"მერსედესი" აუთსაიდერი იქნება?

AutoSharing Option
ფორმულა 1-ის ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ "მერსედეს გრან-პრი" ახალი სეზონის წინ ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩნდა: ცხადია, რომ სეზონის დაწყებამდე გერმანული საჯინიბოს ინჟინრებსა და კონსტრუქტორებს გაორმაგებული დატვირთვით მოუწევთ რთული ამოცანის გადაჭრა, რადგან ბოლო ტესტებზე "მერსედესი" კონკურენტებთან წრეზე თითქმის ორ წამს აგებდა.

გუნდს იმედი აქვს, რომ ტექნიკურ განახლებათა კომპლექსი, რომლის გამოცდას გუნდი ბარსელონას ტესტებზე აპირებს, შესამჩნევად აამაღლებს მანქანის სიჩქარეს. მაგრამ ბრიტანული "ავტოსპორტის" ინფორმაციით, ამით პრობლემა არ ამოწურება: MGP W02-ის იმ ვერსიამ, რომელიც ავსტრალიის ტრასაზე უნდა გამოჩნდეს, ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის აუცილებელი კრაშ-ტესტი ვერ გაიარა.

ნებისმიერ
შემთხვევაში შასიმ უნდა გაიაროს კრაშ-ტესტი ავსტრალიის გრან-პრიმდე. შესაძლოა, "მერსედესი" იმიტომაც ცდილობდა ბარსელონას ტესტების გადატანას, რომ გარკვეული დრო მოეგო პირველადი პრობლემების მოსაგვარებლად, მათ შორის ახალი ელემენტების დასამზადებლად, რომელიც, სავარაუდოდ, მხოლოდ პირველი რბოლისთვის იქნება მზად.

"მერსედეს მოტოსპორტის" შეფი ნორბერტ ჰაუგი  გუნდის მიერ ფედერაციის ყველა კრაშ-ტესტის გავლას ვერ ადასტურებს, თუმცა იქვე ამატებს, რომ ეს პრობლემა არ არის. "არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ, - ამბობს ჰაუგი "ავტოსპორტთან" ინტერვიუში. - მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ეს არ უნდა იყოს ჩვენთვის წინაღობა".

თუ "მერსედესის" ახალი ბოლიდის სიჩქარე არ გაიზრდება, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სეზონის დასაწყისში ამ გუნდის პილოტები კვალიფიკაციაში პირველ ათეულში მოხვედრაზე პრეტენზიას ვერ განაცხადებენ. არ არის გამორიცხული, კვალიფიკაციის მეორე სესიაში გადასვლის პრობლემაც კი შეიქმნას, რადგან მანქანას ცუდად უჭირავს ტრასა: მას სტაბილურობა არ ჰყოფნის მოსახვევიდან გამოსვლისას, რაც არასაკმარისი მოჭიდების ძალით არის გამოწვეული. გარდა ამისა, ტესტებზე შესამჩნევი იყო საბურავის ცვეთის მაღალი ტემპი: "მერსედესზე" "პირელის" საბურავები უფრო სწრაფად გამოდიოდა წყობიდან, ვიდრე სხვა მანქანებზე. სავარაუდოდ, აეროდინამიკის მხრივაც ყველაფერი წესრიგში არ არის.

"მერსედეს გრან-პრის" შეფმა როს ბრაუნმა პირადად აღიარა, რომ გუნდს მანქანის გახურების პრობლემასთან მოუწია ბრძოლა და ეს ხარვეზი ბარსელონაში დასკვნითი სატესტო სესიის დროს უნდა გამოსწორდეს.

ბრაუნი ირწმუნება, რომ გუნდი თავიდანვე გეგმავდა პირველ ტესტებზე ახალი მანქანის მხოლოდ საბაზო ვერსიის წარმოდგენას: "ჩვენთვის კარგად არის ცნობილი მანქანის მიმდინარე ვერსიის სისწრაფე, ვიცით, რომ ჩამოვრჩებით ლიდერებს და ამის მიზეზებიც გარკვეული გვაქვს."

ნორბერტ ჰაუგს მიაჩნია, რომ ბარსელონაში გუნდი უფრო მაღალ შედეგებს გვანახებს: "ახლა სერიოზული პროცესები მიმდინარეობს, რამდენიმე სასტენდო გამოცდა ჩავატარეთ. იმედია, ბარსელონაში მოდერნიზებული ბოლიდი უფრო სწრაფად ირბოლებს და ამ ტესტების შედეგად საერთო სურათი უფრო გასაგები იქნება. ჩვენ გვაქვს არაერთი კარგი იდეა, მაგრამ ჯერ კიდევ შესამოწმებელია მათი ეფექტურობა ტრასაზე"

ამასწინ, როს ბრაუნმა და სხვა აქციონერებმა კონცერნ "დაიმლერსა" და ფონდ Aabar Investment-ს მიჰყიდეს გუნდის აქციათა დარჩენილი 25 პროცენტი. დაისვა კითხვა: რამდენ ხანს აპირებს ბრაუნი გუნდის ხელმძღვანელად დარჩენას? თუმცა თავად ის და ნორბერტ ჰაუგი ირწმუნებიან, რომ "მერსედეს გრან-პრის" მენეჯმენტის სტრუქტურაში არანაირი ცვლილება არ იგეგმება.

ასევე არ არის გამორიცხული, ისევ დაიწყოს ლაპარაკი 42 წლის მიხაელ შუმახერის მოტივაციის შესახებ. ვეტერანმა, შესაძლოა, გული აიცრუოს ახალ მანქანაზე და სამუდამოდ გამოემშვიდობოს ჩემპიონის ტიტულის კიდევ ერთხელ მოგების იმედს.

ბრიტანელი ექსპერტების აზრით, თუ "მერსედეს გრან-პრი" მოახერხებს წრეზე წამნახევრის გაბათილებას, ლიდერები მაინც ძალიან წინ იქნებიან, შესაბამისად, როს ბრაუნის გუნდი გამარჯვებაზე პრეტენზიის გამოცხადებას ვერ შეძლებს.

"ავტოსპორტის" ტექნიკურ კონსულტანტს, გარი ანდერსონს არ სჯერა, რომ ტესტების შედეგები  გუნდის მოლოდინს შეესაბამება. "ბარსელონას ტესტების დროს "მერსედესი" ძალიან ცუდად გამოიყურებოდა, - ამბობს ანდერსონი. - მას ტრასასთან მოჭიდება აკლდა, მესამე გრძელ მოსახვევში შესვლისას პილოტებს დიდი ძალისხმევა სჭირდებოდათ ტრაექტორიის შესანარჩუნებლად.

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საკვალიფიკაციო რბოლებში მიხაელ შუმახერსა და ნიკო როსბერგს პრობლემები ექნებათ მეორე სესიაში მოხვედრის მხრივ, ათეულში შესვლა კი უბრალოდ უნდა დაივიწყონ. მოკლედ, მანქანა სასწრაფო მოდერნიზაციას მოითხოვს.

თუ მართლაც არსებობს პრობლემები, მათ მოსაგვარებლად ძალიან ცოტა დრო არის დარჩენილი. პირადად მე  სეზონის პირდაპირ კარგი მანქანით დაწყებას ვისურვებდი, ვიდრე მის მოკლე დროში მოდერნიზაციას."





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული