შუმახერი დარჩება

AutoSharing Option
ფორმულა 1-ში გამოცხადებული ერთთვიანი არდადეგების დროს პრესაში იკლო ინფორმაციებმა "სამეფო რბოლების" შესახებ, ამიტომაც ჟურნალისტებმა დიდი ენთუზიაზმით დაიწყეს სპეკულაციები მიხაელ შუმახერის თემაზე - თითქოს მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი ნაადრევად აპირებს "მერსედესთან" კონტრაქტის გაწყვეტას და 2011 წლის სეზონის შემდეგ დიდი სპორტიდან წასვლა აქვს განზრახული.

გერმანელის მოქმედი ხელშეკრულება 2012 წლის ბოლომდეა ძალაში, მაგრამ პრესის ცნობით, ბოლო ორ სეზონში წარუმატებელმა გამოსვლამ შუმის კარიერის დასრულებისკენ უბიძგა.

თუმცა ამ დღეებში 42 წლის ლეგენდამ კატეგორიულად უარყო მსგავსი ვარაუდი. "მერსედესის" მიერ ორგანიზებული აქციისას, რომელიც ავტომობილის შექმნის 125 წლისთავს მიეძღვნა,
შუმახერმა "სასაცილო" და "სულელური" უწოდა მსგავს ჭორებს და განაცხადა: "აუცილებლად მიხილავთ მომავალ წელს ტრასაზე. ამაში ეჭვი არ მეპარება".

ამასთან, მიხაელმა ფრთხილი პროგნოზი გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რა შეიძლება მოხდეს მომავალი სეზონის დასრულების შემდეგ. "უნდა ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, რა ძალისხმევა გახდება საჭირო კარიერის გასაგრძელებლად და მომიტანს თუ არა რბოლები სიამოვნებას", - ამბობს შუმახერი.

გერმანელმა პილოტმა მიანიშნა იმის შესახებ, რომ ბევრი რამ სწრაფი მანქანის შექმნაში გუნდის შესაძლებლობებზე იქნება დამოკიდებული. ამავდროულად, მიხაელი რეალისტად რჩება: "ზედმეტად თვითდაჯერებაა იმაზე ფიქრი, რომ გაისად ტიტულისთვის ვიბრძოლებთ. ამ დონემდე ჯერ ძალიან შორს ვართ და დრო გვჭირდება, რომ საჩემპიონო გუნდად ჩამოვყალიბდეთ".

ფაქტობრივად, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის სიტყვებს ადასტურებს "მერსედესის" შეფი ნორბერტ ჰაუგი, რომელმაც გულშემატკივრებს მოუწოდა, რომ სასწაულის იმედი არ უნდა ჰქონდეთ.

"არანაირი გარემოების მიხედვით არ გამოგვივა მეოთხედან პირველ ადგილზე ასვლა. ფორმულა 1-ში ასეთი ნახტომი გამორიცხულია", - ამბობს ჰაუგი.

თუმცა "მერსედესის" გულშემატკივრებისთვის კარგი ამბავი ის არის, რომ კომპანიის ინოვაციური განყოფილების ხელმძღვანელმა თომას ვებერმა განაცხადა, რომ მზად არის დაელოდოს წარმატებებს. "გუნდს საჭირო დროს მივცემთ მწვერვალზე ასასვლელად", - განაცხადა ვებერმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული