ნიკს "რენოდან" აგდებენ?

AutoSharing Option
სერიოზული ცვლილებები იგეგმება "ლოტუს-რენოში". როგორც ჩანს, ფრანგული საჯინიბოს ხელმძღვანელობას არ აწყობს ტრავმირებული რობერტ კუბიცას შემცვლელის ნიკ ჰაიდფელდის მიერ მიმდინარე სეზონში ნაჩვენები შედეგები და მისი შეცვლა გადაწყვიტა.

გუშინ "ლოტუს-რენოს" პრეს-სამსახურმა გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ უნგრეთში მომავალ სარბოლო უქმეებზე პარასკევის პირველ თავისუფალ პრაქტიკას არა ჰაიდფელდი, არამედ ბრაზილიელი ბრუნო სენა ჩაატარებს.

"აღელვებული ვარ იმის გამო, რომ საშუალება მექნება "ლოტუს-რენოს" საჭეს მივუჯდე. ძლიერ გუნდებში ასეთი შანსი იშვიათად ჩნდება და მადლობელი ვარ "ლოტუს-რენოს" ხელმძღვანელობის, რომელიც საკუთარი პოტენციალის გამოვლენის საშუალებას მაძლევს", - განაცხადა სენამ.

მაგრამ,
როგორც ევროპული პრესა ვარაუდობს, ბრაზილიელმა პილოტმა, შესაძლოა, სულ მალე რბოლებში ჩაანაცვლოს ჰაიდფელდი. ირკვევა, რომ ივნისის შუაში "ლოტუს-რენოს" მფლობელი ბრაზილიას ეწვია და იქ მოლაპარკებები გამართა ბრუნო სენას პოტენციურ სპონსორებთან. სწორედ მაშინ გაჩნდა ჭორი იმის შესახებ, სენამ, შესაძლოა, სეზონის ბოლომდე შეცვალოს გერმანელი პილოტი. ახლა ამ თემაზე უფრო აქტიურად დაიწყეს ლაპარაკი, რადგან ბრუნო პარასკევის სესიაზე მიიწვიეს.

რამდენიმე დღის წინ ჰაიდფელდმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "ჰუნგარორინგზე" ახალ ჩასაბერ სისტემას გამოცდიდა, მაგრამ გუნდმა სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღო და ეს მისია სენას დააკისრა.

"ლოტუს-რენოს" ხელმძღვანელმა ერიკ ბულიემ რამდენჯერმე განაცხადა, რომ კმაყოფილი არ არის ჰაიდფელდის შედეგებით, თანაც გუნდს ფინანსური პრობლემები აქვს და სენას სპონსორები მისწრება იქნება საჯინიბოსთვის.

თუ ჭორებს დავუჯერებთ, "ლოტუს-რენოს" შემადგენლობაში ცვლილება ზაფხულის არდადეგების შემდეგ მოხდება, ბევრს კი გარანტირებული ჰგონია ბრუნო სენას ბრაზილიის გრანპრიზე გამოსვლა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
იმედია Senna–ს გვარი კვლავ გაჩნდება F1–ის ლისტებში.
აირტონს უთქვამს: თუ თქვენ გგონიათ რომ სწრაფი ვარ, დაელოდეთ ჩემს დიშვილს – ბრუნოს!!!
Irakli
11:34 27-07-2011
0

სიახლეები პოპულარული