ისევ ფეტელი!

AutoSharing Option
ახალი სეზონი ფორმულა 1-ში ორის კვირის დაგვიანებით დაიწყო. პირველი დიდი პრიზი პილოტებმა ავსტრალიაში გაითამაშეს. უკვე საკვალიფიკაციო რბოლამ დაადასტურა, რომ ამ სეზონშიც მთავარი ფავორიტი მოქმედი ჩემპიონი სებასტიან ფეტელი ("რედ ბული") იქნება. მან დამაჯერებლად მოიგო პოული და ავსტრალიური ტრიუმფისთვის მოემზადა.

ფეტელმა ბრწყინვალე სტარტი აიღო და მომენტალურად მოუგო ლუის ჰემილტონს ("მაკლარენი") რამდენიმე კორპუსი. თავად ჰემილტონი იმითაც კმაყოფილი იყო, რომ მეორე ადგილი შეინარჩუნა და წინ არ გაუშვა მარკ უებერი ("რედ ბული"). "წითელი ხარების" მეორე პილოტსაც კარგი სტარტი გამოუვიდა, მაგრამ ლუისმა პირველ მოსახვევამდე შიდა რადიუსი
დაიკავა და ამით მეორე პოზიცია არ დათმო.

პრაქტიკულად პირველივე წრეზე დაასრულა რბოლა მიხაელ შუმახერმა ("მერსედესი"): გერმანელს უკნიდან დაეჯახა ხაიმე ალგერსუარი ("ტორო როსო"), რის შემდეგაც ესპანელი ბოქსებში ახალი ანტიფრისთვის შევიდა, მიხაელი - ახალი უკანა საბურავისთვის. ამის შემდეგ "მერსედესის" პილოტი დიდხანს იტანჯებოდა ბოლო ადგილზე, რის შემდეგაც საბოლოოდ შეუხვია ბოქსებში.

პირველ წრეზე არ გაუმართლა კიდევ ერთ ვეტერანს - რუბენს ბარიკელოს ("უილიამსი"), რომელიც ტრასიდან გადავარდა. ამის შემდეგ ბრაზილიელმა ერთი მეორის მიყოლებით ჩამოიტოვა მეტოქეები და პირველ ათეულში შეაღწია. თუმცა გარკვეულ მომენტში რუბენსმა აშკარად გადაამეტა საკუთარი შესაძლებლობების შეფასება და ზედმეტად ოპტიმისტური იერიში მიიტანა ნიკო როსბერგზე ("მერსედესი"). გერმანელმა არ დაუთმო და საბოლოოდ ორივენი ბრძოლის მიღმა აღმოჩდნენ. ნიკო მაშინვე გამოეთიშა რბოლას გაფუჭებული რადიატორის გამო, ბარიკელომ კი ბრძოლის გაგრძელება სცადა, მაგრამ მოგვიანებით მანაც ნაადრევად დაასრულა სეზონის პირველი ეტაპი.

შეგახსენებთ, რომ სეზონის წინ ბევრი ლაპარაკი იყო "პირელის" "უხარისხო" საბურავების შესახებ, რის გამოც ივარაუდეს, რომ რბოლის დროს პილოტებს მინიმუმ სამჯერ მოუწევდათ პიტსტოპზე შესვლა. გაჩერებების რაოდენობა მართლაც დიდი იყო, მაგრამ არა იმდენი, რამდენსაც ვარაუდობდნენ. საერთო ჯამში, პილოტებმა ორი-სამი პიტსტოპის ტაქტიკა აირჩიეს, დებიუტანტმა სერხიო პერესმა ("ზაუბერი") კი სარისკო გადაწყვეტილება მიიღო - მხოლოდ ერთხელ შეცვალა საბურავები. მექსიკელი ამ საკითხს ეკონომიურად მიუდგა: იმ საბურავებით, რომლითაც უკვე გავლილი ჰქონდა 10-15 წრე, პერესი ერთ ტემპში მიდიოდა პილოტებთან, რომლებსაც ახალი გამოცვლილი ჰქონდათ კომპლექტი. სერხიომ ბრწყინვალე რბოლისთვის საჩუქრად მეშვიდე პოზიცია მიიღო - იდეალური დებიუტი გამოვიდა!

