საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები დღეს ევროპის ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას გამართავს

AutoSharing Option
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში 12 იანვარს დაიწყო წყალბურთელთა ევროპის 34-ე ჩემპიონატი.

შეჯიბრების პირველ ორ დღეს ქალები ცდიდნენ ძალებს. დღეს მედლებისთვის პაექრობაში ვაჟები ჩაებმებიან. მამაკაცების 16 გუნდი დაუპირისპირდება ერთმანეთს. ისინი წილისყრით ოთხ ჯგუფში გადანაწილდნენ:

A ჯგუფი: გერმანია, სლოვაკეთი, ხორვატია, მონტენეგრო

B ჯგუფი: რუმინეთი, სერბეთი, ჰოლანდია, რუსეთი

C ჯგუფი: მალტა, თურქეთი, ესპანეთი, უნგრეთი

D ჯგუფი: საფრანგეთი, იტალია, საქართველო, საბერძნეთი

ჯგუფებში პირველ-მესამე ადგილებზე გასული გუნდები მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლებას მოიპოვებენ, თანაც პირველადგილოსნები პირდაპირ მეოთხედფინალში გავლენ.

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ რაუნდში თამაშის უფლება თბილისში
შესარჩევი ტურნირის მოგებით (გერმანიას და შვეიცარიას სძლია) ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა.

მთავარი მწვრთნელის - რევაზ ჩომახიძის ხელმძღვანელობით, ჩვენი გუნდი უნგრეთში ასეთი შემადგენლობით გაემგზავრა: ნიკოლოზ შუბლაძე, ბექა ქავთარაძე, დამირ ცრეპულია, რევაზ იმნაიშვილი, ანდრია ბითაძე, მარკო ელაჩა, ხვიჩა ჯახაია, მიხეილ ბაღათურია, ზურაბ რურუა, გიორგი მაგრაქველიძე, ფაბიო ბარალდი, ბორის ვაპენსკი, ირაკლი რაზმაძე, მწვრთნელები - თამაზ კუტივაძე, გელა ტუკვაძე.

ამ შეჯიბრებისთვის საქართველოს ნაკრები კარგა ხანია, მონდომებით ემზადება. შარშან ზაფხულს ნაკრების წევრებს თბილისის "დინამოში" მოუყარეს თავი და უკეთ შეთამაშების მიზნით გუნდი ჩემპიონთა ლიგის მთავარ ტურნირში ჩაება. განვლილ შვიდ ტურსა და მსოფლიოს ლიგის მატჩში მონაწილეობით ქართველმა წყალბურთელებმა საერთაშორისო პაექრობებში თამაშის კარგი გამოცდილება მიიღეს.

ბუდაპეშტური ბატალიების წინ ჩვენებმა ბოლო რეპეტიცია პოდგორიცაში (მონტენეგრო) გაიარეს - ნაახალწლევს იქაურ საერთაშორისო ტურნირში ითამაშეს. შეგახსენებთ, რომ ქართველმა წყალბურთელებმა ჩერნოგორიაში გერმანიას აჯობეს - 10:7, ხოლო მასპინძლებსა (10:16) და ფრანგებთან (9:12) წააგეს.

დღეს, პირველ ტურში საქართველოს ნაკრები მომდევნო ეტაპზე გასასვლელად სწორედ უშუალო კონკურენტ საფრანგეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება, რომლის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი არხი" განახორციელებს. ჯგუფში მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში (უპირობო ფავორიტები იტალიელები და ბერძნები არიან), მეოთხედფინალის საგზურისთვის მერვედფინალში B ჯგუფის მეორეადგილოსანთან გაარკვევს ურთიერთობას.

- პოდგორიცის ტურნირის შემდეგ უნგრეთში გამომგზავრებამდე ხარვეზების გამოსწორებაზე ვიმუშავეთ, - გვითხრა რევაზ ჩომახიძემ, რომელსაც ბუდაპეშტში შევეხმიანეთ. - ვფიქრობთ, ფრანგებთან მატჩს მომზადების პიკსა და კარგ განწყობაზე ვხვდებით. სტარტზე ძლიერი მეტოქე გვყავს და ჩვენი უპირველესი მიზანი სწორედ ფრანგების დამარცხებაა, რომ 12 საუკეთესოში მოვხვდეთ. ამით, შესაძლოა, წლევანდელი ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ეტაპისკენ გაგვეხსნას გზა. მოგების თეორიული შანსი გვაქვს და ქომაგების გასახარებლად ჩვენც არაფერს დავიშურებთ...

დღეს ბუდაპეშტში ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის რვა მატჩი გაიმართება. საქართველოს ნაკრები თბილისის დროით 19.00 საათზე საფრანგეთს შეხვდება. 16 იანვარს საბერძნეთთანაც 19 საათზე ითამაშებს, ხოლო 18-ში იტალიას 17.30 საათზე დაუპირისპირდება.

14 იანვარი, ჯგუფური ეტაპის პირველი ტური

A ჯგუფი. 14.30. სლოვაკეთი - მონტენეგრო, 17.30. გერმანია - ხორვატია;

B ჯგუფი. 13.00. რუმინეთი - ჰოლანდია, 20.30. სერბეთი - რუსეთი;

C ჯგუფი. 16.00. მალტა - ესპანეთი, 22.30. თურქეთი - უნგრეთი;

D ჯგუფი. 19.00. საფრანგეთი - საქართველო, 23.59. იტალია - საბერძნეთი.

წყარო: Lelo.ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
გავიმარჯვეთ ! 9:7
გილოცავთ!
ნიკ
20:05 14-01-2020
0
წარმატებას გისურვებთ!
ლაშა
17:33 14-01-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული