ჩაიშლება ადრიატიკის ლიგა? - ხორვატიულ-სერბული დაპირისპირება და ქართველი ლეგიონერი

AutoSharing Option
საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა ნაკრების სამი წევრი რეგიონალნა ლიგაში, ანუ ადრიატიკის ჩემპიონატში მონაწილეობს.

პირველ ლიგაში ოთხი ქვეყნის 10 გუნდი იბრძვის მედლებისთვის. ჩვენი ნაკრების ცენტრალური თავდამსხმელი ანდრია ბითაძე ბელგრადის (სერბეთი) "ცრვენა ზვეზდას" ღირსებას იცავს, ხოლო ნიკოლოზ შუბლაძე (მეკარე) და დამირ ცრეპულია კოტორის (მონტენეგრო) "პრიმორაცში" თამაშობენ.

ბოლო ორ ტურში შესანიშნავად იასპარეზეს კოტორელებმა: საკუთარი კედლების დახმარებით ხორვატთა "პოშკს" სძლიეს 13:7. ცრეპულიამ სამი გოლი მიითვალა, მე-15 ტურში კი ასევე შინ "შაბაცი" დაამარცხეს - 16:10. დამირი თანაგუნდელებს ამჯერად 2 გოლით შეეწია. ახლა "პრიმორაცი" 13 ქულით (ბურთები:
-20) მერვე ადგილზეა.

გათამაშების ცხრილის მე-7 საფეხურზე იმყოფება "ცრვენა ზვეზდა", რომელმაც 13 შეხვედრაში 14 ქულას (-20) მოუყარა თავი. ბელგრადელებმა მე-14 ტურში "პარტიზანს" აჯობეს 10:6. ერთი ბურთი ბითაძის ანგარიშზეა.

სერბებს ორი მატჩი მარაგში აქვთ და ორივე სტუმრად სპლიტის (ხორვატია) გუნდებთან - "მორნარსა" და "პოშკთან". საქმე ის არის, რომ მე-13 ტურში ანდრია და მისი თანაგუნდელები სპლიტში "მორნარს" უნდა შეხვედროდნენ. პაექრობის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე სერბ წყალბურთელებს კაფეში ადგილობრივი გულშემატკივრები დაესხნენ თავს. სტუმართა ერთი მოთამაშე ზღვაში გადახტა, ორი კი სასტუმროში გაიქცა. პოლიცია უმალ ჩაერია საქმეში და თავდამსხმის ერთი მონაწილე დააპატიმრა.

ინციდენტს მაშინვე გამოეხმაურა რეგიონალნა ლიგის ხელმძღვანელობა, რომელმაც დაგმო თავდასხმის ფაქტი და გამოთქვა იმედი, რომ დამნაშავეები დაისჯებიან, ხოლო ადრიატიკის ჩემპიონატს, რომელიც 11 წელიწადია ტარდება, საფრთხე არ დაემუქრება. ფედერაციის გადაწყვეტილებით, სპლიტში გასამართავი ორი მატჩი საქმის არსში საბოლოო გარკვევამდე გადაიდო.

- ჩვენი გუნდის წევრები - მონტენეგროელი მეკარე სანდრო კრალი და ორი სერბი - დუშან ვასიჩი და მილოშ მაქსიმოვიჩი კაფეში ისხდნენ, - გვითხრა ანდრია ბითაძემ, რომელსაც გუშინ ბელგრადში შევეხმიანეთ. - სამივეს "ცრვენა ზვეზდას" ფორმა ეცვა. როგორც შევიტყვეთ, მათ სპლიტის ფეხბურთის გუნდ "ჰაიდუკის" ფანები დაესხნენ თავს. ვასიჩი და მაქსიმოვიჩი სასტუმროში გამოიქცნენ, ხოლო კრალი ზღვაში გადახტა. კიდევ კარგი, რომ პოლიცია დროზე მოვიდა და სიტუაცია განმუხტა. მატჩი ჩაიშალა. იმ თავდამსხმელებიდან, მგონი, რამდენიმე დაიჭირეს. გასული საუკუნის 90-იანი წლების ომის შემდეგ ხორვატებისა და სერბების გარკვეულ ნაწილს ერთმანეთთან ძალიან ცუდი დამოკიდებულება აქვს.

- თქვენმა გუნდმა მე-15 ტურის გასვლითი მატჩიც გამოტოვა "პოშკთან"...
- დიახ, ეს შეხვედრაც სპლიტში უნდა გამართულიყო. "ცრვენა ზვეზდას" ხელმძღვანელობამ იქ გამგზავრებაზე უარი თქვა და რეგიონალნა ლიგის თავკაცებს სთხოვა, ორივე მატჩი სხვაგან გაიმართოს. ხორვატიის წყალბურთის ფედერაციამ ეს შეთავაზება უარყო, რადგან "ზვეზდას" მოთამაშეებზე თავდასხმა არც "მორნარის" და არც "პოშკის" ბრალი არ ყოფილაო.

- როგორ ფიქრობ, ეს ინციდენტი ადრიატიკის ჩემპიონატის ჩაშლას ხომ არ გამოიწვევს?
- არა მგონია. ხულიგნობა ყველგან ხდება. მთავარია, მთავრობამ დროზე აღკვეთოს ეს გამოხდომები. რეგიონალნა ლიგის ფედერაციის სხდომა 12 მარტს გაიმართება და საბოლოო გადაწყვეტილებასაც იქ მიიღებენ. ვფიქრობ, ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის და სპლიტში ორივე მატჩს ვითამაშებთ.

- ჩემპიონთა ლიგაზე რა ხდება?
- ხვალ ბუდაპეშტში უნგრეთის "ფერეცვაროშს" გავუწევთ მეტოქეობას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული