ბრიატორე "ფერარიში" მიდის?

AutoSharing Option
ფრანგული საჯინიბო "რენოს" ყოფილმა ბოსმა ფლავიო ბრიატორემ თავისი სიყვარული გამოხატა ლეგენდარული იტალიური საჯინიბოს - "ფერარის" მიმართ.

"გაძეტა დელო სპორტის" მონაცემებით, ბრიატორე უახლოეს ხანში, შესაძლოა, "სკუდერიას" კონსულტანტის თანამდებობაზე დაინიშნოს. თავად ფლავიომ არ დაადასტურა ეს ინფორმაცია, თუმცა არც გამორიცხა მოვლენათა ამგვარი განვითარება.

"შეგიძლიათ, "ფერარის" ნამდვილი ტიფოზი მიწოდოთ. წინასწარ არაფრის თქმა არ შემიძლია - ყველაფერი შეიძლება მოხდეს", - განაცხადა ბრიატორემ, რომელიც დიდი ხნით ხნით იყო დისკვალიფიცირებული ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის მიერ და არ შეეძლო ავტოსპორტში მოღვაწეობა.

გარდა ამისა, ფლავიო ბრიატორეს მიაჩნია, რომ "ფერარის" პილოტს
ფერნანდო ალონსოს შეუძლია ფორმულა 1-ის ისტორიაში საუკეთესო პილოტი გახდეს. დღეისთვის ესპანელი ავტომრბოლი მეოთხე ადგილს იკავებს საერთო ჩათვლაში და ლიდერ სებასტიან ფეტელს 89 ქულით ჩამორჩება.

"ალონსო იმსახურებს ფორმულა 1-ის ისტორიაში საუკეთესო პილოტის სტატუსს, - ამბობს ბრიატორე. - ფერნანდომ კარიერის ბოლომდე "ფერარიში" დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო და იმედია, ამ გუნდის მანქანით უფრო მეტ ტიტულს მოიგებს, ვიდრე შუმახერი. მას დღეს "რედ ბულის" მსგავსი სწრაფი ბოლიდი რომ ჰყოლოდა, რბოლებს დიდი უპირატესობით მოიგებდა. ის დიადი პილოტების - ალენ პროსტის, აირტონ სენასა და მიხაელ შუმახერის გვერდით დგას".

შეგახსენებთ, რომ ფერნანდო ალონსო ბრიატორეს ხელმძღვანელობით ორჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი - 2005 და 2006 წლებში.

* * *
იტალიური ჟურნალის "ავტოსპრინტის" ცნობით, "მერსედეს გრანპრი" სათანამშრომლოდ იწვევს "ფერარის" ყოფილ ტექნიკურ დირექტორს ალდო კოსტას.

რამდენიმე თვის წინ "სკუდერიაში" ამ გამოცდილი სპეციალისტის განთავისუფლების გადაწყვეტილება მიიღეს. ნაწილობრივ ეს იმით იყო გამოწვეული, რომ "ფერარიმ" ახალი სეზონი იმაზე გაცილებით ცუდად დაიწყო, ვიდრე ამას ჩემპიონატის წინ გეგმავდა.

ამ მომენტისთვის ალდო კოსტა "აკადემიურ შვებულებაში" იმყოფება, რაც იმას ნიშნავს, რომ წლის ბოლომდე სხვა გუნდში გადასვლის უფლება არ აქვს. თუმცა იტალიური პრესაში გაჩნდა ცნობა იმის შესახებ, რომ კოსტას სამსახურით "მერსედესის" შეფი როს ბრაუნია დაინტერესებული, რომელიც ამ სპეციალისტს "ფერარიში" ერთობლივი თანამშრომლობიდან იცნობს.

როგორც "ავტოსპრინტი" წერს, ბრაუნმა კონცერნ "დაიმლერის" შეფთან დიტერ ცეტშესთან საუბრისას "მერსედეს გრანპრის" პრობლემები ტექნიკური პერსონალის არასაკმარისი რაოდენობით ახსნა და შტატების გაზრდის უფლება მიიღო. ამასთან, ლაპარაკია გერმანულ გუნდში საუკეთესო საჯინიბოებიდან - "რედ ბულიდან", "მაკლარენიდან" და "ფერარიდან" გამოცდილი პროფესიონალების მიწვევაზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული