სხვა

თხილამურებით სრიალი

იასონ აბრამაშვილი: ვიმედოვნებ, რომ მალე ისეთი გუნდი გვეყოლება, ბევრად დიდ შედეგებზეც ვიფიქრებთ

AutoSharing Option
პიონგჩანგის ოლიმპიადაზე ვაჟთა სლალომში ქართველმა მოთხილამურემ 28-ე ადგილი დაიკავა. 108 სპორტსმენს შორის იასონ აბრამაშვილმა 74-ე ნომრით იასპარეზა. ქართველმა სპორტსმენმა ოლიმპიდაში მეოთხედ მიიღო მონაწილეობა. იგი პირველი ქართველი სამთო-მოთხილამურეა, რომელმაც ოთხ ოლიმპიადაზე ზედიზედ იასპარეზა. ბოლო, სოჭის ოლიმპიადაზე მან 22-ე ადგილი დაიკავა.

იასონ აბრამაშვილი: "დღევანდელმა დღემ საკმაოდ კარგად ჩაიარა. 108 სპორტსმენი ასპარეზობდა და 28-ე ადგილი დავიკავე. ცუდი არ იყო ნამდვილად, მაგრამ ყოველთვის უკეთესი შედეგი გვინდა იყოს ხოლმე, თან შეიძლებოდა უკეთესადაც. გარისკვის შედეგად რამდენიმე ადგილით წინ ვიქნებოდი, მაგრამ გამოვარდნის ალბათობა უფრო დიდი იქნებოდა, რადგან
საკმაოდ რთული ტრასა იყო ორივე ცდაში. ტაქტიკური გადაწყვეტილება მივიღე და დაშვების დროს 70-80 პროცენტით გავრისკე. მგონი, არ იყო ცუდი გადაწყვეტილება. დანარჩენი გულშემატკივრებმა შეაფასონ. ჩვენი გუნდი ყოველწლიურად ძლიერდება და ვიმედოვნებ, რომ მალე ისეთი გუნდი გვეყოლება, ბევრად დიდ შედეგებზეც ვიფიქრებთ".  

იასონ აბრამაშვილი 1988 წელს ბაკურიანში დაიბადა. საქართველოს სამთო-სათხილამური ნაკრებში იგი 1999 წლიდან ირიცხება. 2003 წლიდან გამოდის საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით გამართულ შეჯიბრებებზე,  სადაც მან არაერთი პრიზი და გამარჯვება მოიპოვა.

ასევე, 2005-17 წწ. მას მონაწილეობა აქვს მიღებული მსოფლიოს 6 ჩემპიონატში. 2017 წლიდან  აბრამაშვილი ვარჯიშობს ავსტრიელ მწვრთნელთან, ვალტერ ჰუბმანთან. ჰუბმანი სხვადასხვა წელს იყო ხორვატიის, ბულგარეთის, ავსტრიის სამთო-სათხილამურო ნაკრებების მთავარი მწვრთნელი. მას არაერთ ტიტულოვან სპორტსმენთან აქვს ნამუშევარი, მათ შორის, ოლიმპიურ ჩემპიონებთან და მსოფლიო თასის მფლობელებთან, ჰერმან მაიერთან და ივიცა კოსტელიჩთან.

ქართველ სპორტსმენთან ის საქართველოს სამთო-სათხილამურო ფედერაციის მოწვევით წლების განმავლობაში მუშაობს. ზაფხულის და შემოდგომის პერიოდში ქართველი მოთხილამურეები უნგრელ სპორტსმენებთან ერთად ევროპის ცნობილ კურორტებზე (მყინვარებზე) გადიოდნენ წვრთნებს.

ვალტერ ჰუბმანის დამსახურებაა, რომ იასონ აბრამაშვილი 2017-18 წლების სეზონზე თითქმის FIS-ის ყველა შეჯიბრზე საუკეთესო სპორტსმენთა ათეულში იყო. 16 იანვარს ზაგრებში იასონმა FIS-ის შეჯიბრზე, სადაც მაღალრეიტინგიანი სპორტსმენები ასპარეზობდნენ, მეორე ადგილი დაიკავა.

ასევე აღსანიშნავია ქალთა სამთო-სათხილამურო ნაკრების წევრის, ნინო წიკლაურის შედეგების გაუმჯობესება წინა ოლიმპიადებთან შედარებით. პიონგჩანგის ოლიმპიადაზე ნინო წიკლაურმა 39-ე ადგილი დაიკავა ქალთა სლალომში.

ნინოსთვის წლევანდელი ოლიმპიადა რიგით მესამეა. იმ ქვეყნების რიცხვში, რომლებსაც ზამთრის სპორტის სახეობების ნაკრებებში ათეულობით სპორტსმენი ჰყავთ წარმოდგენილი, საქართველოსთვის 28-ე ადგილის დაკავება ბოლო წლების თავდაუზოგავი შრომის და არჩეული ტაქტიკის წარმატებული შედეგია.

საქართველოს სათხილამურო ფედერაციას ამ მნიშვნელოვან საქმეში მხარში უდგას კომპანია "სილქნეტი". ეს მხარდაჭერა მიზნად ისახავს სათხილამურო სპორტის სახეობების განვითარებას და მის პოპულარიზაციას, ასევე, სპორტული სკოლების საქართველოს თასზე ასპარეზობას. 
ვულოცავთ იასონს პიონჩანგის შედეგს!

კომპანია "სილქნეტისთვის" მნიშვნელოვანია თითოეული სპორტსმენის მონაწილეობა  საერთაშორისო ტურნირზე, ახალი გამოცდილების მიღება, წარმატებული შედეგის ჩვენება და  ქულების გაუმჯობესება.

®
ასევე დაგაინტერესებთ