- როგორია თქვენი მოლოდინი ბრიტანეთის გრანპრისგან?
- სეზონი კარგად დავიწყეთ, რამდენიმე წარმატებული რბოლა ჩავატარეთ და ქულათა დიდი მარაგიც დავაგროვეთ - სწორედ ამაში მდგომარეობა გუნდის მიზანი.
მაგრამ რთულია განსაზღვრო მოლოდინი თითოეული რბოლისგან, რადგან კვირას შეიძლება ყველაფერი მოხდეს. ვფიქრობ, გასული სეზონებისგან
- რას ნიშნავს თქვენთვის ის უზარმაზარი ჰანდიკაპი, რომლითაც ჩემპიონატს ლიდერობთ? აირჩევთ თუ არა უფრო ფრთხილ ტაქტიკას - რბოლების მოგება ხომ აუცილებელი აღარ არის?
- სიმართლე გითხრათ, ჩემს უპირატესობაზე საერთოდ არ ვფიქრობ. ხშირად მისვამენ ამ შეკითხვას, მე კი არასოდეს არ ვიცი რამდენ ქულას შეადგენს ჰანდიკაპი. ჯერჯერობით ეს არ არის აქტუალური. ამაში შარშანაც დავრწმუნდით.
ჩემპიონატის დასრულებამდე დიდი დროა დარჩენილი და უამრავი ქულაა გასათამაშებელი. ასეთი დიდი სხვაობა ქულათა დარიცხვის დღევანდელი სისტემითაც არის გამოწვეული და უსაფრთხოების მცდარ შეგრძნებას ტოვებს. გავაგრძელებ ნაბიჯ-ნაბიჯ წინსვლას. ასეთია ჩემი ტაქტიკა.
- 2010 წელსაც არ იცოდით თქვენი და მეტოქეების ქულათა მარაგი?
- ვიცოდი. ალბათ იმიტომ, რომ მდევრის როლში ვიყავი.
- დღეს თქვენ სრულად აკონტროლებთ სიტუაციას ჩემპიონატში. ახალი წესების მიუხედავად, სიტუაცია მოსაწყენი ხდება, რადგან არავის უტოვებთ შანსს...
- ვფიქრობ, წელს ბევრი კარგი რბოლა ვიხილეთ. ეტაპებს ჩანაწერში ვუყურებ და შარშანდელ რბოლებს ვადარებ. გაცილებით დიდი სხვაობაა სანახაობრიობის მხრივ.
ინტრიგა ბოლომდე ცოცხლობს, ტრასაზე ყოველთვის რაღაც ხდება, რბოლის ბედი არ წყდება პირველი წრის პირველ მოსახვევში. გარდა ამისა, ბევრი რამ არის დამოკიდებული საბურავზე - ფინიშამდე არ არის ცნობილი, როგორ დასრულდება ყველაფერი.
ჩემპიონატის ორგანიზატორები ძალიან დაგვეხმარნენ, როცა გასწრება გააიოლეს და ამით სანახაობრივ მხარეზე იზრუნეს.
- სავარაუდოდ, თქვენი თანაგუნდელი მარკ უებერი აგრესიული იქნება სილვერსტოუნზე. უნდა ელოდოთ თუ არა მისგან ხიფათს ბრიტანეთში და სეზონის დარჩენილ რბოლებში?
- წინა რბოლებში ყოველთვის გვქონდა ერთმანეთთან ბრძოლის საშუალება და სილვერტოუნშიც ასე იქნება.
აქ საინტერესო ტრასაა, მიყვარს ბრიტანეთში გამოსვლა. შესაძლოა, მარკს ის უფრო მეტად მოსწონს. მან სილვერსტოუნში 2010 წელს მოიგო, მე - 2009 წელს. თუ სწორად მახსოვს, შარშან საბურავმა მიმტყუნა.
"რედ ბულისთვის" ეს საშინაო ტრასაა, რადგან ჩვენი ბაზა აქვე ახლოსაა განთავსებული, ასე რომ მაქსიმალურად კარგად გამოსვლას ვგეგმავთ.
- იქნება თუ არა პრობლემა იმის გამო, რომ სასტარტო ბილიკი ტრასის სხვა ადგილას გადაიტანეს?
- ამას მხოლოდ კვირას გეტყვით. ვფიქრობ, პირველ მოსახვევში სრული სიჩქარით შეტევის საშუალება არსებობს და მესამე მოსახვევამდე ყველაფერი სპრინტზე იქნება დამოკიდებული. ვნახოთ. მომწონს, როცა სწრაფ და უბრალო მოსახვევებს მოსდევს ინტენსიური დამუხრუჭების პირველი წერტილი. მაგრამ პრობლემაც არსებობს: ძალიან ბევრი მანქანა იბრძოლებს ერთი და იგივე პოზიციისთვის.
- რამდენად მნიშვნელოვანი იქნება სტარტიდანვე ლიდერობის ხელში ჩაგდება?
- ძალიან მნიშვნელოვანი. ადრე სიტუაცია მარტივდებოდა თუ მოახერხებდი პირველი ორი სწრაფი მოსახვევის შემდეგ წინ გასვლას. ახლა სიტუაცია შეიცვალა - ჩვენ პრაქტიკულად სტარტიდანვე გვიწევს ნელი მოსახვევის გავლა. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, რამდენად კარგად ჩაივლის სტარტი, კონკრეტულად ვინ იქნებიან მეტოქეები... მთავარია, კარგი პოზიციიდან აიღო სტარტი, დანარჩენი მერე გამოჩნდება.
- ხომ არ მოგეჩვენათ, რომ ახალ ბოქსებსა და პიტ-ლეინზე არასაკმარისი ადგილია?
- პიტ-ლეინზე შესასვლელი უფრო ვიწროა, ვიდრე გამოსასვლელი. მაგრამ ყველაფერი შესანიშნავად არის გაკეთებული. ერთადერთი ნაკლი ისაა, რომ მაყურებელს არ ექნება პიტსტოპების ხილვის საშუალება.
ნებისმიერ შემთხვევაში პროგრესი სახეზეა. ყველაფერი თანამედროვე და ახალია. ცოტათი უჩვეულოა პიტ-ლეინზე შესასვლელი - ის ყველგან სწორია, აქ კი რკალის ფორმა აქვს. იმედია, მალე მივეჩვევით...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"