ჩემპიონატი ვალენსიაში გაგრძელდება

AutoSharing Option
უახლოეს უქმეებზე ვალენსიაში ჩატარდება მსოფლიოს ჩემპიონატის მერვე ეტაპი. ტრადიციულად, ევროპის გრანპრი ესპანეთის ამ ქალაქში მოსაწყენი გამოდის, მაგრამ ამ სეზონში რბოლას შეიძლება უშველოს სიახლეებმა - "პირელის" საბურავებმა და მართვადმა უკანა ანტიფრთებმა.

ვალენსიას ქუჩის ავტოდრომი ევროპის გრანპრის მეოთხედ უმასპინძლებს. ტრასის განმასხვავებელი ნიშანია დიდი რაოდენობით მოსახვევები - წრეზე მათი რიცხვი 25-ს შეადგენს, მთელი რბოლის განმავლობაში თითქმის 1500-ს. თანაც მარჯვენა მოსახვევების რაოდენობა სამჯერ მეტია.

ასეთი რაოდენობის მოსახვევებმა, წესით დამატებითი ინტრიგა უნდა შემატოს რბოლას, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ ბოლო წლებში ევროპის გრანპრიზე მოვლენები მეტად
დუნედ მიმდინარეობდა.

თუმცა შარშან ოდნავ გაახალისა პუბლიკა მარკ უებერმა. მან ჰეიკი კოვალაინენზე მიიტანა იერიში, მაგრამ აშკარად ზედმეტი მოინდომა, ჰაერში აფრინდა და თან მეტოქეც გამოთიშა ბრძოლას.

ამჯერად დამატებით ინტრიგას ის ფაქტიც შემოიტანს, რომ პირველად სეზონში მრბოლელებს მოუწევთ ტრასაზე მედიუმის საბურავებით გასვლა. რა გავლენას მოახდენს ის რბოლის მსვლელობაზე და როგორ სწრაფად შეეჩვევიან მას პილოტები - ეს საკითხი ყველას აინტერესებს. ეს იმიტომ, რომ თავად "პირელის" წარმომადგენლები ამბობენ - ამ საბურავების "საქციელი" ყოვლად არაპროგნოზირებადია. ალტერნატივად წარმოდგენილია "სოფტის" საბურავები, მით უმეტეს, რომ კვირას ვალენსიაში ცხელ ამინდს ელოდებიან. წვიმის ალბათობა თითქმის არ არსებობს.

რბოლის წინ ჟურნალისტებს საკუთარ მოსაზრებები გაუზიარეს ფავორიტებმა.

"შარშან ჩვენ აქ წარმატებით გამოვდიოდით. ახლაც კარგი მანქანა გვყავს. ასე რომ, მოუთმენლად ველი ტრასაზე გასვლას", - განაცხადა მსოფლიოს ჩემპიონატის ლიდერმა სებასტიან ფეტელმა.

მისი პარტნიორი მარკ უებერიც ოპტიმიზმით უყურებს მომავალ რბოლას. "აქ წინა რბოლებში არ მიმართლებდა, ასე რომ ცუდი ტრადიციის შეწყვეტის სურვილი მაქვს, - ამბობს ავსტრალიელი. - შევეცდებით დავამტკიცოთ ჩვენი უპირატესობა სისწრაფეში, თუმცა ბრძოლა ძალიან დაძაბული იქნება".

"ზედიზედ რამდენიმე წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ მინდა გამარჯვებაზე ვიფიქრო, - განაცხადა "მაკლარენის" პილოტმა ლუის ჰემილტონმა. - ვალენსიაში ტრასა მომწონს, ასე რომ ბოლომდე ვიბრძოლებთ. იმედია, ამჯერად მაინც გამიმართლებს".

საერთო ჩათვლაში მეორე ადგილზე მყოფი ჯენსონ ბატონი დარწმუნებულია, რომ "მაკლარენის" ბოლიდი შეძლებს "რედ ბულთან" თანაბრად ბრძოლას. "დარწმუნებული ვარ, შევძლებთ ღირსეული წინააღმდეგობის გაწევას. ეს ტრასა რაღაცით ჰგავს მონაკოსა და მონრეალის ტრასებს, - დარწმუნებით ამბობს ბატონი. - აქ ძალიან რთულია გასწრება და ამიტომაც მნიშვნელოვანი იქნება კვალიფიკაციაში წარმატებით გამოსვლა".

ევროპის გრანპრი
ტრასა - ვალენსია, ესპანეთი
წრის სიგრძე - 5 419 მ
წრეების რაოდენობა - 57
წრის რეკორდი - 1.38,683 (ტიმო გლოკი, 2009)
შარშანდელი გამარჯვებული - სებასტიან ფეტელი (რედ ბული)

საერთო ჩათვლა
1. სებასტიან ფეტელი (რედ ბული) - 161 ქულა
2. ჯენსონ ბატონი (მაკლარენი) - 101
3. მარკ უებერი (რედ ბული) - 94
4. ლუის ჰემილტონი (მაკლარენი) - 85
5. ფერნანდო ალონსო (ფერარი) - 69

გრანპრის განრიგი
24 ივნისი, 12:00 - I ვარჯიში
24 ივნისი, 16:00 - II ვარჯიში
25 ივნისი, 13:00 - III ვარჯიში
25 ივნისი, 16:00 - კვალიფიკაცია
26 ივნისი, 16:00 - რბოლა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული