ერთი მოგებაც საკმარისია

AutoSharing Option
ჩემპიონატის დასრულებიდან ექვსი რბოლით ადრე ტიტულის მაძიებელთა რიცხვი კვლავინდებურად ხუთია: სებასტიან ფეტელი, ფერნანდო ალონსო, მარკ უებერი, ჯენსონ ბატონი და ლუის ჰემილტონი.

ფეტელისთვის საკმარისია მოიგოს ერთი რბოლა და ერთში მინიმუმ მეშვიდე ადგილი დაიკავოს და მაშინ გერმანელი ზედიზედ მეორედ გახდება მსოფლიოს ჩემპიონი. არის სხვა ვარიანტები. მაგალითად, საკმარისია ორი მეორე და ერთი მეცხრე ადგილი. ან უბრალოდ მეშვიდე ადგილი ყოველ რბოლაში, ერთის გარდა, რომელშიც მეექვსე პოზიცია იქნება საჭირო.

გარდა ამისა, ფეტელი შეიძლება სინგაპურში ვადაზე ადრე გახდეს ჩემპიონი, თუ:

- მოიგებს რბოლას და ამასთან, ალონსო
მეოთხე ადგილზე ზემოთ ვერ ავა, ბატონი და უებერი - მესამეზე ზემოთ.

- მეორე მივა ფინიშთან და ამასთან, ალონსო მერვე ადგილზე მაღალ შედეგს ვერ დაიკავებს, ბატონი და უებერი - მეხუთეზე ზემოთ, ხოლო ჰემილტონი არ გაიმარჯვებს.

- მესამე მივა ფინიშთან და ამასთან, ალონსო მეცხრე ადგილზე ზემოთ ვერ ავა, ბატონი და უებერი - მეშვიდეზე ზემოთ, ხოლო ჰემილტონი - მეოთხეზე ზემოთ.

ფერნანდო ალონსომ უნდა მოიგოს ყველა დარჩენილი რბოლა და ამასთან იმედი ჰქონდეს, რომ ფეტელი მეშვიდეზე მაღალ ადგილს ვერ დაიკავებს.

ჯენსონ ბატონსა და მარკ უებერს ერთნაირი შანსები აქვთ - თითოეულს სჭირდება ყოველ რბოლაში გამარჯვება და თან ფეტელმა მაქსიმუმ მეშვიდე ადგილი უნდა დაიკავოს, ორჯერ კი მაქსიმუმ - მერვე.

ლუის ჰემილტონს ყველაზე რთული ამოცანა აქვს. მანაც ყველა რბოლა უნდა მოიგოს და თან მისთვის აუცილებელია, რომ ფეტელი ხუთ რბოლაში მერვე ადგილზე მაღლა არ უნდა ავიდეს, ერთში - მეცხრეზე მაღლა.

იტალიის გრანპრი: საინტერესო სტატისტიკა
მონცაში გამართული რბოლის შემდეგ Forix-ის ენციკლოპედიურმა ბაზამ რამდენიმე საინტერესო სტატისტიკური მონაცემი მოგვაწოდა...

კვალიფიკაცია
- სებასტიან ფეტელმა 25-ედ აიღო სტარტი პოულიდან (75 სტარტიდან) - სტატისტიკის მიხედვით, ის ყოველ მესამე რბოლას იწყებდა პირველი პოზიციიდან. მონცაში პოული ამ სეზონში მეათეა გერმანელისთვის. ამდენივე ჰქონდა მას გასულ სეზონშიც. ერთ სეზონში პოულების მიხედვით რეკორდსმენია ნაიჯელ მენსელი, რომელმაც 1992 წელს 14-ჯერ მოიგო კვალიფიკაცია.

- ზედიზედ მეოთხედ ლუის ჰემილტონმა პირველი რიგიდან აიღო სტარტი.

რბოლა
- სებასტიან ფეტელის გამარჯვება მონცაზე პირველი იყო "რენოს" ძრავებისთვის 16-წლიანი შესვენების შემდეგ. ბოლოს "რენოს" ძრავით აღჭურვილი ბოლიდით იტალიაში 1995 წელს ჯონი ჰერბერტმა გაიმარჯვა.

- მონცაზე გამარჯვება პირველი იყო "რედ ბულის" ისტორიაში. მანამდე ავსტრიულ გუნდს იტალიაში არც პოული და არც პოდიუმი არ ჰქონია და უფრო მეტიც - ერთი წრეც არ ყოფილა ლიდერი.

- სებასტიან ფეტელმა კარიერაში მე-18 გრანპრი მოიგო და ამ მაჩვენებელით კიმი რაიკონენს გაუთანაბრდა - ეს პილოტები მე-13 ადგილს იყოფენ საერთო რეიტინგში. პოდიუმების რაოდენობით ფეტელი გაუთანაბრდა ჯეკ ბრებემს, რომელიც 28-ე ადგილზეა.

1. მიხაელ შუმახერი 91
2. ალენ პროსტი 51
3. აირტონ სენა 41
4. ნაიჯელ მენსელი 31
5. ფერნანდო ალონსო 27
5. ჯეკი სტიუარტი 27
7. ჯიმ კლარკი 25
7. ნიკი ლაუდა 25
9. ხუან-მანუელ ფანხიო 24
10. ნელსონ პიკე 23
11. დეიმონ ჰილი 22
12. მიკა ჰაკინენი 20
13. კიმი რაიკონენი 18
13. სებასტიან ფეტელი 18

- "რედ ბულის" 23-ე ტრიუმფმა ავსტრიელებს მერვე ადგილზე მყოფ "ტირელთან" გათანაბრების საშუალება მისცა. მონცაში ამ გუნდის პილოტები მეორმოცედ ავიდნენ პოდიუმზე.
1. ფერარი 216
2. მაკლარენი 173
3. უილიამსი 113
4. ლოტუსი 79
5. ბრებემი 35
5. რენო 35
7. ბენეტონი 27
8. ტირელი 23
8. რედ ბული 23
- ფერნანდო ალონსოს პოდიუმი 70-ე იყო ესპანელი პილოტის კარიერაში და 650-ე "ფერარის" ისტორიაში.
- ხუთი სხვადასხვა გუნდი იგებდა მონცას რბოლას ბოლო ხუთი წლის განმავლობაში - "მაკლარენი", ტორო როსო", "ბრაუნ გრანპრი", "ფერარი" და "რედ ბული".

- მონცაზე მარკ უებერის გავარდნით შეწყდა "რედ ბულის" ბრწყინვალე სერია - ეს გუნდი ერთადერთი იყო ამ სეზონში, რომლის ორივე პილოტი განვლილ რბოლებში უდანაკარგოდ მიდიოდა ფინიშთან.

- პირველად ბოლო 14 რბოლის განმავლობაში (ეს სერია შარშან ბრაზილიაში დაიწყო), "რედ ბულის" ერთ-ერთმა პილოტმა ქულის მოპოვება ვერ შეძლო.

- უებერი ბოლო ორი სეზონის განმავლობაში მხოლოდ მესამედ გამოეთიშა რბოლას. შარშან ასეთი რამ ვალენსიასა და კორეაში მოხდა. სამივეჯერ მიზეზი ავარია იყო.

- ჯენსონ ბატონმა ზედიზედ მესამედ დაასრულა მონცაზე რბოლა მეორე ადგილზე. მხოლოდ ორ პილოტს აქვს ასეთი რაოდენობის მეორე ადგილები გამარჯვების გარეშე - რიჩი გინტერსა და ჟან ალეზის.

- ხაიმე ალგერსუარიმ მონცაში მე-17 პოზიციიდან აიღო სტარტი და ამის მოუხედავად, კარიერაში საუკეთესო შედეგი აჩვენა - მეშვიდე ადგილი.

- პირველად 2006 წლის ბრაზილიის რბოლის შემდეგ, ნიკო როსბერგი პირველივე წრეში გამოეთიშა რბოლას.

- ზედიზედ 55-ე რბოლაში "რენოს" ძრავებით აღჭურვილმა მანქანებმა ქულების მოპოვება შეძლეს. ამით ფრანგებმა გაიმეორეს "ფერარის" სერია (1999-2003). თუმცა დღეს ეს მიღწევა ნაკლებად ღირებულია ქულათა ზონის გაზრდის გამო. აბსოლუტური რეკორდი ეკუთვნის "ფორდის" ძრავებს - ზედიზედ 228 შედეგიანი რბოლა იმ პერიოდში, როცა ქულებს მხოლოდ ექვსი საუკეთესო პილოტი იღებდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული