"უილიამსი" არ იცვლება

AutoSharing Option
სავარაუდოდ, მომავალ სეზონში ბრიტანული საჯინიბო "უილიამსის" შემადგენლობა უცვლელი დარჩება - გუნდის ღირსებას დაიცავენ ფორმულა 1-ის ისტორიაში ყველაზე გამოცდილი პილოტი რუბენს ბარიკელო და 2010 წელს GP2-ის სერიის გამარჯვებული პასტორ მალდონადო. ყოველ შემთხვევაში, კონსტრუქტორთა თასის ცხრაგზის მფლობელის პრეზიდენტი ადამ პარი ვერ ხედავს საკადრო ცვლილებების აუცილებლობას.

რუბენს ბარიკელომ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ სურს "უილიამსთან" თანამშრომლობის გაგრძელება, მაგრამ ჯერჯერობით ამ საკითხთან დაკავშირებით გუნდთან მოლაპარაკებები არ გაუმართავს.

პასტორ მალდონადოს ამ სეზონში ქულა არ მოუპოვებია, მაგრამ ადამ პარი კმაყოფილია ვენესუელელი პილოტით. "მე მას ყოველთვის ნიჭიერ
პილოტად მივიჩნევდი, თუმცა ხალხი ირონიულად ხვდებოდა ჩემს შეფასებებს. GP2-ის სერიაში მისი წარმატებები იმაზე მეტყველებს, რომ მალდონადო ფორმულა 1-ში გამოსვლის ღირსია.

ყველა ხედავს, რომ ის ძალიან სწრაფია და გარკვეულ სტაბილურობასაც მიაღწია. წელს ჩვენი პილოტები სამჯერ გავიდნენ კვალიფიკაციის ფინალურ სეგმენტში და სამივეჯერ ეს მალდონადომ გააკეთა", - ამბობს "უილიამსის" პრეზიდენტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული