უებერი განხეთქილების მიზეზია

AutoSharing Option
კვლავაც გაურკვევლობაა "რედ ბულის" რიგებში ავსტრალიელი მარკ უებერის კონტრაქტთან დაკავშირებით. ავსტრიული საჯინიბოს ხელმძღვანელებმა ვერ შეიმუშავეს ერთობლივი გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, ღირს თუ არა უებერთან თანამშრომლობის გახანგრძლივება.

კრისტიან ჰორნერსა და ჰელმუტ მარკოს შორის დაპირისპირებას ევროპული პრესა აქტიურად განიხილავს. უნგრეთის გრანპრის წინ მარკო ავსტრალიელ ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებდა, რომ 2012 წელი ბოლო იქნება უებერისთვის "რედ ბულის" შემადგენლობაში, თუმცა იქვე ამატებდა, რომ ერთ ავსტრალიელს მეორე ჩაანაცვლებდა. მარკოს მხედველობაში ჰყავს დანიელ რიკარდო.

ამასობაში, რბოლის დამთავრების შემდეგ "რედ ბულის" შეფმა კრისტიან ჰორნერმა საპირისპირო განცხადება გააკეთა: "მარკო ძალიან
არის გატაცებული რიკარდოთი, რომელსაც ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს სასწავლი". ჰორნერის თქმით, მას უებერის კანდიდატურის საწინააღმდეგო არაფერი აქვს და შეიძლება მარკი სამი-ოთხი წლით კიდევ დარჩეს "წითელი ხარების" რიგებში.

მსგავსი პოლემიკა შარშანაც წარმოიშვა, როცა "რედ ბული" ორ ბანაკად გაიყო. ერთი, ჰელმუტ მარკოს ხელმძღვანელობით "რედ ბულის" ახალგაზრდული პროგრამის აღზრდილს სებასტიან ფეტელს უჭერდა მხარს, მეორე, ჰორნერის მეთაურობით - მარკ უებერს, გუნდის მფლობელი დიტერ მატეშიცი კი ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა.

წელს ფეტელი გაცილებით დამაჯერებლად გამოდის, მარკი კი მთლად სტაბილური ვერ არის, ამიტომაც ისევ გააქტიურდნენ მარკოს მომხრეები, მაგრამ ჰორნერი დათმობაზე წასვლას არ აპირებს.

მოლაპარაკებები გრძელდება. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მარკის კარიერა "რედ ბულში" არა პილოტთან მოლაპარაკებებზე, არამედ მარკოსა და ჰორნერს შორის კომპრომისზე იქნება დამოკიდებული. ასევე მნიშვნელოვანი როლი ენიჭება მატეშიცის პოზიციას.

* * *
ამასობაში, ფორმულა 1-ის მთავარმა პრომოუტერმა ბერნი ექლსტოუნმა განაცხადა, რომ 2012 წლის კალენდარში არანაირი დამატებითი ცვლილების შეტანას არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ მომავალი სეზონის განრიგის შესახებ გუნდებმა ღიად გამოთქვეს უკმაყოფილება.

კერძოდ, "რენოსა" და "მაკლარენის" შეფებს - ერიკ ბულიესა და მარტინ უიტმარშს არ მოეწონათ 2012 წლის სეზონის გადატვირთული ფინალური ნაწილი, როცა 10 კვირის განმავლობაში სამ კონტინეტზე შვიდი ეტაპის გამართვაა დაგეგმილი. ეს ლოჯისტიკის მხრივ სერიოზულ პრობლემებს გამოიწვევს.

ბუდაპეშტში ბულიემ განაცხადა, რომ გუნდები ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციას კალენდრის პროექტის გადახედვის თხოვნით მიმართავენ. თუმცა ექლსტოუნმა მკვახე ტონით უარყო საჯინიბოების მხრიდან კალენდრის შედგენაში მონაწილეობის სურვილი და განაცხადა, რომ ეს მხოლოდ მისი პრეროგატივაა და სხვა არავისი.

"გუნდებს არ აქვთ უფლება ჩაერიონ მსოფლიოს ჩემპიონატის კალენდრის შედგენაში, - განაცხადა ექლსტოუნმა. - ამით მხოლოდ მე ვარ დაკავებული. და მხოლოდ მე გადავწყვეტ არის თუ არა მასში ცვლილებების შეტანა საჭირო. ვერავინ ვერაფერს მაიძულებს. ლოჯისტიკის პრობლემები აწუხებთ? გაცილებით დიდი პრობლემები გვაქვს, რომელთა მოგვარება უფრო რთულია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული