ხმაური ხმაურის გამო

AutoSharing Option
ფორმულა 1-ის ფაქტობრივმა მფლობელმა ბერნი ექლსტოუნმა გადაწყვიტა სასამართლოში უჩივლოს ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციას (FIA) ძრავებზე მიღებული ახალი რეგლამენტის გამო, რომელიც FIA-მ დაამტკიცა და ის 2014 წლიდან შევა ძალაში. ბერნი ამ წესის გაუქმებას ითხოვს.

ფედერაციიამ გადაწყვიტა 2014 წლიდან ყველა გუნდი 1,6 ლიტრი მოცულობის ახალ ექვსცილინდრიან ძრავებზე გადაიყვანოს. სხვათა შორის, ამ სიახლეს გუნდებმაც დაუჭირეს მხარი და ერთადერთი, ფორმულა 1-ის მფლობელები არიან წინააღმდეგნი.

ექლსტოუნის უკმაყოფილება იმაში მდგომარეობს, რომ ახალი რეგლამენტის თანახმად, ფორმულა 1 თავის შარმს დაკარგავს, რომელიც ძრავების ხმაურით მიიღება. ძველ, რვაცილინდრიან ძრავებს სხვა
ჟღერადობა აქვს, ვიდრე V6-ის ძრავებს ექნებათ. ამიტომაც, ბერნის აზრით, გულშემატკივრებს ამ პოპულარული სერიის მიმართ ინტერესი დაეკარგებათ.

"რბოლების პრომოუტერებს მიაჩნიათ, რომ ახალ ძრავებს ისეთი ხმა არ ექნებათ, როგორიც ახლა აქვთ, - ამბობს ექლსტოუნი. - ამის გამო გულშემატკივრები ზურგს შეაქცევენ რბოლებს, რადგან ვეღარ გაიგონებენ ძრავების ხმაურს, რითაც განთქმულია ფორმულა 1. თუ ეტაპების ორგანიზატორები ვერ შეძლებენ საკმარისი ბილეთების რეალიზაციას, ისინი ვერ მოახერხებენ ჩვენთვის ფულის გადახდას".

რა თქმა უნდა, ექლსტოუნს ხმაურის საკითხი სულაც არ აწუხებს. მთავარია ფული. სპონსორები უკვე დაემუქრნენ ბერნის, რომ დატოვებენ სერიას და გადავლენ ფორმულა 1-ის მთავარ კონკურენტთან - "ინდიკართან". ასე რომ, ბრიტანელს მართლაც აქვს შეშფოთების საფუძველი.

ექლსტოუნის თქმით, ფედერაციის პრეზიდენტს ჟან ტოდტს ასეთი ქმედებით თავისი გავლენისთვის ხაზგასმა სურს.

"ტოდტი ცდილობს ჩაშალოს ფორმულს 1-ის კომისიის მუშაობა, - აცხადებს ექლსტოუნი. - ის თითქოს ამბობს: "მე ვარ აქ მთავარი და გავაკეთებ იმას, რაც მსურს. ეს ჩვენ არ მოგვწონს. თუ FIA არ გაითვალისწინებს ჩვენი ასწლიანი ხელშეკრულების პირობებს, მოგვიწევს სასამართლოში სარჩელის შეტანა. იმედია, საქმე აქამდე არ მივა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეკოლოგია მეც მინდა თუმცა არ მგოია რომ 24 ბოლიდი უფრო მეტად აბინძურებდეს გარემოს ვიდრე რომელიმე ქარხანა ან კარიერზე მომუშავე სპეც ტექნიკა ას ეომ ეს მიზეზი არაა , ჩემთვის ყოველ. შემთხვევაში, რავქნა ეს მოხუცი მართალია, სანახაობაც და სიმძლავრის შეგრძნება ხმაურიდან მოდის. მიდი ბერნი მიდიი
avtuko
15:21 05-07-2011
0

სიახლეები პოპულარული