კუბიცა პროგრესისკენ
თურქეთის გრანპრის შემდეგ "ლოტუს-რენოს" შეფმა ერიკ ბუიემ საავადმყოფოში მოინახულა პოლონელი რობერტ კუბიცა, რომელიც რალიში 6 თებერვალს მიღებული ავარიის შემდეგ სარეაბილიტაციო კურსს გადის. დაზარებულს კიდევ რამდენიმე მცირე ოპერაცია ესაჭიროება, რის შემდეგაც დაიწყება ხელის დაზიანებული მყესებისა და კუნთების სერიოზული აღდგენითი კურსი.
"რობერტმა კიდევ ერთი სერიოზული ნაბიჯი გადადგა სრული აღდგენისკენ, - განაცხადა ბუიემ. - ექიმები თავადაც სასიამოვნოდ გაკვირვებულები არიან მისი
ბუიემ ისიც თქვა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, კუბიცა კვლავინდებურად გუნდის წევრად რჩება და იცის ყველაფერი, რაც საჯინიბოში ხდება: "ის მუდმივად ინტერესდება სიახლეებით, შესაბამისად, გუნდის სრულუფლებიანი წევრი გახლავთ".
ვირჯინი პილოტს კარგავს
ფინანსური გაუგებრობების გამო კითხვის ნიშნის ქვეშ დგას "ვირჯინის" დებიუტანტი პილოტის, ბელგიელი ჟერომ დ'ამბროზიოს კარიერა. ბელგიური პრესის ინფორმაციით, ჟერომის პირად სპონსორებს, რომლებიც პილოტის სარბოლო კარიერას აფინანსებენ, ჯერ კიდევ არ გადაურიცხავთ "ვირჯინის" ანგარიშზე კონტრაქტით გათვალისწინებული თანხა. ამის გამო, ერიკ ბუიე (ეს ფრანგი "ლოტუს-რენოს" გარდა კომპანია Gravity Sport Management-ის შეფია, რომელიც ბელგიელი პილოტის საქმეებს განაგებს) სასწრაფოდ გაემგზავრა ბელგიაში მოლაპარაკებების გასამართად.
როგორც ბუიე ამბობს, სპონსორები არ ასრულებენ კონტრაქტის გათვალისწინებულ ვალდებულებებს და "ვირჯინში" უკვე მოთმინებას კარგავენ. გუნდის ხელმძღვანელობამ გამოაცხადა, რომ თუ სიტუაცია უახლოეს პერიოდში არ შეიცვლება, ისინი ჟერომის შემცვლელის ძებნას დაიწყებენ.
ზოგიერთი წყაროს ცნობით, ბელგიელის სპონსორთა დავალიანება დაახლოებით 5 მილიონ ევროს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ "ვირჯინში" დ'ამბროზიომ ბრაზილიელი ლუკას დე გრასი შეცვალა. ამ მომენტისთვის გუნდის სარეზერვო პილოტია კანადელი რობერტ უიკენსი, რომელიც "ფორმულა-რენოს" გამოდის. შესაძლოა, სწორედ ის გახდეს გამოცდილი გერმანელის ტიმო გლოკის პარტნიორი.
მაკლარენი ბრძოლას გვპირდება
ალბათ, ბევრს არ აწყობს ის სიტუაცია, რაც დღეს მსოფლიოს ჩემპიონატშია შექმნილი. ვგულისხმობთ "რედ ბულის" პილოტის სებასტიან ფეტელის ტოტალურ დომინირებას, რომელმაც ოთხიდან ოთხი კვალიფიკაცია მოიგო და რბოლებში 100 შესაძლებლიდან 93 ქულა დააგროვა (ამის გამო მან მაშინვე მიიღო პრესისგან ახალი მეტსახელი - "მისტერ 93%). ვიღაცამ ისიც თქვა - ჩემპიონატი დასრულებულია, რადგან ტიტულის მფლობელი უკვე სახეზეაო.
საკითხის ასე დაყენება არ მოსწონთ მათ, ვინც გერმანელს ტრასაზე ებრძვიან, მათ შორის "მაკლარენის" პილოტებს - ჯენსონ ბატონსა და ლუის ჰემილტონს.
"არ მგონია, რომ ტიტულისთვის ბრძოლა დასრულდა, - ამბობს ჯენსონი. - ამის მტკიცების საფუძველი არ არსებობს. ერთადერთი, რაც საჭიროა ფეტელთან საბრძოლველად - მცირედით სისწრაფის მომატება გახლავთ. და იმედი მაქვს, რომ ამ "მცირედს" უკვე შემდეგ კვირას ბარსელონაში მოვნახავთ".
უფრო მოკრძალებული კომენტარი ჰქონდა ჰემილტონს: "34 ქულა - ძალიან დიდი უპირატესობაა. თურქეთში მან თავისი სიამოვნებისთვის ირბოლა. ეს სიტუაცია ძალიან ჰგავს ფორმულა 1-ში მიხაელ შუმახერის დომინირებას. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ფეტელს არ გავამეორებინოთ შუმახერის გზა. იმის შიში არ მაქვს, რომ ტიტულის ბედი სეზონის შუაში გაირკვევა. ასეთი რამ, შესაძლოა, მართლაც მოხდეს, მაგრამ ასევე სავსებით შესაძლებელია დავეწიოთ და გავუსწროთ მას".
ალონსოს მათემატიკა
"მაკლარენის" პილოტების აზრს ეთანხმება "ფერარის" ლიდერი ფერნანდო ალონსო, ოღონდ ის თავის აზრებს ციფრების მეშვეობით გადმოგვცემს.
"ძალიან მიყვარს ციფრებითა და ნუმეროლოგიით გართობა, - თქვა ესპანელმა. - და სანამ სახლს, მარანელოსა და თურქეთს შორის ვმოგზაურობდი, უსაქმობის გამო შედარებითი არითმეტიკას მივმართე. მაგალითად, შევადარე შარშანდელი და წლევანდელი პირველი ოთხი რბოლის შედეგები. ამ პატარა მათემატიკურმა თამაშმა ასეთი შედეგები მოიტანა: ამ მომენტისთვის საკუთარ თავთან 8 ქულას ვაგებ (41 შარშანდელი 49-ის წინააღმდეგ), თუმცა ერთი წლის წინ ამავე ეტაპებზე (მხედველობაში აქვს ავსტრალია, მალაიზია, ჩინეთი და თურქეთი) 13 ქულით ნაკლები დავაგროვე, ვიდრე დღეს (41 28-ის წინააღმდეგ). თუმცა შარშან ჩემი ჩამორჩენა ლიდერთან 11 ქულა იყო და არა 52, როგორც ეს ამ მომენტისთვის არის. მაგრამ შეგახსენებთ: 2010 წელს სილვერსტოუნის შემდეგ ლიდერს მთელი 47 ქულით ჩამოვრჩებოდი და ჩემპიონატის დასრულებამდე რვა რბოლა გვრჩებოდა. მაშინ კინაღამ მოვიგე ჩემპიონატი, ახლა კი პირველობის დამთავრებამდე 15 რბოლაა დარჩენილი.
ეს იმაზე მიუითებს, რომ ერთი და იგივე საკითხს, შესაძლოა, სხვადასხვა კუთხით შევხედოთ. ერთადერთი, რასაც მნიშვნელობა აქვს - შედეგია და თუ რეგულარულად ავალთ პოდიუმზე, დარწმუნებული ვართ, ჩავებმებით საჩემპიონო ბრძოლაში".
გასწრება იოლი არ გამხდარა
თუ "მაკლარენისა" და "ფერარის" პილოტები საჩემპიონო ბრძოლის საკითხებში თანხმდებიან, სამაგიეროდ, სულ სხვა დამოკიდებულება აქვთ ჩემპიონატში მომრავლებულ გასწრებებთან დაკავშირებით.
თურქეთის გრანპრის შემდეგ ბატონმა განაცხადა, რომ უკანა მოძრავი ანტიფრთის სისტემის (DRS) გამოყენებით გასწრება დაუშვებლად იოლი გახდა.
ალონსო, რომელმაც თურქეთში მესამე ადგილი დაიკავა მარკ უებერთან DRS-ბატალიების შემდეგ, დარწმუნებულია, რომ სიახლემ გაამართლა და ის სულაც არ ახდენს იდეის დისკრედიტაციას.
"ჩემი აზრით, გასწრებების სიმარტივე ან სირთულე DRS-ზე იმდენად არ არის დამოკიდებული, რამდენადაც საბურავის ცვეთის ხარისხზე, რომელიც ყველა ბოლიდზე სხვადასხვაა. ჯამში ეს ორი კომპონენტი განსაზღვრავს ბრძოლის შედეგს. მინდა გითხრათ, რომ მე ეს მომწონს - დღევანდელი ფორმულა 1 განსხვავდება შარშანდელისგან. ამასთან, ჩვენი მაყურებლისთვის სულერთია, რის საშუალებით ხდება გასწრება. მთავარია, რომ რბოლები უფრო სანახაობრივი გახდა და ბილეთში ფულის გადახდაც აღარ ენანებათ. შესაბამისად, ტრიუბნებზე უფრო მეტ ხალხს ვნახავთ და კიდევ უფრო მეტს - ტელეეკრანებთან", - ამბობს ალონსო BBC-თვის მიცემულ ინტერვიუში.
ფორმულა ბერძნებსაც მოუნდათ
რამდენიმეწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ საბერძნეთმა მოიწონა საერთაშორისო კლასის ავტოდრომის პროექტი, რომელზეც მომავალში ფორმულა 1-ის ეტაპი უნდა გაიმართოს.
პროექტის ინიციატორია ქალაქ პატრას ყოფილი მერი ევანგელოს ფლორატოსი. მან ბერძნული პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ქვეყნის მთავრობა ხელს მოაწერს ტრასის მშენებლობის პროექტს, რომლის ღირებულებაა 95 მილიონი ევრო. ავტოდრომი ქალაქ ფარესში (პატრადან 20 კილომეტრის მოშორებით) აშენდება. ვარაუდობენ, რომ პროექტის განხორციელებას დაახლოებით სამი წელი დასჭირდება.