დავუბრუნდეთ ლიდერებს. ფეტელი სტარტის შემდეგ მეტად ოპერატიულად ზრდიდა ლუის ჰემილტონთან უპირატესობას, მაგრამ ბოლომდე მშვიდად ვერ გრძნობდა თავს: ბოლო წრეებამდე ბრიტანელი ცდილობდა ძალიან შორს არ გაეშვა ჩემპიონი და მასთან 10-15-წამიანი ჩამორჩენას ინარჩუნებდა. საბოლოოდ, ლუისის მეორე ადგილი ეჭვს არ იწვევდა, თუმცა პირველი ადგილისთვის ბრძოლა არარეალური ჩანდა.

არც თუ ისე დამაჯერებელი იყო მარკ უებერი: მის მანქანაზე საბურავები ძალიან მალე ცვდებოდა და სწორედ ავსტრალიელი გახდა პიტსტოპების ახალი ტალღის წამომწყები. ""რედ ბულის" პილოტი ვერ გახდა ჰემილტონის კონკურენტი, ხოლო საბურავების მორიგი ცვლილების შემდეგ ფერნანდო ალონსოც ("ფერარი") წინ გაუშვა. თავის მხრივ, ძალიან ცუდი სტარტის შემდეგ ესპანელმა შესანიშნავი რბოლა ჩაატარა, რამდენიმე პოზიცია მოიგო და მეოთხე ადგილზე გავიდა.

თავად გააფუჭა საკუთარი რბოლა ჯენსონ ბატონმა ("მაკლარენი"). პირველ წრეებზე ბრიტანელი მონდომებით უტევდა ფელიპე მასას ("ფერარი"), მაგრამ გააქტიურებული უკანა ანტიფრითითაც ვერაფერი მოუხერხა ბრაზილიელს. საბოლოოდ, "მაკლარენის" პილოტმა მაინც გაუსწრო ფელიპეს, მაგრამ ამისთვის მოსახვევი მოჭრა. რბოლის სტიუარდებმა ჯენსონი დააჯარიმეს და ამის გამო შარშანწინდელი ჩემპიონი ფინიშზე მეექვსე მივიდა, არადა ჯარიმის თავიდან აცილების შემთხვევაში შეეძლო ალონსოსა და უებერის წყვილთან კონკურენცია.

რბოლის ნამდვილი გმირი აღმოჩნდა "ლოტუს-რენოს" პილოტი ვიტალი პეტროვი. რუსმა მეექვსე პოზიციიდან აიღო სტარტი და უკვე პირველი მოსახვევისთვის ორი პოზიცია ჰქონდა მოგებული - უკან დარჩნენ ალონსო და ბატონი. ფერნანდო საერთოდაც გარე რადიუსზე "მიაგდეს" და სადღაც პირველი ათეულის ბოლოში აღმოჩნდა.

რუსი პილოტი დამაჯერებლად ინარჩუნებდა მეოთხე ადგილს და ბოლოს მისმა გუნდმა სარისკო გადაწყვეტილება მიიღო - მესამე პიტსტოპზე არ დაუძახა პეტროვს და ამ სვლამ გაამართლა. ამის ხარჯზე რუსმა უკან ჩამოიტოვა უებერი და მესამე ადგილზე გადავიდა. მართალია, ბოლოსკენ პეტროვს ალონსო წამოეწია, მაგრამ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა შეტევაზე გადასვლა ვერ მოასწრო.

ასე რომ, სწორად არჩეული ტაქტიკით რუსი კარიერაში პირველად ავიდა პოდიუმზე. მეორე საფეხური ჰემილტონს ერგო, პირველი - ფეტელს, რომელმაც დაამტკიცა ჩემპიონატის მთავარი ფავორიტის სტატუსი.

რბოლის რამდენიმე უიღბლო მონაწილეზე ზემოთ გითხარით. იყო კიდევ ორი მრბოლელი, რომლებმაც ვერ გაამართლეს ავანსები - ფელიპე მასა და ნიკ ჰაიდფელდი ("ლოტუს-რენო"). ბრაზილიელი ძალიან არამაჯერებლად გამოიყურებროდა და საბოლოოდ მეცხრე ადგილს დასჯერდა - ორი "ზაუბერის უკან, მაგრამ სებასტიან ბუემის ("ტორო როსო") წინ, რომელსაც ბოლო წრეებზე გაუსწრო. რაც შეეხება ტრავმირებული რობერტ კუბიცას შემცვლელ ჰაიდფელდს, მან მხოლოდ პირველი წრე გაიარა კარგად და მე-13 ადგილზე გადაინაცვლა, მაგრამ შემდეგ ძალიან ნელი ტემპი ჰქონდა და საბოლოოდ მე-14 პოზიციაზე აღმოჩნდა. მის უკან მხოლოდ იარნო ტრული ("ლოტუსი") და "ვირჯინის" პილოტები იყვნენ.

P.S. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, "ზაუბერის" პილოტი სერხიო პერესი ეტაპის ერთ-ერთი გმირი აღმოჩნდა, რადგან დებიუტი ფორმულა 1-ში მეშვიდე ადგილით აღნიშნა. მაგრამ მოგვიანებით "ზაუბერის" წევრებმა რბოლის სტიუარდებისგან დისკვალიფიკაცია მიიღეს და ქულების გარეშე დარჩნენ. საქმე ისაა, რომ შვეიცარიული საჯინიბოს წევრები ტექნიკური რეგლამენტის დარღვევაში დაადანაშაულეს. დისკვალიფიკაციის მიზეზი გახდა - უკანა ანტიფრთის ზედა ელემენტის რეგლამენტთან შეუსაბამობა.

"ზაუბერი" ამ გადაწყვეტილების გაპროტესტებას აპირებს, მანამდე კი ფელიპე მასამ ორი საფეხურით ზევით აიწია, "ფორს ინდიას" პილოტები კი ქულათა ზონაში შევიდნენ.

ავსტრალიის გრან-პრი. I ეტაპი
მელბურნი (58 წრე, 307.574 კმ)
1(1). სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) 1:29.30,259
2(2). ლუის ჰემილტონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) +22,297
3(6). ვიტალი პეტროვი (ლოტუს-რენო, რუსეთი) +30,560
4(5). ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია) +31,772
5(3). მარკ უებერი (რედ ბული, ავსტრალია) +38,171
6(4). ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) +54,304
7(8). ფელიპე მასა (ფერარი, ბრაზილია) +1:25,186
8(10). სებასტიან ბუემი (ტორო როსო, შვეიცარია) 1 წრე
9(16). ადრიან სუტილი (ფორს ინდია, გერმანია) 1 წრე
10(14). პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, იტალია) 1 წრე
11(12). ხაიმე ალგერსუარი (ტორო როსო, ესპანეთი) 1 წრე
12(18). ნიკ ჰაიდფელდი (ლოტუს-რენო, გერმანია) 1 წრე
13(20). იარნო ტრული (ლოტუსი, იტალია) 2 წრე
14(22). ჟერომ დ'ამბროზიო (ვირჯინი, ბელგია) 4 წრე
15(21). ტიმო გლოკი (ვირჯინი, გერმანია) 9 წრე
16(17). რუბენს ბარიკელო (უილიამსი, ბრაზილია) 10 წრე
17(7). ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) 34 წრე
18(11). მიხაელ შუმახერი (მერსედესი, გერმანია) 34 წრე
19(19). ჰეიკი კოვალაინენი (ლოტუსი, ფინეთი) 35 წრე
20(15). პასტორ მალდონადო (უილიამსი, ვენესუელა) 46 წრე
21(13). სერხიო პერესი (ზაუბერი, მექსიკა) დისკვ
22(9). კამუი კობაიაში (ზაუბერი, იაპონია) დისკვ
23(23). ვიტანტონიო ლიუცი (HRT F1, იტალია) 107%
24(24). ნარაიან კართიკეიანი (HRT F1, ინდოეთი) 107%

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული