თითქმის ჩემპიონი

AutoSharing Option
სებასტიან ფეტელმა ("რედ ბული") კვლავ უშანსოდ დატოვა მეტოქეები და კიდევ უფრო მიუახლოვდა ზედიზედ მეორე ტიტულს.

ჩემპიონატის მე-13 ეტაპი იტალიის მონცაში გაიმართა, რომელიც განთქმულია სტარტზე ავარიებით. გამონაკლისი არც წლევანდელი ბრძოლა გახდა. პირველ მოსახვევში მასიური ავარია ვიტანტონიო ლიუცის (HRT) დამსახურება იყო.

იტალიელი აქტიურად იბრძოდა სასტარტო სწორ მონაკვეთზე, საბოლოოდ ტრასიდან გადავარდა და ბოლიდზე კონტროლი დაკარგა, რომელიც ბალახზე გაცურდა, ისევ ტრასაზე დაბრუნდა და ვიტალი პეტროვს ("ლოტუს-რენო") შეეჯახა, ამ უკანასკნელმა ნიკო როსბერგი ("მერსედესი") დააზიანა და ამ სამეულისთვის რბოლა დასრულებული იყო.

წინ კი სტარტის მთავარი გმირები
გახდნენ ფერნანდო ალონსო ("ფერარი") და მიხაელ შუმახერი ("მერსედესი"). ესპანელმა ისარგებლა ფეტელისა და ლუის ჰემილტონის ("მაკლარენი") ბრძოლით, ორივეს შიდა რადიუსით გაუსწრო და რბოლას სათავეში ჩაუდგა. მიხაელმა კი მერვე სასტარტო პოზიცია მეოთხეზე გაცვალა, შემდეგ კი რესტარტის დროს (ავარიის გამო ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა) ჰემილტონსაც გაუსწრო!

რბოლის განახლების შემდეგ ფეტელი ძალიან სწრაფად, სახიფათო მანევრით (ორი საბურავით ბალახზე გადავიდა) ალონსოს გაუსწროდა.

"რედ ბულის" პირველი ნომრის რისკმა გაამართლა, მარკ უებერი ("რედ ბული") კი ძალიან მალე გამოეთიშა რბოლას. ავსტრალიელს სტარტი არ გამოუვიდა, შემდეგ კი ორი წრე ებრძოდა ფელიპე მასას ("ფერარი"), რასაც, ბოლოს, პირველ მოსახვევში შეჯახება მოჰყვა. ბრაზილიელი მოსრიალდა, მარკის ბოლიდს კი წინა ანტიფრთა დაუზიანდა და ავსტრალიელმა ბრძოლის გაგრძელება ვერ შეძლო.

მოკლედ, ფეტელმა ლიდერობა დაიბრუნა, ალონსო კი შესამჩნევად ჩამორჩა მას. კიდევ უფრო უკან ჰემილტონი აქტიურად ებრძოდა შუმახერს, მაგრამ მიხაელი სწორ მონაკვეთებზე უფრო მაღალი სიჩქარის გამო ინარჩუნებდა მესამე პოზიციას, თანაც არც ალონსოს ჩამორჩებოდა.

ჯენსონ ბატონმა ("მაკლარენი"), რომელმაც ასევე ცუდი სტარტი აიღო, უებერისა და მასას ავარიის შემდეგ მეხუთე პოზიციაზე გადაინაცვლა. შემდეგ მოდიოდნენ პასტორ მალდონადო ("უილიამსი"), სერხიო პერესი ("ზაუბერი"), პოლ დი რესტა ("ფორს ინდია") და ხაიმე ალგერსუარი ("ტორო როსო"). თუმცა მალე ყველა მათგანს უკან დახევა მოუწია, რადგან მასამ მეექვსე პოზიცია დაიბრუნა.

მე-13 წრეზე ჰემილტონმა სასტარტო სწორ მონაკვეთზე მაინც გაუსწრო შუმახერს, მაგრამ მიხაელმა მომენტალურად დაგვანახა, რამდენად სწრაფი იყო მისი "მერსედესი" და მეორე მოსახვევში აღადგინა სტატუს-ქვო. ამ ლამაზმა ბრძოლამ ბატონის წისქვილზე დაასხა წყალი - ჯენსონმა გააბათილა ჩამორჩენა მიხაელისა და ლუისი წყვილთან და ახლა რბოლა პოდიუმის მესამე საფეხურისთვის სამ პილოტს შორის მიმდინარეობდა.

"მაკლარენის" წყვილთან შუმახერის დუელმა კულმინაციას მე-16 წრეზე მიაღწია, როცა გერმანელმა ხისტი მანევრით მოიგერია ჰემილტონის შეტევა და ბრიტანელი ტრასის მიღმა გადააგდო. თანაგუნდელს ბატონმა გაუსწრო და მანვე "ასკარის" ნახევარწრეში გარე რადიუსით ჩამოიტოვა უკან შუმახერი.

წინ ფეტელი დამაჯერებლად ლიდერობდა, იმ დროს, როცა ალონსოს მოუწია თავისი მეორე ადგილისთვის ნერვიულობა: "ფერარის" პილოტს ბატონი დაეწია. თუ ჯენსონმა თავისი პიტსტოპის შემდეგ შეინარჩუნა მესამე ადგილი, ჰემილტონი, რომელმაც მაქსიმალურად გაწელა ბოქსებში შესვლის დრო, ტრასაზე დაბრუნების შემდეგ ისევ შუმახერის უკან აღმოჩნდა.

ბრძოლა გაგრძელდა და მიხაელი ისევ აკავებდა ლუისს მთელი ათი წრის განმავლობაში, სანამ "მაკლარენის" პილოტი მეოთხე პოზიციაზე არ გაუშვა. ყველაზე სასაცილო ის არის, რომ საფინალო პიტსტოპის შემდეგ შუმახერი ჰემილტონზე მხოლოდ წამით გვიან გამოვიდა ტრასაზე - სულ ცოტა და ლუისს ისევ მოუწევდა ყველაფრის თავიდან დაწყება.

ამასობაში, ბატონმა ვერ შეძლო ადრეული პიტ-სტოპის ხარჯზე ალონსოს გასწრება, მაგრამ ტრასაზე დაბრუნებულმა ჯენსონმა ორი წრის შემდეგ ჩამოიტოვა უკან ესპანელის "ფერარი": პირველი მოსახვევიდან უკეთ გამოსვლის ხარჯზე ბრიტანელმა გასწრება განახორციელა. ამით პირველი ექვსეული ჩამოყალიბებული იყო: შეუჩერებელი ფეტელი, მის შემდეგ ბატონი, ალონსო, ჰემილტონი, შუმახერი და მასა. თუმცა ბოლო წრეზე ლუისი მიუახლოვდა ფერნანდოს, მაგრამ შეტევისთვის დრო არ ეყო.

"ემოციური დღე იყო. მონცა ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის - სწორედ აქ მოვიპოვე კარიერაში პირველი გამარჯვება და დღეს ფინიშის ხაზის გადაკვეთის შემდეგ იმ რბოლის ბევრი დეტალი გამახსენდა. ეს დაუჯერებელია. ადრე "რედ ბუდი" არ იყო კონკურენტუნარიანი იტალიაში, მაგრამ დღეს გამარჯვებას მივაღწიეთ. მანქანა ფანტასტიკურად კარგი იყო.

სტარტს წარმატებულს ვერ დავარქმევდი, რადგან პირველი მოსახვევიდან გამოსვლისას ჩემს გვერდით სამი მოწინააღმდეგე იდგა, მაგრამ რესტარტის შემდეგ შევძელი ალონსოს გასწრება, მიუხედავად იმისა, რომ მან მანევრისთვის ადგილი არ დამიტოვა - არ ვიცი, იცოდა თუ არა, რომ მის გვერდით ვიყავი", - განაცხადა ფინიშის შემდეგ თითქმის ჩემპიონმა სებასტიან ფეტელმა.

ჟურნალისტებმა შეახსენეს გერმანელს, რომ მან შეიძლება ვადაზე ადრე მოიგოს ტიტული სინგაპურში, თუ 13 ქულით მეტს დააგროვებს, ვიდრე ალონსო და რვით მეტს, ვიდრე ბატონი და უებერი...

"არ ვიცოდი. სიმართლე გითხრათ, სეზონი ფანტასტიკური გამოვიდა, გუნდმა სერიოზულ პროგრესს მიაღწია და ჩვენ კიდევ უფრო ძლიერები გავხდით.

სინგაპურისთვის ისევე მოვემზადებით, როგორც ნებისმიერი რბოლისთვის. უკვე ვთქვი, რომ თითოეულ ეტაპს ცალ-ცალკე განვიხილავთ, ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ წინ. ვნახოთ იქ რა მოხდება".

იტალიის გრან-პრი. XIII ეტაპი

მონცა (53 წრე, 306.720 კმ)
1(1). სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) 1:20.46,172
2(3). ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) +9,590
3(4). ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია) +16,909
4(2). ლუის ჰემილტონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) +17,417
5(8). მიხაელ შუმახერი (მერსედესი, გერმანია) +22,677
6(6). ფელიპე მასა (ფერარი, ბრაზილია) +42,993
7(18). ხაიმე ალგერსუარი (ტორო როსო, ესპანეთი) 1 წრე
8(11). პოლ დი რესტა (ფორს ინდია, ბრიტანეთი) 1 წრე
9(10). ბრუნო სენა (ლოტუს-რენო, ბრაზილია) 1 წრე
10(16). სებასტიან ბუემი (ტორო როსო, შვეიცარია) 1 წრე
11(14). პასტორ მალდონადო (უილიამსი, ვენესუელა) 1 წრე
12(13). რუბენს ბარიკელო (უილიამსი, ბრაზილია) 1 წრე
13(19). ჰეიკი კოვალაინენი (ლოტუსი, ფინეთი) 2 წრე
14(20). იარნო ტრული (ლოტუსი, იტალია) 2 წრე
15(21). ტიმო გლოკი (ვირჯინი, გერმანია) 2 წრე
16(23). დანიელ რიკარდო (HRT F1, ავსტრა) 39 წრე
17(15). სერხიო პერესი (ზაუბერი, მექსიკა) 29 წრე
18(17). კამუი კობაიაში (ზაუბერი, იაპონია) 24 წრე
19(12). ადრიან სუტილი (ფორს ინდია, გერმანია) 43 წრე
20(5). მარკ უებერი (რედ ბული, ავსტრალია) 47 წრე
21(22). ჟერომ დ'ამბროზიო (ვირჯინი, ბელგია) 53 წრე
22(9). ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) 53 წრე
23(7). ვიტალი პეტროვი (ლოტუს-რენო, რუსეთი) 53 წრე
24(24). ვიტანტონიო ლიუცი (HRT F1, იტალია) 53 წრე

საერთო ჩათვლა

1. სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) - 284 (8 მოგება); 2. ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია) - 172 (1); 3. ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) - 167 (2); 4. მარკ უებერი (რედ ბული, ავსტრალია) - 167; 5. ლუის ჰემილტონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) - 158 (2); 6. ფელიპე მასა (ფერარი, ბრაზილია) - 82; 7. ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) - 56; 8. მიხაელ შუმახერი (მერსედესი, გერმანია) - 52; 9. ვიტალი პეტროვი (ლოტუს-რენო, რუსეთი) - 34; 9. ნიკ ჰაიდფელდი (ლოტუს-რენო, გერმანია) - 34; 11. კამუი კობაიაში (ზაუბერი, იაპონია) - 27; 12. ადრიან სუტილი (ფორს ინდია, გერმანია) - 24; 13. ხაიმე ალგერსუარი (ტორო როსო, ესპანეთი) - 16; 14. სებასტიან ბუემი (ტორო როსო, შვეიცარია) - 13; 15. პოლ დი რესტა (ფორს ინდია, ბრიტანეთი) - 12; 16. სერხიო პერესი (ზაუბერი, მექსიკა) - 8; 17. რუბენს ბარიკელო (უილიამსი, ბრაზილია) - 4; 18. ბრუნო სენა (ლოტუს-რენო, ბრაზილია) - 2; 19. პასტორ მალდონადო (უილიამსი, ვენესუელა) - 1.

კონსტრუქტორთა თასი

1. რედ ბული - 451 ქულა; 2. მაკლარენი - 325; 3. ფერარი - 254; 4. მერსედესი - 108; 5. ლოტუს-რენო - 70; 6. ფორს ინდია - 36; 7. ზაუბერი - 35; 8. ტორო როსო - 29; 9. უილიამსი - 5.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული