"რედ ბულში" მცირე პანიკაა

AutoSharing Option
მსოფლიოს წლევანდელი ჩემპიონატის აშკარა ლიდერმა "რედ ბულმა" ზედიზედ ორი რბოლის მოგება ვერ შეძლო - ბრიტანეთში მან "ფერარისთან" წააგო, გასულ კვირას გერმანიაში კი ავსტრიულ საჯინიბოზე სწრაფი "მაკლარენი" აღმოჩნდა. სულ კი ბოლო ოთხ რბოლაში "რედ ბული" სამჯერ ვერ მივიდა პირველი ფინიშთან.

ამის გამო სეზონის ლიდერის რიგებში მცირე შეშფოთება შეინიშნება. საჯინიბოს შეფი კრისტინ ჰორნერი არასასიამოვნო ნიშანს ხედავს იმაში, რომ ნიურბურგრინგზე ვერც სებასტიან ფეტელმა და ვერც მარკ უებერმა ვერ შეძლეს ლუის ჰემილტონისა და ფერნანდო ალონსოს ტემპისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ჰორნერი არ გამორიცხავს, რომ ჩემპიონატის ტრიუმფალური
პირველი ნახევრის შემდეგ "რედ ბული" თანდათან კარგავს სისწრაფეში უპირატესობას. შესაბამისად, სეზონის მეორე ნახევარში უფრო დაძაბული ბრძოლის მოწმენი გავხდებით. ეს კარგია გულშემატკივრებისთვის, მაგრამ სულაც არ აწყობს ავსტრიული გუნდის ხელმძღვანელობას.

"ჩვენ ნებისმიერი ტიპის ტრასაზე კონკურენტუნარიანები ვართ, აქამდე ჩატარებულ ათივე რბოლაში პოული მოვიპოვეთ და ექვსჯერ მივედით პირველი ფინიშთან. გარდა ამისა, ათივე რბოლაში პოდიუმიდან არ ჩამოვსულვართ. ასე რომ, სიტუაცია შორს არის კატასტროფულისგან, - ამბობს ჰორნერი. - მაგრამ გერმანიის გრანპრი ერთგვარი სიგნალი გახდა ჩვენთვის: უფლება არ გვაქვს ერთი წამით მოვდუნდეთ.

ეს ეხება გუნდის ნებისმიერ წევრს. მეტოქეები ფხიზლად არიან, მათ ყოველი რბოლისას პროგრესი აქვთ და უნდა გამოვნახოთ გზა იმისთვის, რომ ძალიან წინ არ გავუშვათ ისინი. წინა რბოლებში ხან "მაკლარენი" და ხან "ფერარი" ძალიან გვირთულებდნენ ცხოვრებას, ახლა ისე გამოვიდა, რომ ორივე გუნდმა ერთ რბოლაში ჩვენზე მაღალი ადგილი დაიკავა. იმედი მაქვს, ეს შემთხვევითობა იყო და კანონზომიერებად არ ჩამოყალიბდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნელნელა ინტრიგაც ბრუნდება :)
Irakli
15:01 27-07-2011
0

სიახლეები პოპულარული