ტრიუმფი მე-200 რბოლაში

AutoSharing Option
ბრიტანელმა ჯენსონ ბატონმა ("მაკლარენი") კარიერაში მე-200 რბოლა ჩაატარა და ეს იუბილე უნგრეთის გრანპრის მოგებით აღნიშნა. ამისთვის მას თანაგუნდელი ლუის ჰემილტონის დამარცხება დასჭირდა.

პროგნოზების მიუხედავად, კვირას "ჰუნგარორინგზე" სტარტამდე წვიმდა, რის გამოც პილოტებმა სტარტი საშუალედო საბურავებით აიღეს. პოულის მფლობელმა სებასტიან ფეტელმა ("რედ ბული") შეძლო ლიდერობის შენარჩუნება, მის უკან კი ორი "მაკლარენი" იბრძოდა.

ბრიტანული საჯინიბოს შეფმა მარტინ უიტმარშმა დიდი ნერვიურობა გადაიტანა ლუისისა და ჯენსონის დუელის ცქერისას. საბოლოოდ, ჰემილტონმა გაუძლო თანამემამულის შეტევებს და ფეტელს გაეკიდა. "მაკლარენის" პილოტი იოლად ჩაუდგა კვალში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს და
რამდენიმე წრის შემდეგ ლიდერი გახდა, როცა გერმანელი შეცდომაზე დაიჭირა.

კიდევ უფრო უკან "ფერარის" პილოტები "მერსედესის" წევრებს ებრძოდნენ, რომლებსაც ბრწყინვალე სტრატი გამოუვიდათ: ნიკო როსბერგი მეშვიდედან მეოთხე პოზიციაზე გადავიდა, მიხაელ შუმახერი - მეცხრედან მეხუთეზე. თუ ფერნანდო ალონსომ ორივე გერმანელის გასწრება მოახერხა, ფელიპე მასას ეს ბრძოლა კინაღამ რბოლიდან გამოთიშვად დაუჯდა: ფელიპემ კონტროლი დაკარგა თავის ბოლიდზე, ტრასიდან გადავარდა და უკანა ანტიფრთით კედელს შეეჯახა. "ფერარი" სერიოზულად არ დაზიანებულა და ბრაზილიელმა ბრძოლა გააგრძელა.

პირველმა მარკ უებერმა ("რედ ბული") გარისკა და "სუპერსოფტის" საბურავი დააყენა. მალე ყველამ იგივე გააკეთა. პიტსტოპების პირველი ტალღის შემდეგ ბატონმა ფეტელს გაასწრო და მეორე ადგილზე გადავიდა, მათ უკან კი მეოთხე ადგილისთვის ბრძოლაში უებერმა ალონსოს აჯობა. მერვე ადგილისთვის იბრძოდნენ შუმახერი და მასა - ფელიპემ შეძლო ყოფილი თანაგუნდელის გასწრება, რის შემდეგაც სულ მალე მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი რბოლას ჩამოშორდა - მის ბოლიდს გადაცემათა კოლოფი დაუზიანდა.

შუმახერის გავარდნამდე ისევ არ გაუმართლა ნიკ ჰაიდფელდს ("ლოტუს-რენო") - პიტ-ლეინიდან გამოსვლის დროს გერმანელის მანქანა აალდა - უკვე მეორედ ამ სეზონში! საბედნიეროდ, ნიკმა დროულად მოახერხა ბოლიდიდან ამოსვლა, რომლის მარცხენა ნახევარი მთლიანად დაიწვა.

ამასობაში, ბატონი ნელა, მაგრამ სტაბილურად ამცირებდა ჰემილტონთან ჩამორჩენას. ყველას ეჭვი გაუჩნდა, რომ ჯენსონს ორი პიტსტოპის ტაქტიკა ჰქონდა არჩეული, ამიტომაც ჰემილტონს მესამე გაჩერებამდე საჭირო ჰანდიკაპის შექმნა სჭირდებოდა. შესაბამისად, ტემპს უმატა, მაგრამ ამან მისი ბოლიდის მოცურება გამოიწვია. ეს 47-ე წრეზე მოხდა, როცა ტრასაზე ისევ დაეცა წვიმის წვეთები, თუმცა წვიმა იქვე შეწყდა, მაგრამ ეს ლუისისთვის დიდი ვერაფერი ნუგეში იყო - ბატონი გრანპრის ლიდერი გახდა.

მალე ლუისი ისევ ჩაუდგა რბოლას სათავეში - მან ბატონის მცირე შეცდომით ისარგებლა. მაგრამ შემდეგ ჰემილტონმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა საშუალედო საბურავი დააყენა. ორი წრის შემდეგ ისევ მოუწია ბოქსებში შევლა "სლიკებზე" გადასასვლელად, მალე კი პიტ-ლეინზე საჯარიმო შესვლა დაუწესეს პოლ დი რესტას ("ფორს ინდია") წინააღმდეგ მანევრის გამო - მოცურების შემდეგ ჰემილტონმა ტრასაზე სწრაფად დაბრუნება მოინდომა და კინაღამ დააზიანა შოტლანდიელი. ამ ყველაფერმა კი ის გამოწვია, რომ "მაკლარენის" პილოტი მეექვსე პოზიციაზე აღმოჩნდა და დარჩენილ წრეებზე მხოლოდ ის მოახერხა, რომ მასასა და უებერის გასწრებით მეოთხე ადგილზე გადავიდა.

ბატონი კი მართლაც ორი პიტ-სტოპით შემოიფარგლა და ყოველგვარი გართულების გარეშე მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე. იგივე ტაქტიკა აირჩია და მეორე იყო ფინიშთან ფეტერი - მან "მაკლარენის" წევრთან მხოლოდ სამწამნახევარი წააგო. ამ დუეტს პოდიუმზე მხარი დაუმშვენა ალონსომ.

უნგრეთის გრან-პრი. XI ეტაპი

ჰუნგარორინგი (70 წრე, 306.630 კმ)
1(3). ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) 1:46.42,337
2(1). სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) +3,588
3(5). ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია) +19,819
4(2). ლუის ჰემილტონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) +48,338
5(6). მარკ უებერი (რედ ბული, ავსტრალია) +49,742
6(4). ფელიპე მასა (ფერარი, ბრაზილია) +1.23,176
7(11). პოლ დი რესტა (ფორს ინდია, ბრიტანეთი) 1 წრე
8(18). სებასტიან ბუემი (ტორო როსო, შვეიცარია) 1 წრე
9(7). ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) 1 წრე
10(16). ხაიმე ალგერსუარი (ტორო როსო, ესპანეთი) 1 წრე
11(13). კამუი კობაიაში (ზაუბერი, იაპონია) 1 წრე
12(12). ვიტალი პეტროვი (ლოტუს-რენო, რუსეთი) 1 წრე
13(15). რუბენს ბარიკელო (უილიამსი, ბრაზილია) 2 წრე
14(8). ადრიან სუტილი (ფორს ინდია, გერმანია) 2 წრე
15(10). სერხიო პერესი (ზაუბერი, მექსიკა) 2 წრე
16(17). პასტორ მალდონადო (უილიამსი, ვენესუელა) 2 წრე
17(21). ტიმო გლოკი (ვირჯინი, გერმანია) 4 წრე
18(23). დანიელ რიკარდო (Hღთ F1, ავსტრა) 4 წრე
19(24). ჟერომ დ'ამბროზიო (ვირჯინი, ბელგია) 5 წრე
20(22). ვიტანტონიო ლიუცი (Hღთ F1, იტალია) 5 წრე
21(19). ჰეიკი კოვალაინენი (ლოტუსი, ფინეთი) 15 წრე
22(9). მიხაელ შუმახერი (მერსედესი, გერმანია) 42 წრე
23(14). ნიკ ჰაიდფელდი (ლოტუს-რენო, გერმანია) 45 წრე
24(20). იარნო ტრული (ლოტუსი, იტალია) 50 წრე

საერთო ჩათვლა
1. სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) - 234 (6 მოგება); 2. მარკ უებერი (რედ ბული, ავსტრალია) - 149; 3. ლუის ჰემილტონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) - 146 (2); 4. ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია) - 145 (1); 5. ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) - 134 (2); 6. ფელიპე მასა (ფერარი, ბრაზილია) - 70; 7. ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) - 48; 8. ნიკ ჰაიდფელდი (ლოტუს-რენო, გერმანია) - 34; 9. ვიტალი პეტროვი (ლოტუს-რენო, რუსეთი) - 32; 10. მიხაელ შუმახერი (მერსედესი, გერმანია) - 32; 11. კამუი კობაიაში (ზაუბერი, იაპონია) - 27; 12. ადრიან სუტილი (ფორს ინდია, გერმანია) - 18; 13. სებასტიან ბუემი (ტორო როსო, შვეიცარია) - 12; 14. ხაიმე ალგერსუარი (ტორო როსო, ესპანეთი) - 10; 15. სერხიო პერესი (ზაუბერი, მექსიკა) - 8; 15. პოლ დი რესტა (ფორს ინდია, ბრიტანეთი) - 8; 17. რუბენს ბარიკელო (უილიამსი, ბრაზილია) - 4.

კონსტრუქტორთა თასი
1. რედ ბული - 383 ქულა; 2. მაკლარენი - 280; 3. ფერარი - 215; 4. მერსედესი - 80; 5. ლოტუს-რენო - 66; 6. ზაუბერი - 35; 7. ფორს ინდია - 26; 8. ტორო როსო - 22; 9. უილიამსი - 4.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული