სენა გადაწყვეტილია

AutoSharing Option
საბოლოო გადაწყდა, რომ ბელგიის გრანპრიზე "ლოტუს-რენოს" რიგებში ნიკ ჰაიდფელდს ბრუნო სენა შეცვლის. დღეს ფრანგული გუნდი ამ ახალ ამბავს ოფიციალურად გამოაცხადებს, 27 წლის ბრაზილიელი კი ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრესკონფერენციას დაესწრება.

როგორც იცით, ამ ტრანსფერის შესახებ ლაპარაკი ბოლო რამდენიმე დღე აქტიურად მიდიოდა. ჭორების მიხედვით, ჰაიდფელდის კონტრაქტი ნაადრევად შეწყვეტას იმ შემთხვევაში ექვემდებარებოდა, თუ ტრავმირებული პოლონელი რობერტ კუბიცა რბოლებს დაუბრუნდებოდა. ასევე არ იყო ფინანსური გარანტიები ბრუნო სენას სპონსორების მხრიდან, ამიტომაც "ლოტუს-რენოს" ხელმძღვანელობა ბოლო მომენტამდე არ აცხადებდა მომავალი შეცვლის შესახებ.

ბრუნო სენას ფორმულა 1-ში დებიუტი
2010 წელს ჰქონდა - მან 18 რბოლა გამართა HRT-ის შემადგენლობაში, წელს კი უნგრეთის გრანპრის დროს პარასკევის თავისუფალ პრაქტიკაში მიიღო მონაწილეობა.

ნიკ ჰაიდფელდმა, შარშანდელის მსგავსად, ისევ ვერ მოახერხა სეზონის სრულად ჩატარება. 2010 წელს მან ხუთი ეტაპი ირბოლა "ზაუბერის" ბოლიდით - მაშინ მან პედრო დე ლა როსა შეცვალა, 2011 წელს კი რობერტ კუბიცას შემცვლელი იყო, რომელმაც თებერვალში რალის დროს უმძიმესი ხასიათის ტრავმები მიიღო.

ბოლო თვეებში "ლოტუს-რენოს" ხელმძღვანელობა არაერთხელ აკრიტიკებდა ნიკს დაბალი შედეგების გამო, თუმცა არსებობს ეჭვი იმის შესახებ, რომ მისი განთავისუფლება კომერციული მოსაზრებებით მოხდა - ცოტა ხნის წინ გუნდის თანამფლობელმა ჟერარ ლოპესმა მსხვილი კონტრაქტი გააფორმა ბრაზილიელ ინვესტორებთან, რაც სენას მიწვევის საბაბი გახდა.

"ჯერჯერობით დადასტურებულია ჩემი მონაწილეობა ამ და მომდევნო რბოლაში, მაგრამ მოლაპარაკებები გრძელდება. საჭიროა გარკვეული იურიდიული საკითხების მოგვარება. ჯერ ვერ გეტყვით, სეზონის ბოლომდე ვიქნები თუ არა საპრიზო პილოტი.

რთულია სეზონის შუაში რბოლებში დაბრუნება, როცა მეტოქეებმა დღევანდელი სიტუაციის შესახებ შენზე მეტი იციან. მაგრამ მე ვესწრებოდი ყველა ტექნიკურ ბრიფინგს და ყველა მოვლენის საქმის კურსში ვარ, რაც აქამდე გუნდში ხდებოდა. უნგრეთის გრანპრის დროს თავისუფალ პრაქტიკაში მონაწილეობა ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა: გავიგე მანქანის მახასიათებლები, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ რთული იქნება იმ პილოტების დონეზე გამოსვლა, რომლებმაც უკვე 11 ეტაპში მიიღეს მონაწილეობა. მაგრამ მაინც მოუთმენლად ველი უქმეების დაწყებას, სწრაფი პროგრესის იმედი მაქვს და ვაპირებ, გავამართლო ნდობა.

თუ თავდაპირველად ჩემი თანაგუნდელის ვიტალი პეტროვის სისწრაფეს გავუთანაბრდები, ეს ათვლის კარგი წერტილი გახდება", - ასეთი იყო სენას პირველი კომენტარი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
არიიის!!! :))) გვეღირსაა.... ვნახოთ რა ბიჭია ჩვენი ბრუნო...
Irakli
17:13 26-08-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული