ფეტელის ხელშეკრულება ავსტრიულ საჯინიბოსთან 2014 წლის ბოლოს დამთავრდება. გერმანელმა ჯერ არ იცის, გაახანგრძლივებს თუ არა კონტრაქტს თავის ამჟამინდელ გუნდთან.
"ჩემი კონტრაქტი 2014 წლის ბოლომდე მოქმედებს, - ამბობს სებასტიანი. - ჯერჯერობით არ მაქვს სურვილი მისი ამოწურვის შემდეგ კარიერა გავაგრძელო. შესაძლოა, 4-5 წლის შემდეგ აღარ მომინდეს ბოლიდის საჭესთან ჯდომა და რაიმე სხვა საქმე ავირჩიო".
* * *
"ჩვენ უკვე გავყიდეთ 20 ათასი ბილეთი, ძირითადად, ინტერნეტის საშუალებით. 2500 რუპიის ღირებულების ბილეთები აღარ დარჩა და ახლა უფრო ძვირი ბილეთების რეალიზაცია მიმდინარეობს. ასევე დიდი მოთხოვნილებაა Platinum-სა და Gold-ის კატეგორიის ბილეთებზე - მას მსხვილი კომპანიები და ცნობილი ადამიანები იძენენ, რომლებიც არ ამხელენ თავიანთ ვინაობას", - ამბობს ერთ-ერთი ორგანიზატორი.
ინდოეთის გრანპრიზე ბილეთების ფასი 2500 (38 ევრო) რუპიადან 35000 (532 ევრო) რუპიამდე მერყეობს. ეტაპის ორგანიზატორები ბილეთების რეალიზაციიდან დაახლოებით 2 მილიონი ევროს მიღებას ვარაუდობენ.
ამასობაში გაირკვა, რომ ინდოეთის რბოლაში ადგილობრივი პილოტი ნარაიან კართიკეიანი მიიღებს მონაწილეობას. ის HRT-ის ბოლიდის საჭეს მიუჯდება. ასეთი რამ წელს ერთხელ უკვე მოხდა, მაგრამ კართიკეაინმა ძალიან დაბალი შედეგი აჩვენა და ისევ სარეზერვო პილოტად გადაიყვანეს.
* * *
"მაკლარენის" პილოტმა ჯენსონ ბატონმა ბრიტანეთის ქალაქ ჰაროგეიტში ახალი რესტორანი Victus გახსნა. გახსნის ცერემონიაში, რომელიც 5 სექტემბერს გაიმართა ქალაქის მერმა ლეს ელინგტონმა მიიღო მონაწილეობა.
"გემრიელი კერძებისა და მსოფლიოს სამზარეულოს მიმართ დიდი ინტერესი მაქვს, ამიტომაც გავხდი რესტორნის პროექტის ნაწილი, რომელშიც გაერთიანებულია ჩემი საყვარელი ელემენტები: გემრიელი კერძები, კარგი ატმოსფერო და გულთბილი პერსონალი. კვებას სიამოვნება უნდა მოჰქონდეს და ვფიქრობ, Victus ამის საშუალებას იძლევა", - განაცხადა ბატონმა.
* * *
როგორც უკვე ვწერდით, "ტორო როსომ" ახალი სპონსორი იპოვნა და, შესაძლოა, 2012 წლიდან ახალ ფერებში გაფორმებული ვიხილოთ მისი ბოლიდები. შეგახსენებთ, რომ იტალიურმა საჯინიბომ სპონსორული ხელშეკრულება გააფორმა ერთ-ერთ ესპანურ სანავთობო კომპანიასთან.
დღეს "ტორო როსოს" ბოლიდებზე "რედ ბული" ლოგოებია გამოსახული.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"