რბოლების საერთაშორისო ტელეაუდიტორია იზრდება, რაც სწორად არჩეულ გეზზე მოუთითებს. მაგრამ კონკრეტულად როგორია ახალი რეგლამენტისგან მიღებული ეფექტი? ამაზე პასუხს გაგვცემს "მერსედეს გრანპრის" პრესცენტრის მიერ შემოთავაზებული ციფრები...
- რამდენი გასწრება იყო პირველი ცხრა რბოლის განმავლობაში?
- მათმა საერთო რაოდენობამ 623-ს მიაღწია. ამ რიცხვში შედის გადაადგილებები თანაგუნდელებს შორის და ის შემთხვევები, როცა პილოტი უფრო სწრაფი მანქანით უსწრებდა (წრეზე არა) სამი დებიუტანტი საჯინიბოს წ
- რა კატეგორიებად შეიძლება დაიყოს აქამდე განხორციელებული გასწრებელი?
- 175 შემთხვევა იყო, როცა პილოტი სწრაფი მანქანით უსწრებდა სამი დებიუტანტი საჯინიბოს ავტომრბოლს. კიდევ 43 - ეს არის ერთ გუნდში პარტნიორებს შორის გადაადგილებები. 180 შემთხვევაში გასწრება შესაძლებელი გახდა უკანა ანტიფრთის გამოყენებით, ხოლო დანარჩენი 225 მანევრი პილოტებმა ამ სისტემის გამოყენების გარეშე მოახერხეს.
- რომელ რბოლაში იყო ყველაზე მეტი გასწრება?
- პირველ სამეულში შედიან: მონრეალი (136 გასწრება), ისტანბულ-პარკი (123) და შანხაი (97). ყველაზე ცოტა გასწრება დაფიქსირდა მონაკოში (22), სილვერსტოუნსა (29) და მელბურნში (30). საინტერესოა, რომ ვალენსიას რბოლაში 44 გასწრება დაფიქსირდა - ორჯერ მეტი, ვიდრე მონაკოში. აქედან 16 მოძრავი ანტიფრთის პირველ ზონაში მოხდა, კიდევ ექვსი - მეორე ზონაში.
- რა გავლენა მოახდინა გასწრებებზე უკანა მოძრავი ანტიფრთის სისტემამ?
- მის ანგარიშზეა ამ სეზონში განხორციელებული მანევრების 29 პროცენტი. ოთხ რბოლაში მოძრავი ანტიფრთის გამოყენებით პილოტებმა უფრო მეტი გასწრება გვიჩვენეს, ვიდრე მის გარეშე: შანხაიში, ისტანბულ-პარკში, ბარსელონასა და ვალენსიაში. ყველაზე ხშირად ეს სისტემა ავტომრბოლებს ეხმარებოდა თურქეთში (50-ჯერ), ჩინეთსა (31) და ბარსელონაში (29). ამ სიაში ბოლოზე არიან - მონაკო (2), ავსტრალია (5) და ბრიტანეთი (6).
- როგორია შეფარდება უკანა მოძრავი ანტიფრთითა და მის გარეშე გასწრებებს შორის?
- ყველაზე ხშირად ეს სისტემა პილოტებს ვალენსიაში ეხმარებოდა - ევროპის გრანპრიზე წარმატებულ მანევრებში ამ სისტემის წილი 50 პროცენტი იყო, იმ დროს, როცა მის გარეშე მხოლოდ გასწრებების 11 პროცენტი განხორციელდა. მონაკოში პირიქით, შესაბამისი ციფრებია - 9 და 64 პროცენტი. შემდეგ სიაში მოდის სილვერსტოუნი - 55 პროცენტი ნორმალური გასწრება და 21 პროცენტი ანტიფრთის გამოყენებით.
- რამდენად ხშირად იცვლებოდა პოზიციები პირველი წრის მსვლელობისას?
- უნდა აღინიშნოს, რომ ახალი წესების ჭრილში უკვე ისე მნიშვნელოვანი არ არის რბოლის პირველ წრეებში მაღალი პოზიციის დაკავება. თუმცა წარმატებულად გავლილი პირველი წრე კვლავინდებურად სერიოზული კოზირია. ნიკო როსბერგმა და მიხაელ შუმახერმა, საერთო ჯამში, მხოლოდ სამჯერ აიღეს წარუმატებელი სტარტი ამ სეზონში. სამაგიეროდ, ოთხ შემთხვევაში შუმახერი ახერხებდა სამი ან მეტი მეტოქის უკან ჩამოტოვებას. მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს ყველაზე წარმატებული დასაწყისი შანხაიში ჰქონდა - იქ შუმიმ ერთი ხელის მოსმით მოიგო ხუთი პოზიცია.
- როგორ აისახა რბოლებზე ახალ საბურავებზე გადასვლა?
- "ნორმალური" გასწრებების საერთო რაოდენობიდან დაახლოებით 45 პროცენტი მოდის იმ სიტუაციაზე, როცა ერთ-ერთმა პილოტმა მეორეზე ხუთი ან მეტი წრით ადრე გამოცვალა საბურავი, და 55 პროცენტი, როცა პიტსტოპები დროში დიდად განსხვავებული არ იყო. იმ 180 მანევრიდან, როცა საქმეში ერთვებოდა უკანა მოძრავი ანტიფრთა, შეფარდება თითქმის იგივეა - 48 და 52 პროცენტი. ყველაზე მეტად საბურავის მდგომარეობა იგრძნობოდა ბარსელონაში - იქ გასწრებების 69 პროცენტისას ერთ-ერთ პილოტს გაცილებით ადრე ჰქონდა შესრულებული პიტსტოპი, ვიდრე მის მეტოქეს. წვიმის რბოლების დროს მონრეალსა და სილვერსტოუნში ამ ფაქტორის გავლენა მინიმალური იყო.
- რამდენი პიტსტოპი შეასრულეს გუნდებმა 2011 წლის სეზონის პირველ ნაწილში?
- ცხრა რბოლაში სულ 560 გაჩერება იყო (მათ შორის, საჯარიმო შესვლები პიტლეინზე - ასეთი 11 შემთხვევა დაფიქსირდა). ყველაზე მეტი პიტსტოპი გულშემატკივრებმა თურქეთში (52), ესპანეთსა (77) და კანადაში (76) იხილეს. ყველაზე იშვიათად პილოტები მონაკში (43-ჯერ), მელბურნსა (46) და სილვერსტოუნში (54) ჩერდებოდნენ. მხოლოდ ორი რბოლა დასრულდა საჯარიმო პიტსტოპის გარეშე - ბარსელონასა და ვალენსიაში. კანადაში ასეთი ოთხი შემთხვევა იყო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"