ჩემპიონატის მორიგი ეტაპის ტრასაზე - "სპა-ფრანკორშამზე" განახლდება სებასტიან ფეტელისა და პელოტონის დანარჩენი ნაწილის ბრძოლა. მანამდე კი გავიხსენოთ, რა ისტორრია აქვს ბელგიის გრანპრის და უშუალოდ "სპას" ტრასას.
- კვირას გაიმართება 56-ე ბელგიის გრანპრი.
- პირველად "სპას" ავტოდრომზე გრანპრი 1925 წელს ჩატარდა. მაშინ გამარჯვება მოიპოვა ანტონიო ასკარიმ - ფორმულა 1-ში მსოფლიოს მომავალი ორგზის ჩემპიონის ალბერტო ასკარის მამამ. ბელგიაში ტრიუმფის შემდეგ უფროსი ასკარი საფრანგეთში მომდევნო ეტაპზე დაიღუპა.
-
- ბელგიის გრანპრი 43-ჯერ გაიმართა "სპაზე", 10-ჯერ ზოლდერში და ორჯერ რბოლა მიიღო ნიველის ავტოდრომმა. ეტაპი საბოლოოდ 1985 წელს გადაბარგდა "სპაზე".
- ბელგიის გრანპრის სხვა ავტოდრომებზე გადატანა "სპაზე" მომხდარი სერიოზული ავარიებით იყო გამოწვეული. 1960 წელს რბოლის მე-19 წრეზე დაიღუპა ბრიტანელი კრის ბრისტოუ, 24-ე წრეზე მისი თანამემამულე ალან სტეისი, რომლის ჩაფხუტში ჩიტი მოხვდა. მათ გარდა, დაზარალდნენ მაიკ ტეილორი (ხეს შეეჯახა პრაქტიკის დროს) და სტირლინგი მოსი (ორივე ფეხის მოტეხილობა). 1966 წელს ლეგენდარული ჯეკი სტიუარტი სოფლის სახლს შეეჯახა და ნეკნებისა და ხელის მოტეხილობა მიიღო.
- 2010 წლის კალენდარში "სპას" ტრასა ყველაზე გრძელია. ერთი წრის სიგრძე 7004 მეტრს უდრის, წრეების საერთო რაოდენობა კი ორმოცდაოთხია (საერთო დისტანცია - 308,052 კილომეტრი).
- ტრასაზე 19 მოსახვევია (10 მარჯვენა და 9 მარცხენა). სიმაღლეებს შორის სხვაობა დაახლოებით 180 მეტრი. მაქსიმალური სიჩქარე - საათში 310 კილომეტრი. ერთ წრეზე დაახლოებით 52-ჯერ ხდება სიჩქარეების გადართვა. ტრიბუნების ტევადობაა - 70 ათასი მაყურებელი.
- ყველაზე ხშირად "სპაზე" გერმანელი მიხაელ შუმახერი იმარჯვება - ექვსი. ხუთი მოგება აქვს ფრანგ ალენ პროსტს, ოთხ-ოთხი - კლარკსა და რაიკონენს.
- ტრასის ახალ კონფიგურაციაზე უსწრაფესი წრე შარშან ავსტრალიელმა მარკ უებერმა აჩვენა - 1.45,778. უშუალოდ რბოლაში წრის რეკორდი ეკუთვნის სებასტიან ფეტელს - მან 2009 წლის 30 აგვისტოს დაამყარა რეკორდი - 1.47,263 (საშუალო სიჩქარე - 235.71 კმ/სთ).
- 12-ჯერ ფინიშზე პირველები "ფერარის" პილოტები მივიდნენ, 11-ჯერ - "მაკლარენის".
- ოთხ-ოთხი პოული აქვს მოგებული ფანხიოსა და ბრაზილიელ აირტონ სენას.
- კონსტრუქტორებს შორის პირველობას ინარჩუნებს "მაკლარენი" (10). "ფერარის" ცხრა გუნდური გამარჯვება აქვს.
- ყველაზე მეტი სწრაფი წრე დააფიქსირა ალენ პროსტმა - 6-ჯერ. "ფერარის" "სპაზე" 13 უსწრაფესი წრე ჰქონდა.
- პოდიუმზე ყველაზე ხშირად ადიოდა მიხაელ შუმახერი - 9-ჯერ. შვიდი პოდიუმი აქვს პროსტს, 6 - სენას, 5 - ბრიუს მაკლარენს.
- ამ მაჩვენებლით გუნდებს შორის ლიდერობს "ფერარი" (35), შემდეგ მოდიან "მაკლარენი" (23) და "უილიამსი" (12).
- "სპაზე" ყველაზე მეტი ქულა აქვს მოპოვებული შუმახერს - 86. სულ ამ ავტოდრომზე ქულავა ზონაში 38 გუნდის 107 პილოტი მოხვდა.
- "სპაზე" ყველაზე წარმატებულ გუნდად რჩება "ფერარი" - 282 ქულა. მაკლარენს აქვს 213, "უილიამსს" - 109.
- ნაკლებად ცნობილმა გუნდმა "ჯორდანმა" ფორმულა 1-ში თავისი პირველი გამარჯვება ბელგიაში მოიპოვა - 1998 წელს (დეიმონ ჰილი). სწორედ მაშინ გუნდმა თავისი არსებობის ისტორიაში ერთადერთხელ შეასრულა დუბლი (მეორე იყო ფინიშთან რალფ შუმახერი).
- ჰეთ-თრიკის (პოული+რბოლაში გამარჯვება+უსწრაფესი წრე) შესრულება შეძლეს: ასკარიმ (1952), ფანხიომ (1954), ჯონ სერტისმა (1966) და მიხაელ შუმახერმა (2002).
- მიხაელ შუმახერს დებიუტი ფორმულა 1-ში სწორედ ბელგიაში ჰქონდა - 1991 წლის 25 აგვისტოს. ერთი წლის შემდეგ კარიერაში პირველი გამარჯვება "სპაზე" მოიპოვა. ხოლო 2001 წლის 2 სექტემბერს მოპოვებულმა გამარჯვებამ გერმანელს საშუალება მისცა მოგებული ეტაპების რაოდენობით უკან ჩამოეტოვებინა ალენ პროსტი (52 51-ის წინააღმდეგ). ახლა, გერმანელს 91 გამარჯვება აქვს. 2004 წელს "სპაზე" გამარჯვებით, შუმიმ მეშვიდე (და ამ მომენტისთვის ბოლო) ტიტული გაინაღდა.
- ზედიზედ ოთხჯერ ბელგიის გრანპრი მხოლოდ კლარკსა (1962-65) და სენას (1988-91) აქვთ მოგებული.
- 1966 წელს "სპაზე" 15 პილოტიდან მხოლოდ ხუთმა მიაღწია ფინიშს. უფრო ნაკლები რაოდენობის ავტომრბოლი ფინიშზე მხოლოდ ორჯერ მივიდა - ორივეჯერ მონაკოში: 1996 წელს სამი (!) პილოტი, 1966 წელს - ოთხი.
- ბელგიის გრანპრი ერთადერთია ბრაზილიელი ფელიპე მასასთვის, სადაც ის იმარჯვებდა (2008), მაგრამ ამასთან, არასოდეს მოუგია პოული.
- მიხაელ შუმახერმა თავისი პირველი უსწრაფესი წრე ბელგიაში დააფიქსირა - 1992 წელს. მაშინ მან კარიერაში პირველად მოიპოვა რბოლაში ლიდერობა - 11 წრით. ასევე აღსანიშნავია, რომ პირველად რბოლას გერმანელი ასევე "სპაზე" გამოეთიშა (1991).
- კარიერაში პირველად რბოლას ფეტელი ასევე ბელგიაში გამოეთიშა - 2007 წელს (მე-8 წრეზე).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"