ვილნევი: კიმი ჩემპიონი არ უნდა იყოს

AutoSharing Option
საინტერესო მოსაზრება გამოთქვა ფორმულა 1-ში მსოფლიოს 1997 წლის ჩემპიონმა, კანადელმა ჟაკ ვილნევმა. მისი აზრით, ფინელმა კიმი რაიკონენმა 2007 წელს "ფერარის" ბოლიდით სრულიად შემთხვევით, იღბალის წყალობით მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი.

"თუ კიმიმ ტიტულის მოპოვება მოახერხა, ეს მხოლოდ და მხოლოდ იღბალის დამსახურებაა. ფინელს არ ეკუთვნოდა იმ წელს გამარჯვება. ფელიპე მასა იყო მაშინდელ სეზონში ტიტულის ყველაზე ღირსეული კანდიდატი. ჩემი აზრით, ბრაზილიელი ყოველთვის რაიკონენზე ნიჭიერი და მონდომებული პილოტი იყო", - თამამად ამბობს ვილნევი კანადური პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში.

მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა ისიც და
ამატა, რომ არ ესმის ამ სეზონში მასას მიმართ გამოთქმული კრიტიკა. კანადელის აზრით, ბრაზილიელი პილოტი "ფერარის" წარმატებისთვის უდიდესი მოცულობის სამუშაოს ასრულებს.

"პრობლემა იმაშია, რომ ალონსომ "ფერარიში" მისვლისთანავე დაიკავა პრივილეგირებული მდგომარეობა. როცა ასეთი რამ ხდება, ეს გარკვეულ ენერგიას ქმნის, ხალხს სჯერა ლიდერის. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ თუ "ფერარი" გაიმარჯვებს, ამას მხოლოდ ალონსო გააკეთებს. ეს კი რთულ სიტუაციაში აგდებს გუნდის მეორე პილოტს, რომელსაც ორმაგი ზეწოლისთვის უწევს გამკლავება.

სწორედ ამ პრობლემას უნდა შეეჭიდოს ფელიპე. მას აქვს სისწრაფე, შეუძლია პილოტირების დონე აამაღლოს. ამაში ეჭვი არ მეპარება. მაგრამ მან ჩვეულებრივზე მეტი უნდა გააკეთოს, რადგან გუნდი ალონსოს მხარესაა, რაც ნორმალურია, რადგან ესპანელი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი გახლავთ.

მასას ბევრი რბოლა აქვს მოგებული და ერთხელ კინაღამ ჩემპიონი გახდა. ის შესანიშნავი პილოტია და დღესაც კარგად გამოდის "ფერარიში". არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც ბრაზილიელს აკრიტიკებენ", - დაასრულა მასას ადვოკატობა ვილნევმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული