სტარტი
ამინდის პროგნოზმა არ გაამართლა: ადგილობრივი დროით ოთხ საათზე წვიმა არ წამოვიდა და შესაბამისად, გუნდებს ტაქტიკური გეგმის შეცვლა არ დასჭირვებიათ.
პირველი წრის გმირები "ლოტუს-რენოს" პილოტები გახდნენ: ნიკ ჰაიდფელდმა და ვიტალი პეტროვმა ზედიზედ მოიგეს რამდენიმე
"ფერარის" პილოტები მეექვსე და მეშვიდე ადგილებზე აღმოჩნდნენ, თანაც ფელიპე მასა ფერნანდო ალონსოზე წინ აღმოჩნდა, მარკ უებერმა ("რედ ბული") კი ზედიზედ მეორე რბოლაში ჩააგდო სტარტი და პირველი ათეულის ბოლოში მოექცა. იგივე დაემართა ნიკო როსბერგს ("მერსედესი"), რომელმაც თანაგუნდელი მიხაელ შუმახერი გაუშვა წინ.
პირველი პიტსტოპი
როგორც მოსალოდნელი იყო, ფეტელმა მაშინვე კომფორტული ჰანდიკაპის შექმნა დაიწყო და სოლიდური მანძილით დაცილდა ჰაიდფელდისა და ჰემილტონის დუეტს. აღსანიშნავია, რომ ნიკი საკმაოდ სწრაფი იყო, რადგან მას მოშორებით ბატონი მისდევდა, პეტროვი კი უფრო იმას ცდილობდა, წინ არ გაეშვა "ფერარის" პილოტები. ეს არ გამოუვიდა - ფელიპემ რუსი სწორედ მონაკვეთზე ჩამოიტოვა უკან, შემდეგ კი პეტროვი შეცდა და ალონსო უბრძოლველად გავიდა წინ. ცოტა ხანში "ლოტუს-რენოს" პილოტის გასწრება მიხაელ შუმახერმაც სცადა, მაგრამ ამჯერად პეტროვმა პოზიცია შეინარჩუნა.
პიტსტოპების პირველი სერია მე-13 წრეზე დაიწყო, რითაც მართლდებოდა სამპიტსტოპიანი ტაქტიკის შესახებ ვარაუდი. და სწორედ საბურავების შეცვლისას დაკარგა ჰაიდფელდმა ყველაფერი, რაც სტარტზე მოიპოვა: გერმანელის ნაადრევმა პიტსტოპმა წინ გასვლის საშუალება მისცა არა მარტო ჰემილტონს, არამედ ბატონსა და ალონსოს.
მარკ უებერის პრობლემები გრძელებოდა: ავსტრალიელის ბოლიდზე ისევ საბურავები გამოვიდა მწყობრიდან, თანაც მარკს უხერხული მეტოქე შეხვდა კამუი კობაიაშის ("ზაუბერი") სახით. ამ პილოტებმა რამდენჯერმე გაცვალეს პოზიცია და ეს ბრძოლა სულაც არ მატებდა უებერს სისწრაფეს. ავსტრალიელის პრობლემების ნათელი დადასტურება იყო სიტუაცია, როცა მარკი მასას წინ აღმოჩნდა და შემდეგ აბსოლუტურად უბრძოლველად გაუშვა წინ "ფერარი".
რაც შეეხება ლიდერების ბრძოლას, არ შეიძლება იმის თქმა, რომ ფეტელი ბოლომდე კომფორტულად გრძნობდა თავს: ჰაიდფელდის გზიდან ჩამოცილების შემდეგ ჰემილტონმა მოსვენება არ მისცა ჩემპიონს და დაახლოებით ოთხი წამის სხვაობით აგებდა ლიდერთან. საერთოდაც უნდა აღინიშნოს, რომ რბოლაში გუნდებს შორის სხვაობა იმაზე დაბალი იყო, ვიდრე კვალიფიკაციაში.
მეორე პიტსტოპი
პიტსტოპების მეორე სერიას საერთო სურათი არ შეუცვლია. ფეტელი ისევ მცირედს უგებდა ჰემილტონს, ლუისს კი, თავის მხრივ, თანაგუნდელი ბატონი მიუახლოვდა, შემდეგ იყო ალონსო. ჰაიდფელდი კი მეექვსმდე ჩამოქვეთდა: უებერი ნაადრევი პიტსტოპის წყალობით მეხუთეზე გადავიდა. ამასთან, მარკმა, რომელმაც აშკარად ჩააგდო რბოლის პირველი ნაწილი, ამჯერად ფეტელთან სულ რაღაც 13-წამიანი ჩამორჩენა დააფიქსირა, ალონსო კი მხოლოდ და მხოლოდ 2 წამით იყო წინ. თუმცა 33-ე წრეზე მარკი მესამედ გაემართა ბოქსებში - იმედი ჰქონდა, რომ მისი საბურავები 23 წრეს გაძლებდა.
სანამ "რედ ბულის" ერთი პილოტი ტაქტიკის მხრივ რისკზე მიდიოდა, მეორემ რადიოთი არც ისე სასიამოვნო ამბავი შეიტყო: სებასტიანს აუკრძალეს KERS-ის სისტემის გამოყენება. თუმცა მის გარეშეც გერმანელი ახლოს არ უშვებდა "მაკლარენებს".
მესამე პიტსტოპი
პიტსტოპების მესამე სერია "მაკლარენის" მექანიკოსების შეცდომით დაიწყო: ჰემილტონმა ძვირფასი წამები დაკარგა და ტრასაზე ბატონის უკან აღმოჩნდა. ამასთან, ლუისი უებერის ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა. თავის მხრივ, მარკი ალონსოს უსწრებდა. საკითხავი ის იყო, გაუძლებდა თუ არა ავსტრალიელის საბურავები ბოლომდე. ვერ გაუძლო და ფინიშამდე 13 წრით ადრე მეოთხედ შევიდა ბოქსებში, რითაც მესამე ადგილისთვის ბრძოლაში მარტო დატოვა ჰემილტონი და ალონსო.
ფერნანდომ მაშინვე მიიტანა პირველი იერიში ბრიტანელზე, მაგრამ ლუისი ზუსტად ირჩევდა ოპტიმალურ ტრაექტორიას და ბლოკავდა "ფერარის" პილოტის შეტევებს. თანაც ფერნანდოს შეატყობინეს, რომ მის ბოლიდზე არ მუშაობდა უკანა მოძრავი ანტიფრთა.
ალონსო არ დანებდა და უკვე შემდეგ წრეზე შიდა ტრაექტორიით მოძრაობისას "მაკლარენის" ბოლიდთან კონტაქტის გამო წინა ანტიფრთა დაიზიანა. შესაბამისად, ესპანელის ბრძოლა პოდიუმისთვის დასრულებული იყო - "ფერარის" ბოქსებში დაუგეგმავად შესვლა მოუწია. ტრასაზე ალონსო მეექვსე პოზიციაზე დაბრუნდა. ჰემილტონის პრობლემების შესახებ ჰაიდფელდმა შეიტყო და ყოველ წრეზე წამნახევარს უგებდა "მაკლარენს".
ნიკის უკან უებერი ახალი საბურავებით სწრაფად დაეწია მასას და ბრწყინვალე მანევრით სასტარტო სწორ მონაკვეთზე გაასწრო ბრაზილიელს. თეორიულად უებერს ჰქონდა ჰემილტონისა და ჰაიდფელდის წყვილის დაწევის შანსი. თუმცა ამ დუეტმა დიდხანს ვერ გაძლო: გერმანელმა გამოიყენა უკანა ანტიფრთის უპირატესობა და გაასწრო "მაკლარენის" პილოტს.
ფინიში
ჰემილონის პრობლემები კი ამით არ ამოწურულა: მალე ლუისი ტრასიდან გადავარდა, რის შემდეგაც "მაკლარენის" პილოტი ბოქსებში გაეშურა ახალი საბურავებისთვის. ტრასაზე მერვე დაბრუნდა, ზუსტად პეტროვის უკან. აქ ბრძოლა დიდხანს არ გაგრძელებულა: რუსმა ბრიტანელის ზეწოლას ვერ გაუძლო, მანქანა დააზიანა და მალე მისი ბოლიდი ჩაქვრა.
ჰაიდფელდმა შეინაჩუნა მესამე პოზიცია: უებერი მალე დააწია გერმანელს, მაგრამ შეტევაზე წასვლა არ გარისკა - შესაძლოა, საბურავები ისევ მალე დაზიანდა ან უბრალოდ ავსტრალიელმა მეოთხე ადგილი ამჯობინა სიტუაციის გართულებას. წინ კი ყველაფერი მშვიდად იყო - ფეტელი და ბატონი იოლად მივიდნენ ფინიშთან.
მასა მეხუთე ადგილზე გავიდა და წინ არ გაუშვა ალონსო, ჰემილტონმა ოთხი პიტსტოპით მეშვიდე პოზიცია მიიღო, ქულათა ზონა კი კობაიაშიმ, შუმახერმა და პოლ დი რესტამ ("ფორს ინდია") შეავსეს.
მალაიზიის გრან-პრი. II ეტაპი
სეპანგი (56 წრე, 310.408 კმ)
1(1). სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) 1:37.39,832
2(4). ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) +3,261
3(6). ნიკ ჰაიდფელდი (ლოტუს-რენო, გერმანია) +25,075
4(3). მარკ უებერი (რედ ბული, ავსტრალია) +26,384
5(7). ფელიპე მასა (ფერარი, ბრაზილია) +36,958
6(5). ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია) +57,248
7(10). კამუი კობაიაში (ზაუბერი, იაპონია) +1.06,439
8(2). ლუის ჰემილტონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) +1.19,957
9(11). მიხაელ შუმახერი (მერსედესი, გერმანია) +1.24,896
10(14). პოლ დი რესტა (ფორს ინდია, ბრიტანეთი) +1.31,563
11(17). ადრიან სუტილი (ფორს ინდია, გერმანია) +1.41,379
12(9). ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) 1 წრე
13(12). სებასტიან ბუემი (ტორო როსო, შვეიცარია) 1 წრე
14(13). ხაიმე ალგერსუარი (ტორო როსო, ესპანეთი) 1 წრე
15(19). ჰეიკი კოვალაინენი (ლოტუსი, ფინეთი) 1 წრე
16(21). ტიმო გლოკი (ვირჯინი, გერმანია) 2 წრე
17(8). ვიტალი პეტროვი (ლოტუს-რენო, რუსეთი) 4 წრე
18(23). ვიტანტონიო ლიუცი (HRT F1, იტალია) 10 წრე
19(22). ჟერომ დ'ამბროზიო (ვირჯინი, ბელგია) 12 წრე
20(20). იარნო ტრული (ლოტუსი, იტალია) 24 წრე
21(16). სერხიო პერესი (ზაუბერი, მექსიკა) 31 წრე
22(15). რუბენს ბარიკელო (უილიამსი, ბრაზილია) 31 წრე
23(24). ნარაიან კართიკეიანი (HRT F1, ინდოეთი) 42 წრე
24(18). პასტორ მალდონადო (უილიამსი, ვენესუელა) 47 წრე
კონსტრუქტორთა თასი
1. რედ ბული - 72 ქულა; 2. მაკლარენი - 50; 3. ფერარი - 36; 4. ლოტუს-რენო - 30; 5. ტორო როსო - 4; 6. ფორს ინდია - 4; 7. ზაუბერი - 4; 8. მერსედესი - 2.