შოტლანდიელი წითელი ბარონის ნაცვლად?

AutoSharing Option
ბრიტანელი პილოტის პოლ დი რესტას მენეჯერი ენტონი ჰემილტონი აცხადებს, რომ "მერსედეს გრანპრის" თამამად შეუძლია იფიქროს შოტლანდიელი დებიუტანტის გადაბირებაზე.

როგორც გუშინდელ ნომერში ვწერდით, ლეგენდარულმა მიხაელ შუმახერმა ისევ გადაკვრით ახსენა ამ სეზონის შესახებ სპორტიდან წასვლის შესახებ. მართალია, გერმანული საჯინიბოს ხელმძღვანელობას სურს მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის შენარჩუნება, მაგრამ შუმის კონტრაქტში არსებობს პუნქტი, რომელიც მას ხელშეკრულების ნაადრევად გაწყვეტის უფლებას აძლევს. თუ მიხაელმა მაინც გადაწყვიტა წასვლა, მისი ადგილი, შესაძლოა, სწორედ პოლ დი რესტამ დაიკავოს.

შოტლანდიელი პილოტი დიდი ხანია "მერსედესის" პროტეჟედ ითვლება. ის შარშან გამოდიო
და საქარხნო გუნდში და DთM-ის სერიის ჩემპიონიც გახდა. დი რესტას დღემდე კარგი ურთიერთობა აქვს შტუტგარტულ კონცერნთან.

მაგრამ მთავარი ის არის, წელს "ფორს ინდიას" ბოლიდით პოლმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. საკვალიფიკაციო რბოლების უმრავლესობაში მან გამოცდილ თანაგუნდელ ადრიან სუტილს გაუსწრო, თუმცა რბოლებში შოტლანდიელს ნაკლებად უმართლებდა. გამონაკლისია ბოლო რბოლა უნგრეთში, სადაც დი რესტამ კარიერაში ჯერჯერობით საუკეთესო შედეგი აჩვენა.

მოკლედ, პირველივე ეტაპებიდან ცხადი გახდა, რომ ამ პილოტს დიდი მომავალი აქვს. ესპანეთის გრანპრის შემდეგ შოტლანდიელის მენეჯერმა ენტონი ჰემილტონმა განაცხადა, რომ დი რესტას "მერსედესში" ხილვის იმედი აქვს: "შუმახერს ყველანი დიდ პატივს ვცემთ, რადგან ის ფორმულა 1-ის ისტორიის ნაწილია, მაგრამ, როცა მიხაელი "მერსედესიდან" წავა, ჩვენი მისი ადგილის დასაკავებლად სერიოზულ ბრძოლას ვაპირებთ".

* * *
როგორც ჩანს, საბოლოოდ გაირკვა 2012 წელს ოსტინში ამერიკის გრანპრის ჩატარების თარიღი. ბერნი ექლსტოუნმა დაადასტურა, რომ აშშ-ის ეტაპი ივნისიდან ნოემბერში გადაიტანეს.

აშშ-ის გრანპრის გვიან შემოდგომაზე გადატანა ფორმულა 1-ის ხელმძღვანელებს ცხელი ტექსასური ზაფხულით გამოწვეული პრობლემების თავიდან აცილების საშუალებას მისცემს.

მაგრამ ზოგიერთი ექსპერტის აზრით, კალენდარში ცვლილება რთულ მეტეოროლოგიურ პირობებს არ უკავშირდება. უბრალოდ, ამერიკელები ვერ ასწრებდნენ ივნისისთვის ახალი ავტოდრომის ექსპლუატაციაში ჩაშვებას.

"ჩვენ უკვე გვაქვს კალენდრის პროექტი მომავალი წლისთვის. მასში რამდენიმე ცვლილება შევიტანეთ. მაგალითად, ოსტინის რბოლა ნოემბერში გაიმართება, რადგან ტექსასში ზაფხულში 40-გრადუსიანი სიცხეა. არ გვინდა, რომ დალასის გამოცდილება ისევ განმეორდეს", - განაცხადა ექლსტოუნმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული