4 წუთი ეძლევათ. ყაიმი შავებს გაუნათებს გზას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"