დომენიკალი: ეს ბოლო ჩაგდებული სეზონია

AutoSharing Option
იტალიის გრანპრის შემდეგ "ფერარის" შეფმა სტეფანო დომენიკალიმ ინტერვიუ მისცა "ლა რეპუბლიკას", რომელშიც განაცხადა, რომ წელს მისი გუნდი ბოლო წარუმატებელ სეზონს ატარებს.

"იმედი მაქვს, რომ ეს ჩვენი ბოლო წარუმატებელი სეზონია. ჟან ტოდტის ხელმძღვანელობით გუნდმა ბევრი გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ მასაც დასჭირდა იმის დრო, რომ მოგება ესწავლა. მეც იგივეს მიღწევა მინდა და მომავალს ოპტიმიზმით ვუყურებ. ჩვენ რესტუქტურიზაცია ჩავატარეთ და უკვე დღეიდან ჩავუყარეთ საფუძველი ახალ გამარჯვებებს. მართალია, "ფერარის" არ ჰყავს ედრიან ნიუი, მაგრამ ჩვენი ძალა არა კონკრეტულ სპეციალისტში, არამედ გუნდურ მუშაობაშია.

მწვერვალზე ისევ ასასვლელად
ფილოსოფიის შეცვლა, ფანტაზიის გამოყენება და რისკი გვჭირდება - მხოლოდ ასე შეიძლება ფორმულა 1-ის ფანტასტიკურად კონკურენტულ სამყაროში წარმატების მიღწევა. ამიტომაც მოვიწვით პეტ ფრაი. ნებისმიერი ინოვაცია - ეს რისკია, პირველ რიგში, საიმედოობის მხრივ და ამ ფაქტორს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ.

ძალიან მნიშვნელოვანია სეზონის კარგად დაწყება. გასულ წელს ალონსომ ტიტული არა ბოლო რბოლაში, არამედ სასტარტო ეტაპებზე წააგო, როცა ვერ მოვიპოვეთ ქულები, რომელიც ჩვენ გვეკუთვნოდა. წელს კიდევ უფრო ცუდად დავიწყეთ - მელბურნში მივხვდით, რომ ლიდერებთან წრეზე 1.4 წამს ვაგებდით. ეს ნამდვილი შოკი იყო, რადგან ერთი თვით ადრე, თებერვლის ტესტებზე ყველაფერი წესრიგში იყო, მარტში კი ძალიან ჩამორჩენილები აღმოვჩნდით.

ალონსო არ არის დამნაშავე იმაში, რომ ტიტულისთვის ბრძოლა წელს მოკლებულია შარშანდელის მსგავს ინტრიგას - ის ტრასაზე მაქსიმალურს აკეთებს, მაგრამ ჩვენ ვერ შევძელით მისთვის კონკურენტუნარიანი მანქანის მიცემა. გუნდმა შეცდომები დაუშვა და მომდევნო სეზონში ეს თავიდან უნდა ავიცილოთ.

უკვე აქტიურად ვმუშაობთ 2012 წლის მანქანაზე, რამდენიმე სიახლეს ვტესტავთ, რომელიც, მაგალითად, საბურავებთან უკეთ მუშაობის საშუალებას მოგვცემს. ნებისმიერ პირობებში საბურავების ეფექტური გამოყენება - უმნიშვნელოვანესი ფაქტორია და სეზონის დასრულებამდე წარმოქმნილ პრობლემებზე სრულ კონცენტრაციას მოვახდენთ.

დარჩენილ რბოლებში გუნდი აგრესიულ ტაქტიკას მიმართავს, მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკულად ყველაფერი გადაწყვეტილია. ალონსოს სჯერა ჩვენი პროგრესის და ამიტომაც გააფორმა კონტრაქტი 2016 წლამდე.

ფელიპე მასა? ის კვლავინდებურად სწრაფია. ბრაზილიელს 2012 წლის დეკემბრამდე აქვს კონტრაქტი და იმ მომენტამდე მისი ადგილი ხელშეუხებელია", - ამბობს დომენიკალი.

* * *
"ფერარის" შეფი კი ამბობს, რომ მასა მინიმუმ ერთი წელი ხელშეუხებელია, მაგრამ, როგორც ჩანს, აქედანვე ეძებს ბრაზილიელის პილოტის შემცვლელს. ამ მიზნით "სკუდერიამ" ბოლო დღეებში საკუთარ აკადემიაში დაპატიჟა "ზაუბერის" პილოტი სერხიო პერესი.

21 წლის პილოტმა "ფერარის" 2009 წლის ბოლიდით 46 წრე გაიარა და იტალიელთა შექებაც დაიმსახურა.

"სერხიო მეტად აგრესიული პილოტი ყოფილა და თან სწრაფად შეეგუა მისთვის სრულიად უცნობ მანქანას, - განაცხადა აკადემიის ხელმძღვანელმა ლუკა ბალდისერიმ. - თავისი ასაკისთვის ის საკმაოდ ჩამოყალიბებული პილოტია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
დომენიკალის წასვლის დროა მემგონი :)
Irakli
13:59 19-09-2011
0
უფრო სწორად მონტეძემოლოს ვიგულისხმე... ეგ კიდევ სკუდერიის თავკაცია?? :)
Irakli
17:25 19-09-2011
0

სიახლეები პოპულარული