2005 წელს ავსტრიულმა კომპანიამ 58,3 მილიონი ფუნტი ჩადო შვილობილი ფირმის - Red Bull Technology-ის შექმნაში. 2006 წელს ინვესტიციამ 89,2 მილიონი შეადგინა, 2007 წელს - 78,2 მილიონი. 2008 და 2009 წლებში ავტოსპორტში ჩადებული
ნამდვილი გარღვევა 2010 წელს მოხდა, როცა კომპანიამ გუნდისთვის 106 მილიონი გამოყო, აქედან 96,9 მილიონი პირადად "რედ ბულის" მფლობელმა გაიღო. გამოდის, რომ საჯინიბოს ბიუჯეტი სულ რაღაც ხუთ წელიწადში გაორმაგდა.
მაქსიმალური შედეგის მისაღწევად, გუნდი ბოლიდის შექმნას მის პრეზენტაციამდე ერთი წლით ადრე იწყებდა, ამიტომაც ტექნიკურ კვლევებსა და მანქანის შექმნაზე ხარჯები 18,8 პროცენტით გაიზარდა და 57,2 მილიონი ფუნტი შეადგინა. კომპანიამ ასევე 4,9 მილიონი ჩადო საინჟინრო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის და პერსონალის შრომითი პირობების ამაღლებისთვის - თანამშრომლების სახელფასო ბიუჯეტი 45,9 მილიონ ფუნტს გაუტოლდა. ამ თანხიდან გერმანელი პილოტი სებასტიან ფეტელი დაახლოებით 9,8 მილიონ ფუნტს იღებდა, ავსტრალიელი მარკ უებერი - 3,7 მილიონს.
ამასთან, გუნდს მოგებაც მოაქვს. 2009 წელს მან საპრიზო ჰონორარებითა და სხვა შემოსავლებით დაახლოებით 160 მილიონი მოიტანა, ანუ მოგებამ 3.9 მილიონი შეადგინა. გარდა ამისა, ავსტრიულმა საჯინიბო ძალიან მომხიბვლელია რეკლამის თვალსაზრისით, რადგან მას ყველაზე ხშირად აჩვენებენ ტელეეკრანზე. 2009 წელს სარეკლამო შემოსავალმა 136,9 მილიონი დოლარი შეადგინა, 2010 წელს - 219,9 მილიონი.
მიუხედავად ამისა, "რედ ბული" არ მიიჩნევა ფინანსური თვალსაზრისით ჩემპიონატის ყველაზე ეფექტურ გუნდად. ეს ტიტული ეკუთვნის "მაკლარენს", რომელიც შარშანდელ სეზონში მეორე ადგილზე გავიდა. 2010 წელს ბრიტანული საჯინიბო თითო მოპოვებულ ქულაზე 350 ათას ფუნტს ხარჯავდა, "რედ ბული" - 374 ათასს.
ბაჰრეინის საბოლოო უარი
ბაჰრეინის გრანპრის ორგანიზატორები შეურიგდნენ იმ ფაქტს, რომ წელს საჰირის ავტოდრომზე ფორმულა 1-ის ეტაპი არ გაიმართება - თავიდან ამას ხელი შეუშალა პოლიტიკურმა კრიზისმა, შემდეგ კი გუნდების პოზიციამ, რომლებმაც არ მოინდომეს სეზონის დეკემბერამდე გაგრძელება.
გუშინ ორგანიზატორებმა გამოაქვეყნეს განცხადება, რომელშიც 2012 წელს დაბრუნების იმედი გამოთქვეს. ჯერჯერობით უცნობია, როდის შეიტანენ კორექტივებს წლევანდელ კალენდარში, მაგრამ თითქმის გარკვეულია, რომ ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაცია ძველ ვერსიას დაუბრუნდება - ინდოეთის გრანპრი 30 ოქტომბერს გაიმართება, 2011 წლის სეზონი კი 27 ნოემბერს ბრაზილიაში დასრულდება.
"გაგვიხარდა, რომ ფედერაციამ ბაჰრეინის ეტაპის თარიღად 30 ოქტომბერი გამოაცხადა, მაგრამ მალე ცხადი გახდა, რომ ეს შეუძლებელი იქნებოდა. ჩვენ პატივს ვცემთ ამ გადაწყვეტილებას.
მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პოზიცია ბოლომდე კონსტრუქციული იყოს, ამიტომაც სპორტის ინტერესებიდან გამომდინარე ამ სეზონში აღარ ვეცდებით გრანპრის გამართვას. იმედი გვაქვს, მომავალ სეზონში ვუმასპინძლებთ გუნდებს, პილოტებსა და გულშემატკივრებს", - წერია განცხადებაში.
პენსიაში 82 წლიდან
ლეგენდარულმა სტირლინგ მოსმა ერთ-ერთი ბრიტანული რადიოს ეთერში გამოაცხადა სარბოლო კარიერის საბოლოოდ დასრულების შესახებ. 82 წლის (!) წლის ბრიტანელი ამ უქმეებზე ლე მანში უნდა გამოსულიყო ისტორიული მანქანების 24-საათიან რბოლაში, მაგრამ ვარჯიშების დროს მიხვდა, რომ ასაკი აღარ უწყობს ტრასაზე გასასვლელად.
"პირველად შემეშინდა საკუთარი თავის გამო, - განაცხადა ფორმულა 1-ის ოთხგზის ვიცეჩემპიონმა. - ადრეც არაერთხელ მითქვამს - თუ ვიგრძნობ, რომ თავს ვერ ვართმევ რბოლას და სხვებს ხელს ვუშლი, მაშინვე შევწყვეტ გამოსვლას".
თავისი ბრწყინვალე კარიერა სტირლინგმა 18 წლის ასაკში დაიწყო, სხვადასხვა სერიაში უამრავი რბოლა მოიგო, მათ შორის ფორმულა 1-ის 16 ეტაპი. ის ჰუდვუდში ისტორიული ფესტივალის მფლობელია და თავადაც პერიოდულად გამოდიოდა ვეტერანთა რბოლებში.
უფრო სწორედ - გამოდიოდა. უკან დარჩა 63-წლიანი კარიერა. "ვაღმერთებ რბოლებს, მაგრამ გაჩერების დრო მოვიდა", - განაცხადა ბრიტანელმა.
ჰილმა თანამდებობა დატოვა
მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა დეიმონ ჰილმა ნებაყოფლობით დატოვა ბრიტანეთის სამეფო ავტოკლუბის პრეზიდენტის თანამდებობა, რომელიც 2006 წლიდან ეკავა.
ბრიტანელმა პილოტმა განაცხადა, რომ კლუბი მყარად დადგა ფეხზე და მისი ფინანსური მდგომარეობა ეჭვს აღარ იწვევს. ჰილის მოღვაწეობის მთავარი მიღწევაა სილვერსტოუნში ბრიტანეთის გრანპრის მრავალი წლით შენარჩუნება.
ავტოკლუბის პრეზიდენტის პოსტზე ერთადერთ კანდიდატად ფორმულა 1-ის ექსპილოტი დერეკ უორვიკი მიიჩნევა. არჩევნები 25 აგვისტოს გაიმართება.
პერესი კანადაში ირბოლებს
მონაკოს სარბოლო უქმეებისას დაშავებული მექსიკელი პილოტი სერხიო პერესი შეძლებს ამ კვირას კანადის გრანპრიში მონაწილეობას. "ზაუბერის" წევრის თქმით, ის თავს შესანიშნავად გრძნობს და ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები არ აქვს.
"ყველა საჭირო კვლევა ჩატარე და სამედიცინო ტესტებიც გავიარე, - ამბობს პერესი. - ექიმებმა რბოლებზე დამიშვეს, ასე რომ შევძლებ კანადაში სტარტზე გასვლას. რამდენიმე დღე შინ, მექსიკაში გავატარე და ძალები აღვიდგინე. თავს შესანიშნავად ვგრძნობ".