სამეფო რბოლა ირანში?

AutoSharing Option
იტალიის გრანპრის წინ, რომელიც უახლოეს უქმეებზე გაიმართება, "ლოტუს-რენოს" ხელმძღვანელობამ ოთხ ახალ სპონსორთან კონტრაქტის გაფორმების შესახებ გამოაცხადა.

ბრაზილიის სატელეკომუნიკაციო გიგანტის - Embratel-სა და უმსხვილესი სანავთობო კომპანია OGX-ის ლოგოები გაჩნდება ფრანგული საჯინიბოს ბოლიდებსა და მისი ახალი პილოტის ბრუნო სენას კომბინეზონზე. გარდა ამისა, "რენომ" სეზონის ბოლომდე გააფორმა ხელშეკრულება კომპანიებთან - Gillette-თან და Auden McKenzie-თან (ბრიტანეთის ფარმაცევტული კომპანია).

"უაღრესად საინტერესო სეზონის მსვლელობისას ოთხი ახალი პარტნიორის შეძენა ძალიან მნიშვნელოვანია. მათი დახმარებით შევეცდებით მწვერვალზე ასვლას", - ამბობს გუნდის შეფი ერიკ ბუიე.

* * *
ირანი ფორმულა
1-ის რბოლის ჩატარების მორიგი კანდიდატი გახდა. ქვეყანაში საერთაშორისო დონის პირველი ტრასა ნიუ-პარანდ-სიტიში აშენდება, რომელიც თეირანის სამხრეთით 45 კილომეტრში მდებარეობს.

პროექტის რეალიზაციის პირველი ეტაპი 30 მილიონ დოლარად არის შეფასებული, მეორე ეტაპი - 55 მილიონი დოლარი დაჯდება. ტრასის პროექტი Apex Circuit Design-ის არქიტექტურული ბიუროს მიერ არის შემუშავებული.
"აღფრთოვანებული დავრჩით ადგილობრივი ლანდშაფტით, - განაცხადა კომპანიის დირექტორმა მარტინ ბაერშმიდტმა. - დაგეგმვა და მშენებლობა მთლიანად შეესაბამება ფორმულა 1-ის სტანდარტებს".

"ირანში სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება ავტოსპორტით. ფორმულა 1-ს ბრწყინვალე მომავალი აქვს აზიურ ქვეყნებში", - დაამატა პროექტის აღმასრულებელმა დირექტორმა ალირეზა საბაჰმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული