"ფერარის" მათემატიკა

AutoSharing Option
სეზონის ეკვატორზე ფორმულა 1-ს ოთხი კვირის განმავლობაში სამი გრანპრი ელის. მათგან პირველს ამ უქმეებზე სილვერსტოუნის ავტოდრომი უმასპინძლებს, შემდეგ გერმანული "ნიურბურგრინგის" ჯერი დადგება, ბოლოს იქნება უნგრეთის გრანპრი ბუდაპეშტში და დაიწყება საზაფხულო არდადეგები.

ამასთან დაკავშირებით, იტალიურ საჯინიბო "ფერარის" საკმაოდ საგულისხმო ციფრები მოჰყავს. "სკუდერიაში" გადაწყვიტეს განიხილონ ექვსი უძლიერესი პილოტის შედეგები, რომლებიც სამ წამყვან გუნდს წარმოადგენენ და შეადარონ მათი წლევანდელი მონაგარი 2010 წლის ამავე ეტაპზე მოპოვებულ ქულებს. ამასთან, მარანელოში არ გაითვალისწინეს ბაჰრეინის შარშანდელი ეტაპი, სადაც ფერნანდო ალონსომ და ფელიპე მასამ დუბლი შეასრულეს.

რა თქმა
უნდა, შარშანდელთან შედარებით ყველაზე დიდი პროგრესი "რედ ბულის" პილოტმა და მოქმედმა ჩემპიონმა სებასტიან ფეტელმა განიცადა. ამჟამად მის ანგარიშზე 186 ქულაა, შარშან ამ დროს კი მისი მონაგარი 103 ქულას შეადგენდა. ფერარისეულ რეიტინგში მეორეა ფერნანდო ალონსო, რომელმაც 16-ქულიანი პროგრესი განიცადა (87 ქულა შარშანდელი 71-ის წინააღმდეგ). სამეულშია "რედ ბულის" მეორე პილოტი მარკ უებერი (+10, 109 99-ის წინააღმდეგ).

დანარჩენმა სამმა პილოტმა უკან დაიხია: უარყოფითი მაჩვენებლები აქვთ ჯენსონ ბატონს (-6, 109 115-რის წინააღმდეგ), ფელიპე მასასა (-7, 42 49-ის წინააღმდეგ) და ლუის ჰემილტონს (-15, 97 112-ის წინააღდმეგ).

როგორც "სკუდერიას" სტატისტიკურმა დეპარტამენტმა გამოითვალა, კონსტრუქტორთა თასზე "რედ ბულმა" შარშანდელ მონაგარს 93 ქულა დაუმატა, "ფერარიმ" - ცხრა, ხოლო "მაკლარენმა" 21 ქულა დაკარგა. დაახლოებით ასეთი სურათია მოგებებისა და პოდიუმების რაოდენობის მხრივ - ერთმა გუნდმა მოუმატა, მეორე ერთ ადგილას დარჩა, მესამემ დათმო პოზიციები.

გასაგებია, რომ ეს მხოლოდ არითმეტიკული გამოთვლებია, რომელიც არ ითვალისწინებს რეალურ სხვაობას ბოლიდების სიჩქარეს შორის. თუმცა ყველას ახსოვს, როგორ ვითარდებოდა გასული სეზონის მეორე ნახევარი, ამიტომაც "ფერარიში" დიდი იმედი აქვთ, რომ დაკარგული არაფერია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული