"უილიამსში" ვაკანსია გაჩნდა?

AutoSharing Option
ბრაზილიური პრესის ინფორმაციით, რუბენს ბარიკელო მზადაა გაწყვიტოს კონტრაქტი "უილიამსთან" და შესაძლოა, საერთოდ დატოვოს ფორმულა 1, თუ 2012 წლისთვის ახალი გუნდს არ იპოვნის.

გაზეთ Estado de Sao Paulo-ს ახალ ნომერში წერია, რომ ბრიტანული საჯინიბოს სუსტმა ბოლიდმა და არც ისე მყარმა ფინანსურმა მდგომარეობამ ვეტერანი პილოტი იმ აზრამდე მიიყვანა, რომ მომავალ წელს "უილიამსისგან" პროგრესის ლოდინი უაზრობაა. არადა, ბრიტანელებმა 2012 წლის სეზონისთვის კონტრაქტი გააფორმეს "რენოსთან", რომელიც ძრავებს მიაწვდის "უილიამსს".

ბუნებრივია, ამ ინფორმაციამ ჭორების ტალღა ააგორა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ დაიკავებს ბრაზილიელის ადგილს ბრიტანულ გუნდში.
კანდიდატთა ნაკლებობა არ შეიმჩნევა: ბრაზილიელი ჟურნალისტები ასახელებენ GP2-ის პილოტსა და "ფერარის" აკადემიის მოსწავლეს ჟიულ ბიანკის, აგრეთვე ახალგაზრდულ სერიაში მის კონკურენტებს - სტეფანო კოლეტის, რომელსაც თვით მონაკოს თავადი ალბერ II პატრონობს და "მერსედესის" პროტეჟეს სემ ბერდს.

თუმცა თავიდან გასაკვევია, მართლაც გაჩნდა თუ არა ვაკანსია "უილიამსში". რუბენს ბარიკელოს ფორმულა 1-დან წასვლის შესახებ ჭორი ადრეც გავრცელებულა, მაგრამ სახელოვანი ვეტერანი ჯერაც გადის სტარტზე და რეგულარულად ანახლებს საკუთარ რეკორდს ჩატარებული ეტაპების რაოდენობით. ამჟამად ბარიკელოს ანგარიშზე 318 გრანპრია. 11 რბოლაში მან გამარჯვება მოიპოვა, 2002 და 2004 წელს კი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული