კუბიცა საჭეს მიუახლოვდა

AutoSharing Option
ექიმები, რომლებიც პოლონელი რობერტ კუბიცას აღდგენით პროცესზე არიან პასუხისმგებელნი, მიიჩნევენ, რომ უკვე სექტემბერის ბოლოსთვის "ლოტუს-რენოს" პილოტი შეძლებს სარბოლო სტიმულატორის საჭესთან დაჯდომას.

აგვისტოში დაგეგმილია ბოლო, მერვე ოპერაცია, რომელიც მთლიანად აღუდგენს ფუნქციას მარჯვენა ხელს და სწორედ ამ ოპერაციიდან რამდენიმე კვირის შემდეგ კუბიცა შეეცდება სტიმულატორზე ტესტების გავლას.

ევროპაში ხელის ტრავმების ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი რიკარდო ჩეკარელი, რომელმაც პირადად გაუკეთა ოპერაცია კუბიცას, ოპტიმისტურად აფასებს სიტუაციას:

"კუბიცამ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში უდიდეს პროგრესს მიაღწია და იმედი გვაქვს, რომ სულ მალე შეძლებს სარბოლო სტიმულატორზე ტესტების ჩატარებას. ყველა
ოპერაციამ გართულების გარეშე ჩაიარა და აღდგენითი პროცესი იმაზე ადრე დასრულდება, ვიდრე თავდაპირველად ვვარაუდობდით".

* * *
ფორმულა 1-ის მთავარმა პრომოუტერმა ბერნი ექლსტოუნმა დაამშვიდა მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილე გუნდები და გულშემატკივრები - ინდოეთში ავტოდრომი დათქმულ ვადებში აშენდება და ამ ქვეყნის სადებიუტო გრანპრი დროულად ჩატარდება.

"ეჭვი არ გვეპარება, რომ ინდოეთის ტრასა ერთ-ერთი საუკეთესო იქნება ფორმულა 1-ში და ის დროულად აშენდება. ყოველდღიურად ვამოწმებთ ამ პროცესს და ძალიან კმაყოფილები ვართ. არანაირი პრობლემა არ იქნება.

ცხადია, რომ ფორმულა 1 - სპორტის ახალი სახეობაა ინდოეთში. ჩვენ ვერასოდეს გავუსწრებთ კრიკეტს, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მივუახლოვდეთ მას.

უნდა გვახსოვდეს, რომ ინდოეთი მსოფლიოს ხუთი მთავარი ქვეყნიდან ერთ-ერთია. ამიტომაც არის ჩვენი იქ ყოფნა ასე მნიშვნელოვანი", - ამბობს ექლსტოუნი.

* * *
"ფერარის" ლიდერს ფერნანდო ალონსოს მიაჩნია, რომ ჩემპიონატის მონაწილეებმა ბევრი რამ უნდა ისწავლონ ჯენსონ ბატონისგან. ბოლო ინტერვიუში ესპანელმა პილოტმა "მაკლარენის" წევრის ძლიერ მხარეებზე ილაპარაკა.

"რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში ბატონი ყველაზე კარგად გამოიყურება, - ამბობს მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი. - ყოველ პილოტს აქვს თავისი ძლიერი მხარე და ყველამ უნდა გადავიღოთ ჯენსონისგან საუკეთესო თვისებები. ის პრაქტიკულად ყოველთვის იდეალურ სტრატეგიას ირჩევს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული