რა თქმა უნდა, საბოლოო გადაწყვეტილების მიღება რთული იქნება. უამრავი ფაქტორია გასათვალისწინებელი, მათგან უმთავრესი - ეკონომიკური. გრანპრის მასპინძლობის უფლება ბევრ ქვეყანას სურს, თუმცა კონტრაქტების ღირებულება კოლოსალურია. ხშირად ეტაპებს ეროვნული ან რეგიონალური მთავრობები აფინანსებენ და რბოლა პოლიტიკური სიტუაციის მსხვერპლი ხდება.
ბრიტანული Autosport-ის ჟურნალისტებმა შეაფასეს
თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ კონტრაქტების მიხედვით დამტკიცებულია უახლოეს წლებში უნგრეთის, ბრაზილიის, მალაიზიის, მონაკოს, ბრიტანეთისა და აბუ დაბის რბოლების ჩატარება.
მონრეალი და კორეა: კონტრაქტები 2014 წლის ბოლომდე.
სინგაპური: კონტრაქტი 2013 წლის ბოლომდე, რომელსაც, სავარაუდოდ, კიდევ ხუთი წლით გაახანგრძლივებენ. თუმცა ადგილობრივი ვალუტის კურსის ცვლილება ნეგატიურად აისახება ეტაპის შემოსავლიანობაზე.
ჩინეთი: ჭორების მიხედვით, ცოტა ხნის წინ შეათანხმეს 2016 წლის ბოლომდე გაფორმებული კონტრაქტის ახალი პირობები. მისი მიხედვით, ჩინელებს ორჯერ შეუმცირეს რბოლისთვის ჩასატარებელი გადასახადი.
ბაჰრეინი: სახელმწიფო მხარს უჭერს ეროვნული გრანპრის გამართვას, მაგრამ 2011 წელს ეტაპი გააუქმეს პოლიტიკური კრიზისის გამო. ასეთი რამ გაისადაც შეიძლება მოხდეს.
ავსტრალია: მელბურნის ავტოდრომს კონტრაქტი 2015 წლამდე აქვს, თუმცა ეტაპის ორგანიზატორებს რეგიონული მთავრობის მხრიდან მუდმივი სერიოზული პრესინგის პირობებში უწევს მუშაობა. "ალბერტ-პარკზე" რბოლის მომავალი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად მოხერხდება ფინანსურ პირობებზე ბერნი ექლსტოუნთან მოლაპარაკება. თუ ეს საკითხი არ მოგვარდა, ავსტრალია ფორმულა 1-ის გარეშე დარჩება.
ბარსელონა და ვალენსია: ბარსელონასთან მოქმედი კონტრაქტი დასრულდა. ტრასა და ბოქსების კომპლექსი რეკონსტრუქციას საჭიროებს. შესაძლებელია ეტაპების გამართვა ვალენსიასთან მონაცვლეობით, თუმცა ეტაპი ქუჩის ტრასაზე ორგანიზატორებისთვის წამგებიანია. მხარეები განიხილავენ ახალი კონტრაქტის პირობებს ნაკლები გადასახადით. ასევე შესაძლებელია ესპანეთის გრანპრის მთლიანად ვალენსიაში გადატანა.
ჰოკენჰაიმი და ნიურბურგრინგი: ნიურბურგრინგს კონტრაქტი ამოეწურა, ჰოკენჰაიმს 2012 წლის ბოლოს უმთავრდება. ორივე გერმანული ტრასა ზეწოლას განიცდის მთავრობისა და ეკოლოგების მხრიდან, მაგრამ გადასახადების შემცირების შემთხვევაში შესაძლებელია ამ ტრასებზე კვლავ მონაცვლეობით გერმანიის გრანპრის ჩატარება.
სპა: კონტრაქტი 2012 წლის ბოლომდე. ფინანსური პრობლემების გამო ავტოდრომის მფლობელები მზად არიან მიჰყიდონ ის ახალ ინვესტორებს.
მონცა: იტალიის გრანპრის ორგანიზატორებიც გრძნობენ ზეწოლას ეკოლოგების მხრიდან, მაგრამ ეტაპის გამართვას სერიოზულად არაფერი ემუქრება.
სუზუკა: ტრასა კომპანია "ჰონდას" ეკუთვნის და მისი წარმომადგენელები ირწმუნებიან, რომ რბოლის ჩატარებას მომავალში არაფერი ემუქრება. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ ყოველწლიურად იაპონელი გულშემატკივრების მხრიდან ინტერესი იკლებს და ეს შემოსავალზე აისახება.
ინდოეთი: წელს ამ რბოლას დებიუტი აქვს და მრავალწლიანი კონტრაქტი წლევანდელი გრანპრის კომერციულ წარმატებაზე იქნება დამოკიდებული.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"