ასე ისვენებენ პილოტები

AutoSharing Option
ფორმულა 1-ში ტრადიციული ერთთვიანი საზაფხულო არდადეგების დრო დადგა, რომლის დროსაც საჯინიბოების ბაზები დაკეტილია, ტექნიკური ჯგუფის თანამშრომლებს კი ოფიციალური მიმოწერის უფლებაც არ გააჩნიათ. ასე რომ, პილოტებს ისღა დარჩენიათ, დასასვენებლად გაემგზავრონ.

ჩემპიონატის ლიდერი და მოქმედი ჩემპიონი სებასტიან ფეტელი რაფაელ ნადალის სამშობლოში - მალიორკას კუნძულზე გაემგზავრა, სადაც გერმანელებს ტრადიციულად უყვართ დასვენება. მაგრამ თანამემამულეებისგან განსხვავებით, "რედ ბულის" პილოტი კუნძულის მთებში განმარტოვდა.

"მთელი წელი საჭესთან ვარ, ძალიან დაძაბული გრაფიკი მაქვს და თითქმის არ მრჩება თავისუფალი დრო. მოხარული ვარ, რომ მშვიდ გარემოში მოვხვდი. მიყვარს მთებში მოგზაურობა.
როცა მწვერვალზე ადიხარ, იმ მომენტში სრული სიჩუმით ტკბები", - განაცხადა სებასტიანმა ავსტრიულ ტელეარხ შერვუს თV-თვის მიცემულ ინტერვიუში.

დასვენების მიუხედავად, ფეტელს არც რბოლები ავიწყდება: მეკლდეურობასა და სამთო ველოსიპედით ვარჯიში მას სეზონის გადამწყვეტი ფაზისთვის უკეთ მომზადებაში ეხმარება.

"გასვლითი რბოლების წინ ვარჯიში გადავწყვიტე. მაქსიმალურად უნდა ვიყო მზად გადამწყვეტი ეტაპებისთვის: მაგალითად, სინგაპურში კლიმატი ძალიან განსხვავდება ევროპულისგან, დროში სხვაობა ჩვენსა და ამ ქვეყანას შორის კი ექვსი საათი გახლავთ", - ამბობს ფეტელი.

ამასობაში, გერმანელის თანაგუნდელმა მარკ უებერმა ვერტმფრენის მართვის ლიცენზია მიიღო. ამისთვის ის ზალცბურგში გაემგზავრა, სადაც ვერტმფრენით იფრინა და შემდეგ საკუთარი შთაბეჭდილებები "ტვიტერის" ქსელით გაგვიზიარა: "ეს უჩვეულო გაფრენა იყო. კაბინაში ვიყავი პილოტთან ერთად, რომელიც საჰაერო აკრობატიკაში სპეციალიზდება".

"რედ ბულის" პილოტებისგან განსხვავებით, ჯენსონ ბატონი ისევ ჰავაიზე გაემგზავრა. სწორედ აქ გაატარა მან შარშან საშობაო არდადეგები. რა თქმა უნდა, ბრიტანელის გვერდით არის მისი გერლფენდი - იაპონური წარმოშობის ტოპმოდელი ჯესიკა მიჩიბატა. "მაკლარენის" წევრი ამჟამად შესანიშნავ განწყობაზეა და ჯერაც უნგრეთის გრანპრიზე გამარჯვებით მიღებული შთაბეჭდილებების ქვეშ იმყოფება.

"ჩვენი მანქანა მართლაც ძალიან კონკურენტუნარიანი გახდა და შესანიშნავ პოზიციას ვიკავებთ საზაფხულო არდადეგების წინ", - ამბობს ჯენსონი. ბრიტანელი პილოტისთვის ერთადერთი დისკომფორტი გახდა დროში სხვაობა: "ჩვეულებრივი ცხოვრების რითმი დაირღვა, მაგრამ ეს არავის აღელვებს. მით უმეტეს, რომ წინ სანაპიროს შესანიშნავი ხედი იშლება. თან ამინდიც უწყობს ხელს ჩვენს განწყობას".

კიდევ ერთი გერმანელი - ნიკო როსბერგიც კუნძულზე გაემგზავრა: "მერსედესის" პილოტი თავის შეყვარებულთან ვივიანთან ერთად იბიცაზე ისვენებს, იმ დროს, როცა მისი თანაგუნდელი და თანამემამულე მიხაელ შუმახერი შვეიცარიაში დარჩა ოჯახთან ერთად.

რუბენს ბარიკელოსაც ისევე სურდა არდადეგების გატარება, როგორც მის ყოფილ თანაგუნდელს "ფერარიში", მაგრამ ბრაზილიელ პილოტს გეგმები შვილების სასკოლო განრიგმა აურია. "სამწუხაროა, რომ ამ ნანატრი თავისუფალი დროის პერიოდში ბავშვები უკვე სკოლაში დადიან", - დაწერა ბრაზილიელმა სოციალურ ქსელში თავის გვერდზე.

უნგრეთის გრანპრის შემდეგ ჰეიკი კოვალაინენი ფინეთში დაბრუნდა, სადაც მას მოსაწყენად არ ეცალა. გასული უქმეები ფინელმა პილოტმა ავტოდრომზე გაატარა, სადაც ეროვნული ჩემპიონატის ეტაპი იმართებოდა Lეგენდს თროპჰყ-ის კლასში. უცნაურია, მაგრამ იქ ჰეიკი მშობელ მამას გულშემატკივრობდა. ამ კვირას კი კოვალაინენმა ავტოსპორტის თემაზე შექმნილ ფილმებს უყურა. გარდა ამისა, გოლფისა და ბადმინტონის თამაშით ერთობა: თუ გოლფის მოედანზე თავის გამოჩენა ვერ შეძლო, ბადმინტონში საკუთარი შედეგებით კმაყოფილია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
აი ასე უნდა ცხოვრებააა... :)))
ეჰ დაგვიანებულია ჩემი მრბოლელობა, თორე ისეთ "დუხზე" ვარ ფეტელს ჩემი 330-ით გავასწრებდი... :)))
Irakli
16:02 12-08-2011
0

სიახლეები პოპულარული