ფული თუ ბარიკელო?

AutoSharing Option
ფორმულა 1-ის ვეტერანს რუბენს ბარიკელოს იმედი აქვს, რომ მომავალი სეზონისთვის "უილიამსთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს, თუმცა ბრიტანული გუნდი აანალიზებს შესაძლებელ ფინანსურ მოგებას ისეთი პილოტის მიწვევით, რომელსაც კარგი სპონსორული მხარდაჭერა ექნება. კანდიდატებს შორის განიხილავენ ადრიან სუტილს, ბრუნო სენასა და გიდო ვან დერ გარდეს.

თეორიულად, "უილიამსის" მეორე პილოტს პასტორ მალდონადოს თითქმის გარანტირებული აქვს გაისად ადგილი ბრიტანულ საჯინიბოში, რადგან მას ვენესუელას ნავთობკომპანიის - PDVSA-ის სოლიდური მხარდაჭერა უმაგრებს ზურგს. 2012 წელს ვენესუელურ კომპანიას "უილიამსთან" თანამშრომლობა დაახლოებით 25 მილიონი ფუნტი დაუჯდება. თანხის ოდენობა იმაზეა დამოკიდებული, ბოლიდის
კორპუსზე PDVSA-ის რამდენიმე ლოგოტიპი იქნება განთავსებული.

* * *

ესპანურ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, მონცაში უახლოეს უქმეებზე იტალიური "ტორო როსო" არა მხოლოდ ახალ სპონსორს (ესპანური სანავთობო კომპანია - Cepsa), არამედ ახალ მფლობელსაც შეიძენს. ეს გახლავთ საინვესტიციო ჯგუფი IPIC (International Petroleum Investment Company), რომლის შტაბ-ბინა არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში მდებარეობს.

სავარაუდოდ, IPIC ფორმულა 1-ის გამოყენებას აპირებს თავისი ბრენდების ეფექტური რეკლამისთვის, პირველ რიგში, Cepsa-თვის, რომელიც სერიოზულ იერიშს აპირებს ევროპულ ბაზარზე.

დადის ჭორი იმის შესახებ, რომ საემიროებში მალე დაიწყება "ტორო როსოს" ახალი ბაზის მშენებლობა, ხოლო მომავალში ამ საჯინიბოს, შესაძლოა, Team UAE ეწოდოს. რამდენად შეესაბამება ეს ჭორი სინამდვილეს, ამას უახლოეს ხანში გავიგებთ...

* * *

კვლავაც გაურკვეველია "ლოტუს რენოდან" გაგდებული ნიკ ჰაიდფელდის ბედი. როგორც იცით, გერმანელი პილოტი ფრანგულ საჯინიბოში ბრაზილიელმა ბრუნო სენამ შეცვალა, რის გამოც ნიკმა სასამართლოში იჩივლა.
პარალელურად, ჰაიდფელდი მოლაპარაკებებს აწარმოებს კონცერნ BMW-სთან DTM-ის გერმანულ სერიაში მონაწილეობაზე. ასე რომ, თუ ნიკი ვერ დაიბრუნებს ადგილს "ლოტუს-რენოში", მას მომავალ წელს სწორედ DTM-ის ჩემპიონატში ვიხილავთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული