მესამე ტრასაზე დღეს 10 გუნდი ვიხილეთ: "მაკლარენმა" ერთდღიანი პაუზა აიღო, HRT-ის ახალი მანქანის დებიუტი კი დღეს შედგება. დანარჩენმა საჯინიბოებმა გუშინ დილით გააგრძელეს მუშაობა. გუნდების უმრავლესობამ კვალიფიკაციისა და რბოლის იმიტაციაზე გააკეთა აქცენტი და საბოლოო ოქმში მოხვდა შედეგები, რომელიც თითქმის ცარიელი ავზების პირობებში დაფიქსირდა.
"ზაუბერის" ბოლიდით საუკეთესო დრო აჩვენა დებიუტანტმა სერხიო
მესამე დღის შედეგები:
1. პერესი ("ზაუბერი") 1:21.761 (95 წრე)
2. მასა ("ფერარი") +0,331 (132)
3. უებერი ("რედ ბული") +0.705 (97)
4. ბარიკელო ("უილიამსი") +0.876 (105)
5. შუმახერი ("მერსედესი") +1.131 (89)
6. ჰაიდფელდი ("ლოტუს-რენო) +1.780 (32)
7. კოვალაინენი ("ლოტუსი") +2.229 (40)
8. პეტროვი ("ლოტუს-რენო) +2.472 (24)
9. სუტილი ("ფორს ინდია") +2.573 (108)
10. ალგერსუარი ("ტორო როსო") +3.018 (107)
11. დ'ამბროზიო ("ვირჯინი") +5.575 (96)
12. ტრული ("ლოტუსი") +12.724 (6)
ლუისი კრახს წინასწარმეტყველებს
"მაკლარენის" ლიდერი ლუის ჰემილტონი ბარსელონაში სეზონისწინა ტესტების შედეგებს პესიმისტურად აფასებს და თავისი საჯინიბოს კრახს წინასწარმეტყველებს. ბრიტანელმა აღნიშნა, რომ გუნდმა მანქანასთან მუშაობაში პროგრესი განიცადა, მაგრამ ეს ჯერ არასაკმარისია ჩემპიონატში გამარჯვებისთვის.
"დღემდე ჩვენ მუდმივად ვაუმჯობესებდით ბოლიდს და ტექნიკურ სიახლეებს გარკვეული ეფექტი ჰქონდა. ამასთან, უნდა ვაღიარო, რომ ამ მომენტისთვის "მაკლარენი" მზად არ არის ტიტულისთვის საბრძოლველად. პირველ რბოლებში ჩვენ ქულების აღების იმედი გვექნება, ხოლო თუ ბოლიდის მოდერნიზაცია ეფექტური გამოდგა, მაშინ შეიძლება რბოლებში გამარჯვებაზე ფიქრი. ჩვენი რეალური დონე საიმედოობისა და სისწრაფის მხრივ, ჯერჯერობით გაურკვეველია.
რამდენიმე პრობლემა გამოვავლინეთ, მაგრამ მათი გადაწყვეტა არც ისე იოლი ყოფილა, ვიდრე გვეგონა. საერთო ჯამში, ამ დღეებში გაწეული სამუშაო წარმატებულად უნდა ჩავთვალოთ, მაგრამ ეს ცოტაა ტიტულისთვის ბრძოლისთვის", - ამბობს ჰემილტონი.
ფეტელი: ალონსოსთან პრობლემები მქონდა
მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა სებასტიან ფეტელმა აღიარა, რომ 2010 წელს პრობლემა ჰქონდა ესპანელ ფერნანდო ალონსოსთან ურთიერთობაში.
"ალონსოსთან მიმართებაში მართლაც მქონდა პრობლემები, მაგრამ ხალხმა გვერდიდან ეს ყველაფერი არასწორად შეაფასა. ყველაფერი განვიხილეთ და პრობლემა მოვაგვარეთ. ორ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული აზრი, მაგრამ ჩვენ პატივს ვცემთ ერთმანეთს.
მართალია, რომ მან არ მომილოცა ტიტულის მოპოვება, მაგრამ მონტე კარლოში ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრიზების გადაცემის ცერემონიისას ჩამომართვა ხელი. ჩემი აზრით, ეს ნორმალურია. დამარცხებული ყოველთვის განაწყენებული რჩება და მას დრო სჭირდება ამ შოკიდან გამოსასვლელად. ვიღაცას ამისთვის ხუთი წუთი სჭირდება, ვიღაცისთვის კი ორი კვირაც არ არის საკმარისი", - ასეთ კომენტარს უკეთებს შარშანდელ უთანხმოებას ფეტელი.
მალაიზიაში ღამის რბოლაზე ფიქრობენ
მალაიზიის გრან-პრის ორგანიზატორები სერიოზულად განიხილავენ "სეპანგის" ავტოდრომზე რბოლის ღამით ჩატარების პერსპექტივას. ასეთი ინიციატივა უკვე განიხილებოდა სამი წლის წინ, მაგრამ მაშინ პროექტი ვერ განხორციელდა. ჯერჯერობით მსოფლიოს ჩემპიონატის კალენდარში მხოლოდ ერთი ღამის რბოლაა - სინგაპურში პილოტები 2008 წლიდან ეჯიბრებიან ერთმანეთს ხელოვნური განათების პირობებში.
მალაიზიაში რბოლის ღამით ჩატარებამ შეიძლება ორი პრობლემა მოაგვაროს: აპრილში ღამით ისეთი სიცხე არ იქნება, როგორც დღის საათებში და პილოტებს თითქმის იდეალურ პირობებში მოუწევთ გამოსვლა. ამასთან, რბოლის ტელეტრანსლაციის დრო ევროპის ქვეყნებისთვის უფრო მოსახერხებელი იქნება.
ცვლილებები რეგლამენტში
ორი დღის წინ ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის მსოფლიო საბჭოზე ტექნიკურ რეგლამენტში რამდენიმე საინტერესო ცვლილება შეიტანეს, რომელიც დაუყოვნებლივ შევიდა ძალაში.
კერძოდ, ახალი წესი შეეხება პეისკარის გამოსვლას რბოლების დროს, აგრეთვე საბურავების გამოყენებას. გარდა ამისა, ფედერაციამ გამოაცხადა, რომ სპეციალური ჯგუფი ჩაატარებს ყველა ტრასის ტესტს იმისთვის, რომ მათი გადაკეთება მოხერხდეს გასწრებების რიცხვის გასაზრდელად.
ფედერაციამ სიჩქარის შეზღუდვები დააწესა პეის-კარის გადაადგილებაზე - ეს დრო წრის გავლის დროის 40 პროცენტი უნდა იყოს, ამასთან უსაფრთხოების მანქანა ტრასაზე არა ერთი, არამედ ორი წრე დარჩება. ტრასაზე პეის-კარის გასვლის დროს პილოტებს პიტსტოპზე შესვლის უფლება ექნებათ.
.