ბერნი და ჰოლივუდი

AutoSharing Option
ჰოლივუდი სულ უფრო აქტიურ დაინტერესებას გამოთქვამს ფორმულა 1-ის მიმართ. ნაწილობრივ ეს დაკავშირებულია 2012 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის კალენდარში ამერიკის გრანპრის დაბრუნებით. აგრეთვე დოკუმენტური ფილმის - "სენას" წარმატებით, რომელიც წელს გამოვიდა დიდ ეკრანზე.

ჩვენ უკვე ვწერდით იმის შესახებ, რომ ამერიკელი რეჟისორი რონ ჰოვარდი მხატვრული ფილმის გადასაღებად ემზადება, რომელიც 1976 წლის სეზონში ნიკი ლაუდასა და ჯეიმს ჰანტის დრამატულ დუელს ეხება.

რა თქმა უნდა, ყველას აინტერესებს - შეძლებენ თუ არა თანამედროვე კინემატოგრაფისტები ჯონ ფრანკენჰაიმერის წარმატების გამეორებას. ამ რეჟისორმა 1966 წელს შექმნა ლეგენდარული სურათი "გრანპრი",
რომელიც ბევრ ქვეყანაში ნამდვილ ჰიტად იქცა.

ბევრს ახსოვს, რომ 90-იანი წლების ბოლოს სილვესტერ სტალონე სერიოზულად გეგმავდა ახალი ფილმის გადაღებას ფორმულა 1-ის შესახებ, მაგრამ საერთო ენა ვერ გამონახა ბერნი ექლსტოუნთან, ამიტომაც სლაიმ თავისი თრილერის მოქმედება ამერიკის კონტინენტზე გადაიტანა: გამოვიდა მეტად სუსტი და კრიტიკის მიერ სამართლიანად დაწუნებული ფილმი - Driven, რომელიც ChampCar-ის რბოლების მასალით გადაიღეს.

ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ კინოკომპანია Warner Brothers-მა ჰოლივუდის სცენარისტსა და რეჟისორს ბენ იანგერს შეუკვეთა მასშტაბური სცენარი ფორმულა 1-ის რბოლებზე. იანგერი უკვე ესწრებოდა უნგრეთის რბოლას, ამერიკაში დაბრუნებულმა კი ინტერვიუ მისცა ჟურნალ "თაიმსს".

"კომპანიას სერიოზული გეგმები აქვს, - განაცხადა მან. - არ მინდა Driven-ის მსგავსი ფილმის გადაღებებში მონაწილეობა. როგორც ჩანს, Warner Brother-ს საკუთარი "გრანპრის" შექმნა სურს. ფილმში უნდა იყოს ბევრი ტექნიკა, გმირი კი ამერიკელი ავტომრბოლი იქნება".
რა თქმა უნდა, აქ მაშინვე წარმოიშვება ორი პრობლემა. ჯერერთი, დღეისთვის ფორმულა 1-ში არ არის ამერიკელი პილოტი.

პერსპექტიულად მიიჩნევა ახალგაზრდა ალექსანდერ როსი, რომელიც მეოთხე ადგილს იკავებს "რენოს" მსოფლიო სერიაში, მაგრამ ფორმულა 1-ში მის დებიუტამდე ჯერ შორია. თუმცა ფილმი არა დოკუმენტური, არამედ მხატვრულია და მასში შესაძლებელი იქნება ისტორიული რეალობიდან გადახრები.

მეორე პრობლემა: ფორმულა 1-ზე ფილმის გადაღება შეუძლებელია, თუ ბერნი ექლსტოუნთან ხელშეკრულება არ არის გაფორმებული. ჭირვეული ბრიტანელი ყოველთვის ხისტ პოზიციას იკავებს იმ საკითხებში, რაც კომერციულ უფლებებს ეხება. თუმცა ბენ იანგერს კარგად ესმის, რომ სხვა გზა არ არსებობს. მისი სიტყვებით, მომავალი სურათის ბიუჯეტი 150 მილიონი დოლარი იქნება.

ბრიტანული ვებგვერდი Pitpass აქვეყნებს ბერნი ექლსტოუნის მოსაზრებას იმის შესახებ, თუ რატომ ვერ შეძლო თავის დროზე სილვესტერ სტალონემ ფილმის გადაღებაზე მოლაპარაკება. სავარაუდოდ, ფორმულა 1-ით დაინტერესებული ნებისმიერი ჰოლივუდელი პროდიუსერისთვის სასარგებლო იქნება ამის ცოდნა...

"ჩვენ შეგვეძლო სტალონესთან გაგვეფორმებინა კონტრაქტი 50/50-ზე პირობით. მაშინ ყველაფერი გამოვიდოდა, - იხსენებს ფორმულა 1-ის მთავარი პრომოუტერი. - სწორედ ასეთი იყო პირველადი გეგმა, ბანკები მზად იყვნენ ფინანსების გამოსაყოფად, სპონსორებსაც ვიპოვნიდით.
მაგრამ სტალონემ ეს პირობა არ მიიღო. მან 20 მილიონი მოითხოვა ფილმში მონაწილეობისთვის და კიდევ 20 მილიონი იმისთვის, რომ რეჟისორად იმუშავებდა. ის მაშინ მართლაც იყო გატაცებული ფორმულა 1-ით, მაგრამ მასთან მოლაპარაკება შეუძლებელი აღმოჩნდა.

მსოფლიოს კინემატოგრაფიის წარმომადგენლები მიჩვეულნი არიან სხვის ხარჯზე მუშაობას. მათ არ უყვართ რისკზე წასვლა. სტალონე ამ ფილმში არაფრის ჩადებას არ აპირებდა. ის ამას მიჩვეული არ იყო. თუმცა ცუდი ასეთ პოზიციაში არაფერია, უბრალოდ, ეს ჩვენ არ გვაწყობდა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
იმედია ბერნი დათმობებზე წავა და F1-ზე კარგ ფილმს ვიხილავთ
avtuko
16:33 11-08-2011
0

სიახლეები პოპულარული