შუმი წასვლაზე ალაპარაკდა

AutoSharing Option
იტალიური გაზეთის "კორიერე დელო სპორტის" ინფორმაციით, ლეგენდარულმა გერმანელმა მიხაელ შუმახერმა, შესაძლოა, ამ სეზონის შემდეგ დაასრულოს კარიერა. "მერსედეს გრანპრისთან" გაფორმებული სამწლიანი კონტრაქტის მიუხედავად, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა აღიარა, რომ მას აღარ აქვს ისეთი მაღალი მოტივაცია, როგორც წინა წლებში ჰქონდა.

"მერსედესში" განსაკუთრებული ამოცანა მაქვს: ჩემი მიზანია არა ნებისმიერი გზით გამარჯვების მოპოვება, არამედ გუნდის განვითარებისთვის ზრუნვა. ჩვენი საჯინიბო მხოლოდ მეორე სეზონს ატარებს და ძალიან დაძაბულ რეჟიმში მუშაობს: ბოლიდს ისევ ბევრი ნაკლი აქვს, თუმცა სიტუაცია უკეთესობისკენ იცვლება.

შესაძლოა, პრობლემა ჩემშია: უფრო მეტად მოშვებული ვარ, ვიდრე
წინა წლებში. დიდი გამოცდილება მაქვს და მესმის რა მომენტშია საჭირო კონცენტრაცია, მაგრამ არ ვიცი, ვნებს თუ არა ჩემი ამგვარი მიდგომა გუნდს. უახლოეს პერიოდში დავსხდებით და განვიხილავთ - ღირს თუ არა ფორმულა 1-ში კარიერის გაგრძელება. იქნებ გაჩერება უმჯობესი იყოს?", - ამბობს მიხაელ შუმახერი.

ამასთან, "მერსედესის" შეფი როს ბრაუნი ამტკიცებს, რომ გუნდში კმაყოფილი არიან შუმახერის მუშაობით: "ჩვენ მიხაელ შუმახერი გუნდში იმისთვის მოვიწვიეთ, რომ მანქანის განვითარებაში დაგვხმარებოდა. მას სამწლიანი კონტრაქტი აქვს "მერსედესთან" და კმაყოფილნი ვართ მისი მუშაობით. მაგრამ თუ მიხაელმა დისკომფორტი იგრძნო, განვიხილავთ ამ საკითხს: არ უნდა დააძალო ადამიანს იმის კეთება, რაც არ მოსწონს. ჩვენ გვჯერა მისი. ის გუნდისთვის მნიშვნელოვანია.

ეჭვგარეშეა, რომ ნიკო როსბერგი შუმახერის საუკეთესო მეწყვილეა. ის ძლიერი მეტოქეა და რეგულარულად უსწრებს მიხაელს. მაგრამ როსბერგი პილოტების სხვა თაობას ეკუთვნის, ჩვენ კი გვჭირდებოდა მრბოლელი, რომელიც მანქანასთან ძველებურად იმუშავებდა - ელექტრონული მოწყობილობების გარეშე.

მართალია, მიხაელი 42 წლისაა, მას შეუძლია თანაგუნდელს გამოცდილება გაუზიაროს და ამისგან სიამოვნება მიიღოს. დარწმუნებული ვარ, ეს დაარწმუნებს მას კონტრაქტის გაგრძელებაში".

* * *
"ფერარის" შეფმა სტეფანო დომენიკალიმ დაარღვია დუმილი და კომენტარი გააკეთა იტალიურ საჯინიბოში ლუის ჰემილტონის სავარაუდო ტრანსფერის შესახებ. თავად ბრიტანელმა პილოტმა ცოტა ხნის წინ არ გამორიცხა "სკუდერიაში" გადასვლა უახლოეს მომავალში ან შორეულ პერსპექტივაში.

"მოხარული ვარ, რომ ლუისმა "ფერარიში" გადაბარგების სურვილი გამოთქვა. ეს სასიამოვნოა, - ამბობს დომენიკალი. - თუმცა ლოგიკურია, რომ ნებისმიერ პილოტი განიხილავს ჩვენს გუნდს, როგორც კარიერის გაგრძელების ერთ-ერთ ვარიანტს. რაც არ უნდა იყოს, "სკუდერიას" უკვე მყარად უჭირავს ადგილი ფორმულა 1-ის ისტორიაში. თუმცა არ მგონია, რომ ლუისი ოდესმე "ფერარიში" აღმოჩნდეს.

ჩვენი გუნდისთვის იდეალური ვარიანტია ასეთი კომბინაცია - გამოცდილი პილოტი და რომელიმე ახალგაზრდა ნიჭიერი ავტომრბოლი".
დომენიკალი იმას გულისხმობს, რომ "ფერარის" ლიდერ ფერნანდო ალონსოსთვის ლუის ჰემილტონი ვერ იქნება იდეალური პარტნიორი თუნდაც იმიტომ, რომ ამ პილოტებს "მაკლარენში" მეტად დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ.

"ფერარის" შეფის სიტყვებიდან ისიც შეიძლება დავასკვნათ, რომ გუნდის მეორე წევრის, ბრაზილიელი ფელიპე მასას მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშაა. 30 წლის პილოტი იუნიორის როლისთვის ნამდვილად არ გამოდგება. თუმცა "სკუდერიას" ოფიციალურ წარმომადგენლებს არაერთხელ უთქვამთ, რომ მასა 2012 წელს "ფერარიში" იქნება, შემდეგ კი შეიძლება ამოტივტივდეს სერხიო პერესის ან ჟიულ ბიანკის სახელები. ეს უკანასკნელი GP2-ის სერიაში გამოდის.

* * *
ბევრი რამ აქვს გასარკვევი "ლოტუს-რენოს". ეს გუნდი წელს ძალიან ცუდად გამოდის. ამის მიზეზი რობერტ კუბიცას ავარიაა, აგრეთვე ისიც, რომ ვერ გაამართლა იმედები პოლონელის ნაცვლად გამოძახებულმა ნიკ ჰაიდფელდმა. ამიტომაც სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ იმაზე, რომ გერმანელი პილოტი, შესაძლოა, ფრანგმა რომენ გროსჟანმა შეცვალოს.

"რომენმა შესანიშნავი ფორმა აჩვენა GP2-ის სერიაში და დაამტკიცა, რომ მზად არის ფორმულა 1-სთვის, - მიიჩნევს გუნდის მფლობელი ჟერარ ლოპესი. - ერთი წამით არ მეპარება ეჭვი, რომ გროსჟანი დაბრუნდება. ჩვენი მიზანია, მას ღირსეული ადგილი დავახვედროთ".
გროსჟანი GP2-ის სერიაში დამაჯერებლად ლიდერობს - აქამდე ჩატარებულ ექვს რბოლაში ფრანგმა ოთხი მოიგო და და ექვსივეჯერ პოდიუმზე ავიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მემგონი ჯობია ეგ ისევ მაკლარენში დარჩეს და ცოტა დააცადოს გუნდს მანქანის გაუმჯობესება. ეხლა მაგარ გატეხილშია ფეტელთან და ალონსოსთან რო აგებს და არ იცის რა ქნას :)))
Irakli
11:52 11-08-2011
0
ფერარის პილოტ ალონსოს დარწმუნებული ვარ რომ კონტრაქტში ეწერება, სანამ მე ფერიში ვიქნები ლუის ჰემილტონი არ დამანახოთოოო :)
avtuko
20:18 10-08-2011
0

სიახლეები პოპულარული